Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ (მესამე ნაწილი)


ანგარიშის მეორე ნაწილის შემდგომი ქვეთავი საქართველოში მშვიდობიანი თავყრილობების გამართვის და გაერთიანებების შექმნის უფლებებს ეძღვნება.

კონსტიტუცია ამ უფლებების გარანტიასაც იძლევა, მაგრამ მას სრულად არ იცავს მთავრობა; მეტიც, არსებობს კანონი თავყრილობების შესახებ, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

პოლიტიკური ჯგუფები, რომლებშიც ზვიად გამსახურდიას მომხრეები შედიან, მთავრობას არ ეპუებიან და ხშირად მართავენ შეკრებებს, რაც მათი დაშლით სრულდება ხოლმე. ანგარიშის ავტორები ახსენებენ 2001 წლის მაისის საპროტესტო აქციას, როცა შეკრებილები არსებული მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ და პოლიციის მიერ სასტიკად იქნენ დარბეული.

არაერთი სხვა შეხვედრა, კერძო ჯგუფებისა თუ რელიგიურ უმცირესობათა მიერ მოწყობილი, ასევე გახდა პოლიციისა თუ სხვათა შეტევის ობიექტი. კლასიკურ მაგალითად იქცა საქართველოში არატრადიციულ რელიგიურ ჯგუფებზე მოძალადე მოწინააღმდეგეების თავდასხმა, რასაც პოლიცია ეგუება და არ აღკვეთს ხოლმე.

საქართველოში ხელისუფლება ცდილობს, პრაქტიკაში გატარდეს რელიგიის თავისუფლება, მაგრამ ადგილობრივი მმართველობა არამართლმადიდებლურ გაერთიანებებს ზღუდავს და ებრძვის. შემდგომ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლობას კონსტიტუცია ანიჭებს განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და რომ მხოლოდ ამ რელიგიურ გაერთიანებას აქვს განსაკუთრებული სტატუსი, განთავისუფლებულ იქნეს ბეგარისაგან.

საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს რეგისტრაციის უფლებას მისცემდა, ამიტომ მისიონერებს თავიანთი გაერთიანებების საქველმოქმედო და სხვა ამ ტიპის გაერთიანებებად გაფორმება უწევთ. აქვე აღნიშნულია პარლამენტარ გურამ შარაძის და “იეღოვას მოწმეთა” სასამართლო დავა. სასამართლოს ეს ჯგუფი, მართალია არ აუკრძალავს, მაგრამ მას ჩამოართვა სამართლებრივი სტატუსი, რაც სამართალდამცავებმა თავისებურად გაიგეს და ამიტომ “იეღოვას მოწმეთა” წინააღმდეგ მიმართული ქმედება გამართლებულად აღიქმება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხსენიებულია სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფთა ხელისუფლებასთან დავა მათთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გამო.

მოკლედ შევეხებით ქვეყნის შიგნით გადაადგილების, უცხოეთში მოგზაურობის, ემიგრაციის და რეპატრიაციის უფლების დაცვას საქართველოში. საქართველოს მოქალაქეების ეს უფლება პრინციპში დაცულია, წერენ ანგარიშის ავტორები. რაც შეეხება საქართველოდან ადრე გასახლებული ადამიანების უკან დაბრუნებას (მესხეთიდან ომის დროს გასახლებულებზეა ლაპარაკი), ამას საშველი არ დაადგა. მესხების რეპატრიაციას მთავრობაცა და საზოგადოებაც ეწინააღმდეგება, წერია ანგარიშში. მესხეთ-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი უმცირესობაც კატეგორიული წინააღმდეგია მათი საქართველოში დაბრუნებისა, ინფორმირებული არიან ანგარიშის ავტორები.

ცალკე ნაწილი ეთმობა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოქალაქეთა უფლებას, შეცვალონ მთავრობა. საყოველთაოდაა ცნობილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს დარღვევების შესახებ. ანგარიშში ლაპარაკია ადგილობრივი ორგანოების იმ არჩევნების შესახებაც, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო და გადაიდო.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობასა და სახელისუფლო ორგანოებში ქალთა პროცენტული წილი ერთობ მცირეა, ისევე, როგორც ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების რაოდენობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ზოგადი მიმოხილვა და საქართველოსადმი მიძღვნილი თავის პირველი ორი ნაწილი, აგრეთვე დოკუმენტის სრული ინგლისური ტექსტი იხ. შემდეგ მისამართებზე:

http://www.tavisupleba.org/special/humanrights/2002/03/20020305091006.asp


http://www.tavisupleba.org/special/humanrights/2002/03/20020306113929.asp


http://www.tavisupleba.org/programs/invisible/2002/03/20020307122937.asp


http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2001/eur/8256.htm
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG