Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”იურეიშა ვიუ” აფხაზეთის გარშემო დაძაბულობის გამწვავებაზე


ოთხშაბათს გავრცელებულ ცნობას ქართველი პარტიზანების მიერ გალის რაიონში მძევლად აყვანილი ოთხი რუსი მშვიდობისდამცველის გათავისუფლების შესახებ გამოეხმაურა საინტერნეტო გამოცემა ”იურეიჟა ვიუ”.

ახლა გაგაცნობთ, რას წერს ამ ინციდენტისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ჯეფრი სილვერმენი - ამჟამად თბილისში მოღვაწე ჟურნალისტი, რომელმაც თავისი სტატიისთვის ასეთი სათაური შეარჩია: ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო კონტინგენტის წევრთა გატაცება ყურადღების ცენტრში აქცევს დაძაბულობას აფხაზეთის გარშემო”.

აფხაზეთის ირგვლივ დაძაბულობის გაანალიზებისას ჯეფრი სილვერმენი ეხება ურთიერთობებს ოთხ მხარეს: თბილისს, აფხაზ სეპარატისტებს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. თხრობას ის რუსი ჯარისკაცების გატაცებასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებული გარემოებების აღწერით იწყებს, რაზეც - რახან ეს გარემოებები ქართველი მსმენელისთვის ცნობილია - არ შევჩერდებით. სამაგიეროდ, ალბათ, ღირს, სილვერმენთან ერთად გავიხსენოთ მარტის რამდენიმე მოვლენა, რომლებიც აფხაზეთის ირგვლივ დაძაბულობის გამწვავებას ცხადყოფს.

6 მარტს აფხაზი სეპარატისტების უშიშროების უწყების წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა, თითქოს საქართველოს ჯარი გაეროს მეთვალყურეთა გასატაცებლად ემზადებოდა, რათა ხელში ჰქონოდა საბაბი აფხაზეთში სამხედრო ინტერვენციისათვის. 12 მარტს სეპარატისტთა სხვა წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობა აფხაზეთში მოქმედი პარტიზანული დაჯგუფებების დაფინანსებაში დაადანაშაულა (ანუ სეპარატისტებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს არაერთხელ გამოთქმული ბრალდება). ასევე 12 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა თბილისი გააკრიტიკა კოდორის ხეობაში ქართველი სამხედროების დატოვების გამო. და მთელი ამ პერიოდის მანძილზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ქართველ ჯარისკაცებს აფხაზეთში საბრძოლველად გაწვრთნიან. სხვათა შორის, მარტის მოვლენების ჩამონათვალში შეტანილი არ არის საქართველოს პარლამენტში 20 მარტს მიღებული დადგენილება, რომელშიც მძაფრი კრიტიკის საგანია რუსეთის მხარის სამხედრო დახმარება სეპარატისტებისათვის და აღიარებულია აფხაზეთში ქართველთა გენოციდი.

მაგრამ მოდით, დავუბრუნდეთ აფხაზეთის პრობლემას სამხედრო სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის ფონზე. როგორც ჯეფრი სილვერმენმა შეიტყო, თბილისში არაერთი მიმომხილველი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ვაშინგტონის დახმარებით ”გათამამებულ” საქართველოს მთავრობას მცდარი წარმოდგენა შეექმნება თავისი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. ”აფხაზეთის პრობლემა არც რუსეთის პრობლემაა და არც შეერთებული შტატების. ეს არის საშინაო პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია კორუფციასთან გამკლავების გარეშეო”, ასეთი მოსაზრება გამოთქვა სილვერმენთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია ”კავკასიური სახლის” დირექტორმა ნაირა გელაშვილმა.
XS
SM
MD
LG