Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა საჯაიას დაღუპვასთან დაკავშირებით


დღეს გაგაცნობთ ჩვენი რადიოს თანამშრომლის, ჟან კრისტოფ პეკის სტატიას, რომელიც საინტერნეტო გაზეთმა ”იურეიჟა ვიუმ” გამოაქვეყნა.

სტატია ეხება საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივნის, ნუგზარ საჯაიას სიკვდილს.

60 წლის ნუგზარ საჯაია შევარდნაძის მოკავშირედ ითვლებოდა. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი – ეს პოსტი მას ამ ორგანოს შექმნიდან მოყოლებული ეკავა – იგი აკონტროლებდა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს – წერს პეკი.

მართალია, ჯერ არ არის ნათელი, რატომ მოიკლა საჯაიამ თავი, ოფიციალურ პირთა აზრით, იგი ცილისწამების კამპანიას ემსხვერპლა.

გასულ კვირაში, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას პარლამენტარმა ბორის კაკუბავამ საჯაიას და საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბრალი დასდო ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზებაში.

გასულ კვირაში, - განაგრძობს პეკი – კაკუბავამ ასევე ბრალი დასდო საჯაიას და იოსელიანს შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის მოკვლის მცდელობაში. აქვე ავტორი შეგვახსენებს, რომ აბაშიძე, რომელთანაც, როგორც იუწყებიან, დაახლოებულია კაკუბავა, შევარდნაძემ თავის წარმომადგენლად დანიშნა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

ამ მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ შევარდნაძემ უარყო საჯაიას წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები.

ორშაბათს კი, როცა ჯერ არ იყო ნათელი, გადარჩებოდა თუ არა თავში დაჭრილი საჯაია, შევარდნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი მორალური ტერორის მსხვერპლი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამაც დაგმო მომხდარი, როგორც ფსიქიკური ზეწოლის შედეგი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, საჯაიამ თავი მოიკლა მას მერე, რაც ნახა მის შესახებ გაზეთებში გამოქვეყნებული ცილისმწამებლური პუბლიკაციები.

საჯაიას სიკვდილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად ბორის კაკუბავამაც, რომელსაც სდებენ ბრალს ცილისმწამებლური კამპანიის მოწყობაში. მისი აზრით, არ არის აუცილებელი, რომ საჯაიას სიკვდილი თვითმკვლელობა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამ არის ცნობილი შიდაპოლიტიკურ პროცესებში ნუგზარ საჯაიას როლზე – ვკითხულობთ ჟან კრისტოფ პეკის სტატიაში – ხალხში მას შევარდნაძის ”ნაცრისფერ კარდინალს” უწოდებდნენ.

გასული წლის ნოემბერში მთავრობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად საჯაიასთან დაახლოებული ადამიანები – კობა ნარჩემაშვილი და ვალერი ხაბურძანია – დაინიშნენ შესაბამისად შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებად. ამ დანიშვნებს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ ძირითადად მიჩნეულ იქნა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების დასუსტებული იმიჯის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ნაბიჯად.

ერთი თვის წინ ნარჩემაშვილმა და ხაბურძანიამ იერიში წამოიწყეს პანკისის ხეობაში. რა გავლენა ექნება საჯაიას სიკვდილს პანკისის ოპერაციაზე, ჯერჯერობით არ არის ნათელი. მაგრამ მისი თვითმკვლელობის შესახებ ცნობამ უკვე შეარყია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაო, დაასკვნის სტატიის ავტორი.
XS
SM
MD
LG