Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასხივებული ჯარისკაცები საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივიან


საქართველოს ხელისუფლებას წინ, სულ მალე, უპრეცედენტო სასამართლო პროცესი ელოდება.

ამის მიზეზი კი 5 წლის წინ ლილოს სასაზღვრო ნაწილში რადიაციულ ნივთიერება "ცეზიუმით" დასხივებული ჯარისკაცების ის სარჩელი გახლავთ, რომელშიც დაზარალებულები უცხოეთის კლინიკებში შემდგომი მკურნალობის დასაფინანსებლადა და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად რამდენიმე სახელმწიფო უწყებისგან 20 მილიონ ლარს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სამსახურში დაინვალიდებული ჯარისკაცები ძვირადღირებულ მკურნალობას სიცოცხლის ბოლომდე საჭიროებენ, მათი თვიური შემწეობა კი მხოლოდ 45 ლარს შეადგენს.


როგორც ცნობილია, თავდაპირველად, რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ სამხედრო ნაწილებში ქართველი ჯარისკაცების შესახლება სპონტანურად, ტერიტორიის კომპლექსური შესწავლის გარეშე, ხდებოდა, რის გამოც ბევრ სამხედრო ნაწილში რადიაციის კერების არსებობა მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ დაფიქსირდა.

1996 წელს თბილისთან ახლომდებარე ერთ-ერთ სასაზღვრო ნაწილში მომხდარი სკანდალური ისტორიაც იმ უპასუხისმგებლობისა და დაუდევრობის კლასიკური მაგალითია, რასაც სამხედრო მშენებლობის პირველ ეტაპზე საქართველოში ჰქონდა ადგილი.

სამხედრო ნაწილში, რომელიც ჯერ თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, ხოლო შემდეგ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს გადაეცა, რადიაციული დამწვრობა ერთბაშად თერთმეტმა ჯარისკაცმა მიიღო. ამის მიზეზი კი ერთ-ერთი დაზარალებულის, პავლე ელიაურის, ქურთუკის ჯიბეში ნაპოვნი რადიაქტიური ნივთიერება "ცეზიუმის" კაფსულა აღმოჩნდა. თუმცა, როგორც შემდგომი კვლევა-ძიებისას გაირკვა, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თექვსმეტამდე ასეთი კაფსულა იყო მიმობნეული.

პავლე ელიაურის თქმით, სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, თავდაპირველად, ამ ფაქტის დამალვას შეეცადა, მაგრამ მას შემდეგ რაც დაზარალებულების მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და სკანდალმა ჟურნალისტების ყურამდე მიაღწია, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა დასხივებული ჯარისკაცების საქმე კონტროლზე აეყვანა.

ლილოს სასწავლო ცენტრში დასხივებული 7 ჯარისკაცი გერმანიის, ხოლო 4 საფრანგეთის კლინიკებში გაიგზავნა. იქ ჯარისკაცებს რამდენიმე ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარდათ. დიაგნოზით ქრონიკული სხივური დაავადება, პავლე ელიაური დაახლოებით 18-ჯერ აღმოჩნდა საოპერაციო მაგიდაზე. საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში დღემდე მკურნალობს რიგითი ადუაშვილი. დეკემბრის თვიდან კუთვნილი სარეაბილიტაციო მკურნალობის ჩატარებას ელოდება რიგითი ჩახუნაშვილი, რისთვისაც სეფსისის ცენტრში მას 1200 ლარი მოსთხოვეს.

ყოფილ ჯარისკაცებს, რომლებიც ინვალიდობის 45 ლარიან პენსიას ღებულობენ, ბუნებრივია, ეს თანხა არა აქვთ, ხოლო სეფსისის ცენტრში უარს ამბობენ მკურნალობაზე, სანამ სადაზღვევო კომპანია ამ თანხას არ გადარიცხავს. ასეთი დამოკიდებულება დასხივებული ჯარისკაცების სამართლიან პროტესტს იწვევს, რაც სასარჩელო განცხადებაშიც აისახა.
[პავლე ელიაურის ხმა] "სარჩელიც მაგიტომ დავაყენეთ - სამი წელი სუ თხოვნაში და მუდარაში ვართ, გვიმკურნალეთ, გვიმკურნალეთ. დღესდღეობით საქართველოში არც კლინიკა არის და არც ექიმი, რომელიც პროფესიონალი იქნებოდა ამ სხივური დაავადებების მკურნალობაში. ამიტომ ვითხოვთ საზღვარგარეთ გაგზავნას. ამას არავინ აკეთებს, სანამ ტელევიზიას და პრესას არ ავტეხავთ, თითს არავინ ანძრევს."

თუმცა, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, საზღვარგარეთის კლინიკები, რომლებმაც დასხივებული ჯარისკაცების მკურნალობა თავის დროზე 2 მილიონი დოლარის ფარგლებში დააფინანსეს, შესაბამისი თანხის გარეშე, ასევე, უარს ამბობენ მათ მომსახურებაზე. ამ დღეეებში გავრცელდა საფრანგეთში მყოფი ნოდარ ადუაშვილის მშობლების ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ თანხების გადაუხდელობის გამო საფრანგეთის ხაზინამ პაციენტის მოძრავი ქონება და მანქანაც დააყადაღა.

შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად სასამართლოღა რჩება. დასხივებულმა ჯარიკაცებმა სასარჩელო განცხადება, ერთბაშად, ოთხი სახელმწიფო უწყების - სასაზღვრო დეპარტამენტის, თავდაცვის, ჯანმრთელობისა და ბუნების დაცვის სამინისტროს - მიმართ შეიტანეს. ელიაურის თქმით, ამ სიაში თავდაცვის სამინისტრო იმის გამო მოხვდა, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ რადიაციული ფონის აღმოჩენის გამო პასუხისმგებლობა სამხედრო უწყებას დააკისრა.
რაც შეეხება სარჩელში მოთხოვნილ მორალურ და მატერიალურ კომპენსაციას, იგი ასტრონომიულ თანხას -20 მილიონ ლარს -შეადგენს და მის გადახდას დასხივებული ჯარისკაცები ზემოხსენებულ ოთხ უწყებას აკისრებენ.

[პავლე ელიაურის ხმა] "მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება ჩვენ გვაქვს შეფასებული 11 კაცზე 20 მილიონ დოლარად. ნახევარზე მეტი კი არის მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რადგან სამომავლოდ კიდევ ერთი ოცდაათი წელიწადი მკურნალობა ესაჭიროებათ დასხივებულ ბიჭებს."

თბილისის საოლქო სასამართლო პროცესი 28 მარტს დაინიშნა, მაგრამ ერთ-ერთი მოპასუხე მხარის - ბუნების დაცვის სამინისტროს - ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო სარჩელის განხილვა მაისამდე გადაიდო. ერთ-ერთი დასხივებული ჯარისკაცი, პავლე ელიაური, სასამართლო პროცესამდე პროგნოზისგან თავს იკავებს, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ სარჩელში გარკვეული კორექტივები შევიდეს და მოთხოვნილი თანხა ორჯერ შემცირდეს.
[პავლე ელიაურის ხმა] "მთავრობა რას გადაწყვიტავს, ღმერთმა იცის რა(სიცილით). ეხლა მე ვერავის დავავალდებულებ, რომ ხაზინიდან ფულს ნუ მოიპარავთ და ჩვენ მოგვეცით-მეთქი. კორუფციაა და ჩვენთვის ვის სცხელა."

და იგი, ალბათ, არ ტყუის. ამ დღეებში ყოველკვირეულ გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიების მასალა, რომელიც 1995-97 წლებში საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG