Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მსოფლიო პრესის ყურადღება ამ დღეებში ჰააგისკენაა მიპყრობილი, სადაც გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს ასამართლებს, როგორც სამხედრო დამნაშავეს.

გაზეთ ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის” მიმომხილველის, ფლორა ლუისის აზრით, ეს პროცესი – საერთაშორისო სამართლის ინტერესებს ემსახურება. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

”კარგა ხანია აბსტრაქტულად მსჯელობენ იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო კანონი, ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვას, სახელმწიფოს სუვერენიტეტზე მაღლა აყენებს, თუმცა ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესი ამ მხრივ ახალი, რევოლუციური ეტაპის მომასწავებელია. მილოშევიჩის გასამართლება
დაგვანახებს, როგორ ეპყრობიან ცალკეული მთავრობები საკუთარ ხალხს, და თანდათანობით ხდება იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ესაა დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანის უპირველესი საზრუნავი. ნიურნბერგისგან განსხვავებით, ჰააგაში სამხედრო დამნაშავეს ომში გამარჯვებულები კი არ ასამართლებენ, არამედ სხვა სახელმწიფოთა ნეიტრალური წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ არა ეროვნული, არამედ სამართლის ინტერესებიდან გამომდინარე და განუხრელად იცავენ მიუკერძოებელი მიდგომის პრინციპებსა და ბრალდებულის უფლებებს.”

უკეთებს რა კომენტარს სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესს, გაზეთი ”უოლ სტრიტ ჯორნალი” წერს, რომ გაეროს ტრიბუნალის მოსამართლეებმა, წაყენებული ბრალდების დამტკიცებასთან ერთად ისიც უნდა დაანახონ მთელს მსოფლიოს, რომ ჰააგის ტრიბუნალი – მიუკერძოებელი და კანონიერი ორგანოა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”მილოშევიჩის გასამართლება სხვა მხრივაცაა მნიშვნელოვანი. სამართალმა შესაძლოა ხალხი გამოაფხიზლოს და პროგრესისაკენ უბიძგოს ქვეყნებს, როგორც ეს გერმანიის ომისშემდგომმა ისტორიამ დაგვანახა. ეს, თანაბრად ეხება ყველას, ვინც ბალკანეთში ცხოვრობს, დაზარალებულებსა თუ სამხედრო დამნაშავეებს. ბოსნიელმა მაჰმადიანებმა და კოსოვოელმა ალბანელებმა უნდა დაინახონ, როგორ დაისჯება ადამიანი, ვინც მათ ამდენი ტანჯვა და ტკივილი მიაყენა.”

სერბიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის წარსდგა ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, და ბევრი, ათი წელი ელოდებოდა ამას-წერს გაზეთი ”ვაშინგტონ ტაიმსი” და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”სულაც არაა გასაკვირი ხალხის ამგვარი რეაქცია. საკმარისია გავიხსენოთ, რამდენი ბოროტება ჩაიდინა ამ საზარელმა, პატარა ადამიანმა. თავად სერბიას, მილოშევიჩის მმართველობამ ტერიტორიული და ეკონომიკური კატასტროფა მოუტანა. ნატოს საჰაერო რეიდებმა, რაც მილოშევიჩის მიერ იყო პროვოცირებული, 30 მილიარდი დოლარით დააზარალა სერბია. 90-იანი წლების ომებმა, ბალკანეთში - 200 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი მილიონი - ლტოლვილად აქცია. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს, და საერთოდ, ნებისმიერი განაჩენი, რაც მილოშევიჩს შეიძლება გამოუტანონ მისი ნამოქმედარის გამო, არ იქნება საკმარისი. მას ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებით ასამართლებენ; სამყაროსი, რომელიც ბატონ მილოშევიჩს არასოდეს უცვნია. სამხედრო დამნაშავეთა გასასამართლებლად შექმნილი ტრიბუნალები უნებლიედ ბადებს შეკითხვას, რა არის ეს – მართლმსაჯულება თუ შურისძიება. აქ, ურიგო არ იქნება გავიხსენოთ ნიურნბერგის პროცესის დროს ჯორჯ ორველის მიერ დაწერილი ნარკვევი. ორველი წერდა: ”1940 წელს თითქოს ყველას ახარებდა ესესელი ოფიცრების დამცირება და დამარცხება. ხოლო დღეს, როცა ეს შესაძლებელი გახდა, ნიურნბერგში მიმდინარე პროცესი უფრო პათეტიური და არასასიამოვნოა. შურისძიების იდეა, მე მგონი
ბავშვური ოცნებაა უბრალოდ, და სხვა არაფერი. შურისძიება ხომ სუსტ ადამიანს სწყურია, სწორედაც თავისი უსუსურობის გამო. ხოლო როცა არა გაქვთ უსუსურობის შეგრძნება, შურისძიების წყურვილიც ქრება”-წერდა ჯორჯ ორველი”.

როგორც გაზეთი ”ჩიკაგო ტრიბიუნი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, სლობოდან მილოშევიჩის გასამართლება შეახსენებს ამჟამინდელ და მომავალ დესპოტებს, რომ ეროვნული საზღვრები ვეღარ დაიცავს სამხედრო დამნაშავეებს მართლმსაჯულებისაგან.

გაზეთ ”ფრანკფურტერ ალგემაინეს” მიმომხილველი მატიას რუბი ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ლიდერებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მათ წლების მანძილზე საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ მილოშევიჩთან, მაშინ როცა იუგოსლავიის პრეზიდენტის მაქინაციები ხორვატიასა და ბოსნიაში, ყველასათვის კარგად იყო ცნობილი.
გერმანელი ჟურნალისტი დასძენს:

”მსოფლიოს ლიდერები თანასწორუფლებიან პარტნიორად მიიჩნევდნენ მილოშევიჩს 1995 წლამდე, როცა დეიტონში სამშვიდობო შეთანხმება იქნა ხელმოწერილი, და ეს მაშინ, როცა ექვსი თვე არც კი იყო გასული სრებრენიცაში მომხდარი ტრაგედიიდან, სადაც სერბებმა 7000 მაჰმადიანი მამაკაცი დახვრიტეს. მილოშევიჩის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რაოდენ ამუხრუჭებს საერთაშორისო დიპლომატიას ეგრედ წოდებული ”რეალპოლიტიკა”. იმავდროულად, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი შეახსენებს მთელს მსოფლიოს, რომ ამიერიდან, ვერცერთი დიქტატორი ვეღარ გაექცევა ადვილად მართლმსაჯულებას”.

გაზეთ ”ინდეპენდენტს” მოჰყავს რამდენიმე მიმომხილველის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ჰააგაში მიმდინარეობს სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი 1945 წლის შემდეგ, როცა ნიურნბერგში – ნაცისტები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”მაგრამ 1945 წლიდან დღემდე არაერთგზის იქნა ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, და იყო ეს პოლ პოტი, იდი ამინი თუ აუგუსტო პინოჩეტი, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ გამონახა მექანიზმი ამ და კიდევ სხვა დესპოტი ლიდერების დასასჯელად. ამდენად, ბატონ მილოშევიჩის გასამართლება შემობრუნების წერტილია საერთაშორისო სამართლის ისტორიაში. გარდა ამისა, ამ სასამართლომ შუქი უნდა მოჰფინოს იმ ფაქტს, რომ დასავლეთმა ვერ შეაჩერა მილოშევიჩის ტანკების იერიში ხორვატიაში, და რა ხდებოდა ბალკანეთში იქ განთავსებული გაეროს სამშვიდობო ძალების თვალწინ. ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლეები წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომლებიც იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობდნენ.”

გაზეთი ”ველტი” სერბიის მკვიდრთა რეაქციას აღწერს სლობოდან მილოშევიჩის გასამართლებასთან დაკავშირებით. გაზეთი წერს:

”სერბები სდუმან. ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესს ყველა ადგილობრივი გაზეთი აშუქებს რაღა თქმა უნდა, ხოლო ხუთი ტელეარხი პირდაპირ გადასცემს ეთერში სასამართლოს მსვლელობას. მაგრამ ხალხი კაფეებში ანდა მაღაზიის ვიტრინებში უყურებს ტელეეკრანს, უხმოდ, ყოველგვარი კომენტარის გარეშე. ერთნი მიიჩნევენ, რომ მილოშევიჩი ჯოჯოხეთის ღირსია, სხვები კი ამ სასამართლოს ფარსად, ან კიდევ სერბი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებადაც კი მოიხსენიებენ. მაგრამ არც ქუჩაში და არც საზოგადო ტრანსპორტში მილოშევიჩის შესახებ არ ლაპარაკობენ, ცხოვრება გრძელდება, და ხალხისთვის სულ ერთია, რა ბედი ეწევა მათს ყოფილ პრეზიდენტს”.

გაზეთი ”მონდი” მიესალმება იმ ფაქტს, რომ იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგა და გამოთქვამს იმედს, რომ ეს სასამართლო პროცესი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალი ”მსოფლიო წესრიგის” დამყარებაში, რაც კანონის უზენაესობაზე იქნება დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG