Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" პანკისის ხეობის თაობაზე


გერმანიაში გამომავალმა გაზეთმა "ფრანკფურტერ ალგემანიემ" წერილი მიუძღვნა საქართველოს, კერძოდ, პანკისის ხეობას.

"ალ ყაიდის" მებრძოლები საქართველოში გაიქცენენ", ასე ჰქვა წერილს. მისი ავტორი თავიდანვე აცხადებს, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები ერთ აზრზე არიან, რომ ავღანეთიდან ალ ყაიდელები საქართველოში გაიქცნენ. ვაშინგტონი, რომელიც, განაგრძობს გაზეთი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მისი დამოუკიდებლობის პერიოდში მხარში ედგა, ახლა ფიქრობს, საქართველოში სამხედრო ძალა შეიყვანოს. მოსკოვი კი, ამის გამო გულგამაგრებულია, რადგან უკვე დიდი ხანია თბილისისგან მოითხოვს ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ მოქმედებას.

ამერიკელების მონაცემებით, წერს გაზეთი, რამდენიმე ათეული ალ ყაიდელი გაექცა ავღანეთს და პანკისის ხეობაში მიიმალა. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რემლერი აცხადებს, რომ პანკისში მყოფნი კავშირში არიან ჩეჩნების თანამებრძოლთან, არაბეთიდან წამოსულ ტერორისტთან ხატაბთან, რომელიც თავის მხრივ ოსამა ბინ ლადენთან უნდა იყოს დაკავშირებული. "ფრანკფურტერ ალგემანემ" ახსენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამსაც იმის თაობაზე, რომ პანკისში ოსამა ბინ ლადენის ყოფნაც არ არის გამორიცხული.
გერმანელი ავტორი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისი ქვეყანა ამერიკელებთან ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მოწყობისთვის მზად არის, გამოსავლის მოსაძებნად წინ გავარდნად აფასებს და იქვე შევარდნაძის ნათქვამი მოჰყავს, რომ საქართველოს ჯარის რუსებთან ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაუშვებელია, რადგან საქართველოს შესწევს უნარი თვითონ იზრუნოს წესრიგისთვის. სტატიის ავტორი თვლის, რომ ამ ნათქვამს საფუძველი არ აქვს თუნდაც იმის გამო, რომ პანკისის ხეობა გასულ წლებში უკანონობის ბუდედ იქცა და ჩამოთვლის პანკისი ხეობაში და საერთოდ რეგიონში მომხდარ ამბებს, მათ შორის კვირას პოლიციელების გატაცების გაუგონარ ფაქტს.

"ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის" აზრით, სიღარიბით, კორუმპირებულობით და ეთნიკური კონფლიქტებით დაღდასმულ საქათველოს სახელმწიფოს ძალზე კარგად ერგება ჯორჯ ბუშის ნათქვამი, რომ იქ ყველგან, სადაც ტერორიზმს ან ვერ, ან არ ებრძვიან, მე შევებრძოლებიო. გაზეთი წერს, რომ რუსეთის გაუთავებელ ბრალდებას, პანკისში ჩეჩენი მეომრები არიანო, საქართველოს მთავრობა, ანტიქართულ პროპაგანდად ასაღებდა, მაგრამ ახლახან უშიშროების მინისტრმა აღიარა, რომ ჩეჩენი მეომრები იქ არიან და მეტიც, მისივე თქმით, თურმე პანკისის ხეობაში დააკავეს საუდის არაბეთის და იორდანიის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში ტერაქტების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილი.
თავისი წერილის ბოლოს ავტორი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ამ სფეროში ვაშინგტონის სოლიდარობა მხოლოდ სასიამოვნო არ არის. შევარდნაძეზე გაიზარდა ზეწოლა - დაამყაროს წესრიგი რეგიონში, მაგრამ ამით ვაშინგტონი რუსებს ხელიდან ართმევს საშუალებას საქართველოში შეიჭრნენ. ამის ნაცვლად, ისინი შეიძლება მოწმე გახდნენ საქართველოში - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩოებში - ამერიკის ჯარის შეყვანისა. საქართველოში, რომელიც, გერმანული გაზეთის თანახმად, არის რა ნატოს წევრი ქვეყნის უშუალო მოსაზღვრე, თვითონაც ილტვის ალიანსისკენ. ამერიკული ჯარი საქართველში,- ეს კრემლს ბევრად უფრო მწარედ მოხვდება გულში, ვიდრე შუა აზიაში ვაშინგტონის სამხედრო აქტიურობა, ასრულებს თავის სტატიას "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი".
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG