Accessibility links

ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, ქაბულიდან თეირანში ჩავიდა.

გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, ქაბულიდან თეირანში ჩავიდა.
ირანის ხელმძღვანელებთან მისი მოლაპარაკების მთავარი თემა ავღანეთის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხებია. ირანში გაეროს გენერალური მდივანი ორ დღეს დაჰყოფს. დღის პირველ ნახევარში კოფი ანანი ქაბულში შეხვდა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჰამიდ კარზაის. შეხვედრაზე განიხილეს იმ კომისიის შემადგენლობა, რომელმაც უხუცესთა საბჭოს კრება – “ლოია ჯირგა” უნდა დააკომპლექტოს. ამ კრების ამოცანა იქნება, დანიშნოს მინისტრთა ახალი კაბინეტი, რომელმაც ქვეყანა უახლოესი ორი წლის მანძილზე უნდა მართოს.

ყველა ახალი ამბავი

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები ცნობილია

მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემიის „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინეს:

რომანი:

ზურაბ ქარუმიძე - „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში“, გამომცემლობა „ინტელექტი.“

პროზაული კრებული:

დათო გორგილაძე - „ღმერთი სამსახურშია“, გამომცემლობა „ინტელექტი.“

პოეტური კრებული:

ბექა ახალაია - „მტრედების იონა“, გამომცემლობა „ინტელექტი.“

დოკუმენტური პროზა:

ნინო ლომაძე - „ვაშლის ბაღები“, გამომცემლობა „ინდიგო“
სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა - „SHEROES”, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში"

დებიუტი:

ნიკა ლაშხია - „დონორი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
იაგო თვალაბეიშვილი - „ტრანსმუტაცია“, გამომცემლობა პალიტრა L.

წიგნის დიზაინი:

თორნიკე ლორთქიფანიძე - „100 წელი - 100 ფოტო“ , გამომცემლობა „ინდიგო.“

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცათ.

პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.

2019 წლის ჟიურის წევრები იყვნენ: ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი, გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია, გამოავლინა

მოწამლულია 5 ადამიანი: სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო გაზმა შეაღწია კაზინოსა და აფთიაქში

„თბილისი ენერჯი“-ს ცნობით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას სამშენებლო კომპანიამ, NCC-მ დააზიანა საშუალო წნევის გაზსადენი.

როგორც „თბილისი ენერჯი“ იტყობინება, შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზმა შეაღწია კაზინო „ბეთლაივ“-სა და აფთიაქ „ფარმადეპო“-ში. საპატრულო პოლიციამ კი ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა.

როგორც შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, 5 ადამიანი მოიწამლა და გადაყვანილია საავადმყოფოში.

სულ 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება.

„თბილისი ენერჯი“-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო წინამორბედ ნაზარბაევს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები დაუთმო თავის წინამორბედს, ნურსულთან ნაზარბაევს, - იუწყება 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო ბრძანება.

66 წლის ტოყაევი პრეზიდენტი გახდა მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი მარტში მოულოდნელად გადადგა. 79 წლის ნაზარბაევი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და მას ყაზახეთში კვლავაც მიიჩნევენ გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად.

გამოქვეყნებული ბრძანება განმარტავს, რომ ტოყაევმა კონსულტაციები უნდა გამართოს ნაზარბაევთან სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელების და მინისტრების დანიშვნამდე, გარდა საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის პორტფელთა მფლობელებისა. იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც ახლა ნაზარბაევის ნებართვა ესაჭიროება, არის გავლენიანი ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი - საბჭოთა პერიოდის უშიშროების მემკვიდრე. იგივე პროცედურის გავლაა საჭირო პროვინციების გუბერნატორებსა და სხვა მაღალჩინოსნებთან მიმართებით.

ტოყაევი თავის შემცვლელად პირადად ნაზარბაევმა შეარჩია და ის მარტში შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას. ყაზახეთის პრეზიდენტად ტოყაევის ინაუგურაცია ივნისში გაიმართა, არჩევნების შემდეგ. არჩევნებზე პოლიტიკური კონკურენცია სუსტი იყო, საერთაშორისო დამკვირვებლები კი "ფართომასშტაბიან საარჩევნო დარღვევებზე" წერდნენ.

ნიკა გვარამია: „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებაზე ყადაღა EBU-ს მოთხოვნით არის დადებული

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რადიო თავისუფლებას იმ ორგანიზაციის შესახებ აცნობა, რომლის მოთხოვნითაც სამაუწყებლო კომპანიის უძრავი ქონება 2019 წლის 3 ოქტომბერს სასამართლომ დააყადაღა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჩვენთან საუბარში კრედიტორის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„როგორი საერთაშორისო მოლაპარაკების უნარიც აქვთ, ისეთი ყადაღა ადევს ბატონ სალიას. ეს [კრედიტორი] არის EBU-ს (ევროპის მაუწყებელთა კავშირი), რაც ჯერ საქართველოში არცერთი ტელევიზიისთვის არ გაუკეთებია. ეს არის უპრეცედენტო ამბავი“, - გვითხრა ნიკა გვარამიამ.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, როდესაც „რუსთავი 2“-ში მუშაობა დაიწყო, მას 5 მილიონ დოლარზე მეტი EBU-ს ვალი დახვდა.

„მოგვიანებით პრაქტიკულად აღარ ვიყენებდით და მოლაპარაკებები გვქონდა ჟენევაში, გადავადებები და ა.შ. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა ერთად ამდენი თანხა“, - თქვა გვარამიამ. ის ამბობს, რომ სანამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით დადებული ყადაღის გარდა, სამაუწყებლო კომპანიას სხვა ყადაღა არ ჰქონდა, მათ შორის, არც მიმდინარე ვალებზე.

პაატა სალია კი ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი კრედიტორის მიერ სასამართლოში დაწყებული დავა, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში „ხელოვნურად დაგროვებული დავალიანებიდან გამომდინარეობს“.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ორი დაყადაღებული შენობა ქალაქ თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #5ა-ში მდებარეობს. სასამართლოს განჩინებით მათი გასხვისება აკრძალულია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ყადაღას, 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნით არის დაყადაღებული.

დვალი-აქიმიძის გარდა, „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნითაც არის დაყადაღებული

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება კრედიტორის მოთხოვნით დააყადაღეს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის ორი დაყადაღებული შენობა ქალაქ თბილისში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #5ა-ში მდებარეობს. სასამართლოს განჩინებით მათი გასხვისება აკრძალულია.

21 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი თანადამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნით არის დაყადაღებული.

როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, „უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყადაღა სხვა ყადაღაა“.

სალიას განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი კრედიტორის მიერ სასამართლოში დაწყებული დავა, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში „ხელოვნურად დაგროვებული დავალიანებიდან გამომდინარეობს“.

პაატა სალია კრედიტორს ჩვენთან საუბარში არ ასახელებს.

„არ გეტყვით, ვისთან გვაქვს დავა, რადგან შეიძლება, დავა მორიგებით დავასრულოთ. ამდენად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამაზე ვილაპარაკოთ“, - გვითხრა სალიამ.

რაც შეეხება დვალი-აქიმიძის მოთხოვნით 60%-იან წილზე დადებულ ყადაღას, სალია ამბობს, რომ დეტალურად მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც განჩინება ჩაბარდება.

„ამ საკითხზე კოჟორიძის განცხადება მოვისმინე, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. არ მგონია, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. ამონაწერის მიხედვით კი 60%-იანი წილი ჯერჯერობით დაყადაღებული არ არის. არც სამეწარმეო რეესტრში არის მითითება. ჩამბარდება განჩინება და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - ამბობს სალია.

„რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ 21 ოქტომბერს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანელებს არწმუნებს, რომ სირიიდან ჯარის გაყვანა ერთჯერადი ნაბიჯი იყო

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ავღანეთის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან ავღანეთის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში გამოჩენილი ძალისხმევა უცვლელია. ამით შეეცადა, გაექარწყლებინა მათი შიში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, როგორც ეს სირიაში გააკეთა.

ესპერმა 21 ოქტომბერს, ქაბულში, ნატოს მისიის შტაბბინაში სტუმრობისას თქვა, რომ აშშ-ს კვლავაც ემუქრება "მძიმე ტერორისტული საფრთხე", რომელიც ავღანეთში დაიწყო ალ-ყაიდით და გრძელდება თალიბანის, ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" და სხვა ჯგუფების სახით. "ყველა ამ ფაქტორმა ჩვენი ავღანელი მოკავშირეები და სხვები უნდა დაარწმუნოს, რომ მათ არასწორად არ უნდა აღიქვან ბოლო კვირაში თუ პერიოდში ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სირიასთან მიმართებით და ეს ავღანეთისგან უნდა განასხვაონ", - თქვა მან.

ესპერის ვიზიტი ქაბულში 20 ოქტომბერს დაემთხვა ავღანეთში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის და კონგრესის მაღალჩინოსნების მოულოდნელ ჩასვლას. ესპერმა და პელოსიმ შეხვედრა გამართეს ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან, სხვა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებთან.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი პირველად ესტუმრა ავღანეთს მას შემდეგ, რაც ივლისში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ბევრის აზრით, მისი ვიზიტი შესაძლოა ნიშნავდეს აშშ-ის მხრიდან ძალისხმევის განახლებას ავღანეთის ომის დასრულების მიზნით. ესპერმა მონაწილეობა მიიღო ღანისთან შეხვედრაში და მოინახულა ავღანეთში კვლავაც დისლოცირებული 14,000 სამხედროს ნაწილი. აშშ უკვე 18 წელია სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას ალ-ყაიდის დასასჯელად და თალიბანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დასამხობად.

ესპერის ვიზიტის ფონია ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში შეწყვიტა მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანთან.

პუტინი სამიტს უმასპინძლებს, აფრიკაზე გავლენის გაზრდის სურვილის ფონზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიმდინარე კვირაში შავი ზღვის კურორტ სოჭში მნიშვნელოვან სამიტს უმასპინძლებს, იმ ფონზე, როცა ის ესწრაფვის სხვა წამყვან ქვეყნებს გაუსწროს აფრიკაზე გავლენის მოპოვებაში.

რუსეთ-აფრიკის სამიტი 23-24 ოქტომბერს გაიმართება, აფრიკის ქვეყნების 47 ლიდერის მონაწილეობით. სამიტი ემთხვევა პერიოდს, როცა რუსეთის მეტოქე სახელმწიფოები, აშშ, ინდოეთი, თურქეთი და ჩინეთი ასევე ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რადგან იზრდება კონტინენტის მნიშვნელობა - როგორც ინოვაციათა ცენტრის, ასევე მოსახლეობის ზრდის და მომხმარებელთა მზარდი ბაზის თვალსაზრისით.

სახელმწიფო სააგენტო "ტასისთვის" სამიტამდე მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა გაამხილა თავისი სტუმრებისთვის სათქმელი გზავნილის ნაწილი. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აფრიკისთვის გაწეული დახმარება ან სესხები დაეფუძნება პრინციპს "აფრიკული გადაწყვეტა აფრიკის პრობლემებს", ნაცვლად იმისა, რომ უცხოეთიდან იქნეს თავსმოხვეული სამიზნეები თუ წინაპირობები. "ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ბევრი ქვეყანა მიმართავს აფრიკის სუვერენულ მთავრობებზე ზეწოლას, დაშინებას და შანტაჟს", - უთხრა პუტინმა "ტასს", მისი თქმით, აფრიკაში ყოფილ კოლონიურ ძალებზე მინიშნებით.

სოფელ დარჩელში 83 წლის კაცი შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 83 წლის კაცი პასუხისგებაში მისცეს. სოფელ დარჩელში მამაკაცი შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა ეფესბეს აგენტების ქსელი

ჩეხეთის უსაფრთხოების და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელი, მიხაილ კუდელკა აცხადებს, რომ მისმა უწყებამ 2018 წელს გამოააშკარავა ეფესბეს მიერ შექმნილი რუსეთის აგენტების ქსელი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობდა. აგენტებს კიბერთავდასხმები უნდა განეხორციელებინათ ჩეხეთსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებში არსებულ სამიზნეებზე.

კუდელკას თქმით, ქსელი ფინანსდებოდა პირდაპირ რუსეთიდან და რუსეთის საელჩოს მიერ.

ჟურნალ Respekt-ის მონაცემებით, ქსელი მოიცავდა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს და კიდევ რამდენიმე რუსს, რომლებსაც ჩეხეთის მოქალაქეობა ჰქონდათ მიღებული. მათ დავალებული ჰქონდათ პრაღაში მუშაობა ორი კერძო ფირმის საფარველქვეშ, რომლებიც თითქოს პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებდნენ და კომპიუტერებს ყიდდნენ. სინამდვილეში, წერს ჟურნალი, ფირმის თანამშრომლების მოვალეობა კიბერთავდასხმები იყო.

პრაღაში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ აგენტების ქსელის გამოააშკარავების შესახებ ცნობას "არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან".

ჩეხი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი, ავტორი წიგნისა "პუტინის აგენტები. როგორ იპარავენ რუსეთის ჯაშუშები ჩვენს საიდუმლოებს" 2018 წელს აცხადებდა: "ჩეხეთში, საელჩოში სულ 120-მდე ადამიანი მუშაობს და, ჩვენი სამსახურების ვარაუდით, მათი მინიმუმ მესამედი საიდუმლო აგენტია".

რუსეთი ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ხელისუფლების სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმებში.

ირანი უარს ამბობს სირიაში თურქეთის სამხედრო პუნქტების დაარსებაზე

ირანი უარს აცხადებს თურქეთის სამხედრო პუნქტების დაარსებაზე სირიის ტერიტორიაზე და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრები დაცულ უნდა იქნეს.

სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბას მოსავიმ თქვა, რომ სირიასა და თურქეთს შორის საკითხები დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით ანკარის მიერ სირიაში სამხედრო პუნქტების შექმნას. ... სირიის მთლიანობა დაცულ უნდა იქნეს", - თქვა მან.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გასულ კვირაში თანხმობა განაცხადა, დროებით შეეჩერებინა ბრძოლა, რათა ქურთთა ძალებს საშუალება მისცემოდათ დაეტოვებინათ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ის ადგილები, რომლებსაც თურქეთი უტევს, იქიდან ქურთთა ძალების განდევნის მიზნით. პაუზის ვადა 22 ოქტომბერს იწურება, სირიელი ქურთების გასამხედროებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან გავიდნენ სასაზღვრო არეალიდან, თუკი თურქეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები ქურთთა დარჩენილ დანაყოფებს და სამოქალაქო პირებს ქალაქის დატოვების უფლებას მისცემენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ანკარას სურს "არცერთი ქურთი ექსტრემისტი" არ დარჩეს თურქეთის მიერ დაგეგმილ "უსაფრთხო ზონებში". მან დასძინა, რომ თურქეთი მოლაპარაკებას გამართავს რუსეთთან - რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია - და განიხილავს ქურთი მეომრების განდევნას სირიის მანბიჯის და ქობანის რეგიონებიდან.

ერდოანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, 22 ოქტომბერს, სოჭში შეხვდება.

მძიმეა მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

მოზარდი, რომელსაც მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მოზარდი ბიჭი მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ სამგზავრო მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდარის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

ზელენსკიმ იაპონიაში განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი იაპონიაში, რომლის დროსაც ის მონაწილეობას მიიღებს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაში.

ტოკიოში, იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრისას, ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის გაწეული დახმარებისთვის, - იუწყება ზელენსკის ოფისი 21 ოქტომბერს. ამავე ცნობით, ლიდერებმა განიხილეს იაპონიის ინვესტიციები უკრაინის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. განცხადების თანახმად, 2014 წლის შემდეგ იაპონიის მიერ კიევისთვის გაწეული ფინანსური დახმარების მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

შეხვედრაზე ზელენსკიმ ასევე წამოჭრა უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ. 2017 წელს იაპონიამ უკვე შეამსუბუქა სავიზო რეჟიმი უკრაინელებისთვის.

თავისი ვიზიტის დროს, რომელიც 24 ოქტომბრამდე გასტანს, უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს იაპონიის ორი საკანონმდებლო პალატის ლიდერებთან, უკრაინასთან საპარლამენტო მეგობრობის ასოციაციის წევრებთან, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მენეჯმენტთან, იაპონიის ახალი ეკონომიკის ასოციაციის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებთან. ზელენსკი ასევე გეგმავს ორმხრივი შეხვედრების გამართვას სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც 22 ოქტომბერს იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრებიან.

მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მოზარდს მატარებელი დაეჯახა

მეტროსადგურ „გოცირიძესთან“, მოზარდს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დეტალები დგინდება.

ანა დოლიძე დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

იურისტმა ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა.

„დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ დავით გარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა, ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და, ამავე დროს დავით გარეჯს გადააქცევს მსოფლიო მიზიდულობს ობიექტად“, - აცხადებს ანა დოლიძე.

მისივე შეფასებით, ათწლეულებია დავით გარეჯის ტერიტორია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის დაძაბულობის კერად არის ქცეული, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოგვარების რეალური გზების შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

„დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პროგრამაზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს. შემუშავებულია 200-გვერდიანი სახელმღვანელო პრინციპები, რომელიც გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. ასევე მომზადებილია დოკუმენტი, სადაც საუბარია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სარგებელზე და გამოწვევებზე. პრობლემის მოგვარების დოკუმენტი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირები მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საკითხის განხილვაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ აპრილში რამდენიმე დღით ჩაიკეტა. მოგვიანებით გაიხსნა. ამ დროისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება კვლავ აკრძალული აქვთ ქართველ მომლოცველებსა და სასულიერო პირებს.

37 წლის კანდიდატი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ასაკი 40 წლიდან უნდა იწყებოდეს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კითხვაზე, „რა ასაკიდან მისცემდით პირს საშუალებას, რომ გამხდარიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე?“ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, 37 წლის ლევან მიქაბერიძე, პასუხობს:

„შესაძლებელია ვიფიქრო, რომ, მაგალითად, 40 წლის ასაკიდან“.

მეექვსე საათია უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მეთერთმეტე კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

ლევან მიქაბერიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 23 სექტემბრიდან დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 6 სექტემბერს წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. სულ წარდგენილია 20 კანდიდატი.

ნათია თურნავა: ანაკლიის პორტის პროექტს მაინც განვახორციელებთ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო იფიქრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის „სხვა სტრუქტურის“ შექმნაზე, თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წლის ბოლომდე ვერ შეასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს.

„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს - წლის ბოლომდე გადავავადეთ მასთან ხელშეკრულების მოშლა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი იქნება კონცენტრირებული ვალდებულებების შესრულებაზე“, - თქვა ნათია თურნავამ საწარმო „რუსთავის აზოტში“, სადაც 9 მეგავატი სიმძლავრის კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნას დაესწრო.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, როგორც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის სტრუქტურული თანამშრომლობის პროექტი. „ჩვენი პრიორიტეტია, რომ კერძო ინვესტორმა წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის განვითარებაში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის [ანაკლიის პორტი], რომ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ“, - განაცხადა თურნავამ.

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 4 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ივანიშვილ-გახარიას ყურმოჭრილი მონები არიან მოსამართლეებიც და პროკურორებიც. ძალა ერთობაში კი არა, ძალა მონობაშია, - ასე გამოეხმაურა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა.

რუსუდან თამლიანის განცხადებით, მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

„ჩემი შვილი წარმოადგენს საფრთხეს? გახარია და ივანიშვილი წარმოადგენს ქვეყნისთვის საფრთხეს! ჩემი შვილი გულანთებული ქართველია, ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯება!

ვითხოვ, ჩემ შვილს გამამართლებელი განაჩენიც გამოუტანონ და დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭონ, ვინაიდან ჩემი შვილი ბორკილდადებული უმოწყალოდ სცემეს“, - განაცხადა თამლიანმა.

20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია, კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. ამავე საქმეზე ბრალდებულია ლევან ჯიქური, რომელიც გასულ სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ეხება.

სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდა აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო.

ხაზარაძე კვლავ არ ასახელებს შუამავალს, რომელმაც გახარიასგან "მუქარის წერილი" მიუტანა

მამუკა ხაზარაძე ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურასთან. 2019 წლის 21 ოქტომბერი

„თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ჯერჯერობით კვლავ არ ასახელებს შუამავალს, რომელმაც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიასგან „მუქარის წერილი“ მიუტანა.

„ორი საკითხი იყო - სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი? დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ დღეს, 21 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურას ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი.

პროკურატურის შენობიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა, კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს არ გვითქვამს, ვის მიერ არის ეს დაწერილი. ამას იმედია, [გამოიძიებს] ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც დარჩა ამ პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს ჩვენ გავაკეთებთ ერთი წლის მერე აუცილებლად თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და არა ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები...“, - უთხრა ჟურნალისტებს ხაზარაძემ.

შეკითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ წერილის ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყოს, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით უდანაშაულობის პრეზუმფციას დაიცავს. „მივენდოთ ეგრეთ წოდებულ გამოძიებას, რომლის იმედი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ მივყვებით კანონის შესაბამისად ყველა ქმედებას“, - თქვა ხაზარაძემ.

პროკურატურის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);

- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);

- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

19 ოქტომბერს, ჟურნალისტების შეკითხვას, თუ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს, მივა თუ არა გამოკითხვაზე, გახარიამ უპასუხა, რომ თუ საჭირო გახდება, ამას გააკეთებს. „აღარ შეიძლება უკვე ამ წერილზე საუბარი, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით, მიიტანეთ რაც გაქვთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

21 ოქტომბერს, ხაზარაძის მიერ პროკურატურაში „მუქარის წერილის“ დედნის მიტანის შემდეგ, მედიის მიერ დასმულ შეკითხვას გახარიამ უპასუხა: „არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისეთი გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ“.

აზერბაიჯანში აქტივისტებმა გააპროტესტეს ქალთა მიმართ ძალადობა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ დააპატიმრა რამდენიმე დემონსტრანტი, რომლებიც უკვე მეორე დღის განმავლობაში მართავდნენ უნებართვო აქციას. ბაქოს ცენტრში შეიკრიბა 50-60 მოქალაქე, ძირითადად ქალები, მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაბლოკა მათ მიერ დაგეგმილი მსვლელობის ადგილისკენ მისასვლელი გზები. გავრცელებული ცნობებით, პოლიციელებმა დემონსტრანტებს პლაკატები წაართვეს და გაანადგურეს.

აქცია იმართებოდა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გაპროტესტების მიზნით. წინა დღეს პოლიციამ უხეში ფორმებით დააკავა ათობით დემონსტრანტი, რომლებიც გამოდიოდნენ მოწოდებებით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადების შემცირების თაობაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამ, თითქმის 10 მილიონი მოსახლის მქონე ქვეყნის მართვას შეუდგა მისი მამის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2003 წელს. ალიევის პირობებში კიდევ უფრო დაზიანდა სამოქალაქო საზოგადოება. დააპატიმრეს და დამნაშავედ ცნეს ათობით აქტივისტი, ჟურნალისტი, უფლებადამცველი. ხელისუფლების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მათთვის წაყენებული ბრალდებები შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია. დაიხურა დამოუკიდებელი მედიაპლატფორმებიც.

ავღანეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვივნენ პენტაგონის ხელმძღვანელი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი და კონგრესის მაღალჩინოსნები 20 ოქტომბერს მოულოდნელი ვიზიტით ეწვივნენ ავღანეთს, - იუწყება პელოსის ოფისი.

პელოსიმ შეხვედრა გამართა ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან, ისევე, როგორც ასევე ავღანეთში მყოფ აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, მარკ ესპერთან, სხვა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებთან, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ორპარტიული დელეგაციის ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი პირველად ესტუმრა ავღანეთს მას შემდეგ, რაც ივლისში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ბევრის აზრით, მისი ვიზიტი შესაძლოა ნიშნავდეს აშშ-ის მხრიდან ძალისხმევის განახლებას ავღანეთის ომის დასრულების მიზნით. ესპერმა მონაწილეობა მიიღო ღანისთან შეხვედრაში და მოინახულა ავღანეთში კვლავაც დისლოცირებული 14,000 სამხედროს ნაწილი. აშშ უკვე 18 წელია სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას ალ-ყაიდის დასასჯელად და თალიბანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დასამხობად.

ესპერის ვიზიტის ფონია ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში შეწყვიტა მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანთან.

პაკისტანისა და ინდოეთის ჯარებს შორის სროლას სულ მცირე 10 პირი ემსხვერპლა საზღვარზე

სულ მცირე, შვიდი სამოქალაქო პირი და სამი სამხედრო დაიღუპნენ საზღვრის გასწვრივ სროლაში პაკისტანისა და ინდოეთის ჯარებს შორის, 19-დან 20 ოქტომბრის ღამეს. როგორც იუწყებიან, ეს იყო ყველაზე სისხლიანი დღე იყო მას შემდეგ, რაც ინდოეთმა აგვისტოში საგანგებო სტატუსი მოუხსნა ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირს.

სხვადასხვა მხარე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც მოწმობს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს.

პაკისტანის არმიის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა ასიფ ღაფურმა 20 ოქტომბერს ტვიტერზე დაწერა, რომ დე ფაქტო კონტროლის ხაზთან "პროვოცირების გარეშე" ცეცხლი გაიხსნა ინდოეთის მხრიდან და განაცხადა, რომ სროლა გამიზნულად მიემართებოდა სამოქალაქო პირებს. "ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო დაიღუპა ამის შედეგად პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში", - უთხრა პაკისტანის არმიამ სააგენტო ფრანს-პრესს. ღაფურმა დასძინა, რომ დაიჭრნენ კიდევ ორი პაკისტანელი სამხედრო და ხუთი სამოქალაქო პირი. ღაფურის თქმით, პაკისტანის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რასაც ცხრა ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ "რამდენიმე" ჯარისკაცი. ამავე წყაროს ცნობით, "განადგურდა" ინდოეთის ორი ბუნკერი.

მაგრამ ინდოეთიდან სხვა ინფორმაცია ვრცელდება. ინდოეთის პოლიციის და არმიის მაღალჩინოსნებმა სააგენტოებს, როიტერსსა და ასოშიეიტედ პრესს უთხრეს, რომ პაკისტანელმა სამხედროებმა მიზანში ამოიღეს ინდოეთის სასაზღვრო პოსტი და სამოქალაქო პირებით დასახლებული ადგილი, რასაც ერთი სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი შეეწირა. ინდოეთის არმიის პრესმდივნის თქმით, ინდოეთის ორი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ და სამი დაიჭრა კუპვარას მთიან რეგიონში, "პაკისტანის მიერ პროვოცირების გარეშე გახსნილი ცეცხლის შედეგად".

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მოსამართლე შორენა გუნცაძემ 11 ნოემბრამდე გადადო.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული მელიას პროცესზე, მისი უფლებადამცველი და საქმის პროკურორი მხოლოდ შესავალი სიტყვით წარდგნენ. მათ მოსამართლეს მხარეთა პოზიციები გააცნეს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები უნდა განეხილათ, თუმცა, პროკურორის თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ დღეს მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა იქნებოდა.

სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა მელია, რომელიც წინა სხდომიდან გააძევეს. ის შემდეგი პროცესიდან დაესწრება განხილვებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ, მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მონიტორინგის მიზნით ელექტრონული სამაჯური უკეთია.

ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს: „არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ“

„კონიაკის ნებისმიერი მოყვარული გეტყვით, რომ 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე 3 წლის დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ, ბატონო ლევან, იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც, ფაქტობრივად, კანცელარიაში გაქვთ გატარებული ბევრი წელი, კლანის რომელიმე მოსამართლის თანაშემწედ“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს, რომელსაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

ლევან გოგიჩაიშვილის სიტყვებით, 2019 წელს, როდესაც ქვეყანაში სხვა თავისუფლება და სხვა პირობებია შექმნილი, ლევან მიქაბერიძე ვერ აღიარებს, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო სახელისუფლებო გავლენების ქვეშ მოქცეული:

„ახალგაზრდა კაცი ხარ, იმ რეჟიმში არ გიმსახურია, საბუთები მიგქონდა და მოგქონდა. ლექციებს უკითხავ სტუდენტებს, სტუდენტმა რომ გკითხოს, როგორ შეიძლება, რომ ქვეყანაში „კასტილიანი“ კაცი აუპატიურებდეს ადამიანს მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ და პარალელურად, სასამართლო იყო დამოუკიდებელი და ადამიანის უფლებები დაცულიაო? ხომ ვერანაირად ვერ აუხსნით ამას? როგორ შეიძლება, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, არსებობდეს 10 ათასობით საათი პირადი ცხოვრების ჩანაწერების? ეძინათ ამ მოსამართლეებს, როდესაც ასეთი ჩანაწერები კეთდებოდა, თუ საერთოდ არ არსებობდა სასამართლო კონტროლი მსგავს ჩანაწერებზე?“

ლევან გოგიჩაიშვილმა ლევან მიქაბერიძეს „თბილავიამშენის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა და თქვა, რომ 2017 წელს მან გავლენიანი ჯგუფების ინტერესების დამცველი გადაწყვეტილება მიიღო. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამ ჯგუფებს შორის, სავარაუდოდ, იკვეთებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ინტერესიც:

„არ მჯერა, როდესაც ერთ დღეს 21 ადამიანი გაიღვიძებს ენთუზიაზმით, დალაგდებიან და კვირა დღეს მივარდებიან ეკონომიკის სამინისტროში, ქონება უნდა გადმოგიფორმოთ, იმიტომ, რომ არაფერი არ გამოგვივიდაო. ასეთი რამ არ ხდება. მაგრამ გამიგია ბევრი ადამიანი ყურით მიყვანილი და დაშინებული. თქვენი არჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ უნდა იყოს მიზანშეწონილი“.

შეგახსენებთ, 2017 წლის 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სს „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერების სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს იმ გარიგებების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა საფუძველზეც შპს „თბილავიამშენის“ პარტნიორებმა 100% წილი, ხოლო სს „თამ თბილავიამშენის“ 22-მა აქციონერმა კუთვნილი აქციები სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.

ლევან მიქაბერიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 23 სექტემბრიდან დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 6 სექტემბერს წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. სულ წარდგენილია 20 კანდიდატი.

მამუკა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ დედანი პროკურატურაში მიიტანა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძემ პროკურატურაში მიიტანა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.

„წერილი ჩაბარებულია. ახლა ჩვენ წავალთ აქედან სახალხო დამცველთან და ჩავაბარებთ ყველაფრის ასლს და იმას, რომ ყველაფერი ჩავაბარეთ პროკურატურას. დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა. ჩვენ უნდა დავიცვათ ის სამართლებრივი გზები, რომელიც არსებობს. თუ ამოვწურეთ სამართლებრივი გზები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და შედეგი ვერ დადგა, არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებებიც. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ და შეგპირდით, ჩვენ სამართლებრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმეს. ჯერჯერობით ვაცლით პროკურატურას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტები, რომელიც შეაფასებენ სიტუაციას და იმ სამართლებრივ აქტებს სად და როგორ გავასაჩივრებთ, ეს მომავლის საქმეა“, - განაცხადა პროკურატურაში წერილის დედნის ჩაბარების შემდეგ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ „17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა“. ხაზარაძე და მისი უფლებადამცველი მოითხოვენ, პროკურატურამ აღნიშნული ანაბეჭდები საქართველოს ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს შეადაროს და ყველა მათგანი გამოკითხოს იმის დასადგენად, რა შემხებლობა ჰქონდათ ამ წერილთან.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

ამ საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 5 მარტს, მამუკა ხაზარაძე პროკურორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს, 6 მარტს კი, გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძისგან მიღებული წერილის ასლი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან „წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც ე.წ. წერილი გადასცა“.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ასლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს ყველანაირი წინაპირობის გარეშე უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);

- უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);

- „არტარეას“ უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს. მას კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. კომისიაში 4 წევრია, მათ შორისაა თავად დავით ნარმანია.

დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის რეკომენდაციით პრეზიდენტმა წარუდგინა.

თუმცა, პარლამენტმა 1 ოქტომბერს გადადო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა.

კენჭისყრა მას შემდეგ გადაიდო, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის კონსტიტუციური უფლება არ აქვს და მხოლოდ წევრების წარდგენა შეუძლია.

მაშინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხდა, რომ „შეცდომა გაიპარა“ და მის გამოსასწორებლად ვადა იყო საჭირო.

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის 22 დეკემბერს აირჩია. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე იგი თბილისის მერის პოსტს იკავებდა.

სემეკის ახალი თავმჯდომარის არჩევა განაპირობა იმან, რომ 16 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ხელახლა კენჭისყრაზე კი უარი განაცხადა.

ჩამოტვირთე მეტი

ეკა აკობია სირიის საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:32 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
ეკა აკობია სირიის საკითხზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG