Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ ჟიზელი


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნინო ანანიაშვილი კვლავ ჩამოვიდა თბილისში და ისევ “ჟიზელში” იცეკვა. “ჟიზელის” გარდა,

ფალიაშვილის სახელობის თეატრის დირექცია სხვას ვერაფერს შესთავაზებდა ნინო ანანიაშვილის დონის მსახიობს. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თეატრს ტექნიკური პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრობლემებს, პირველ რიგში, შემოქმედებითი კრიზისი ქმნის.

დედაქალაქში მორიგ გასტროლებზე ჩამოსული ნინო ანანიაშვილი თბილისელ ჟურნალისტებს ამჯერად აჭარის წარმომადგენლობაში შეხვდა, რაც, შესაძლებელია, იმას ნიშნავდეს, რომ უახლოეს მომავალში დიდი თეატრის ვარსკვლავი ბათუმშიც ვიხილოთ გასტროლებზე. მითუმეტეს, რომ ანანიაშვილმა განაცხადა, რომ ვერ ჩამოჰყავს თბილისში დასავლეთის სახელგანთქმული მოცეკვავეები იმიტომ, რომ ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რომ მოსაწესრიგებელია საშხაპეები, საგრიმიორო და ა.შ. ბათუმში კი, მოგეხსენებათ, ამ მხრივ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა... ნინო ანანიაშვილმა უთუოდ დამალა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ცეკვავს იგი საქართველოში განუწყვეტლივ მხოლოდ “ჟიზელს” და რატომ არ ჩამოჰყავს სამშობლოში თავისი, თუნდაც ამერიკელი, მეგობრები, რომლებთანაც ერთად აპრილში იგი “მეტროპოლიტენ ოპერაში’ იცეკვებს... თუმცა ამას მიხვდებოდა ყველა, ვინც დაესწრო გასულ კვირას ფალიაშვილის სახელობის თეატრში წარმოდგენილ ადანის “ჟიზელს”, რომელშიც ნინო ანანიაშვილთან ერთად დიდი თეატრის წამყვანმა სოლისტმა ანდრეი უვაროვმა იცეკვა. და თუ “ბენუა დელა დანსის” პრემიის ლაურეატმა ანდრეი უვაროვმა მაქსიმალურად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, ნინო ანანიაშვილი სცენაზე, აშკარად, არ ბრწყინავდა... და არა იმიტომ, რომ დიდი მოცეკვავე არ არის ფორმაში ტრავმის მერე, რომელიც მან გასული წლის მიწურულს მიიღო (მას შემდეგ ნინო ანანიაშვილმა არა ერთი ბრწყინვალე სპექტაკლი ჩაატარა), და არც იმიტომ, რომ “ჟიზელი” არ უხდება ამ ბალერინის ოდნავ ინფანტილურ სტილს, რასაც ზოგიერთი ბალეტის მოყვარული ამტკიცებს. “ნიუ-იორკ თაიმსმა”, ჯერ კიდევ შარშან, ქება- დიდება არ დააკლო ანანიაშვილისა და ხულიო ბოკას დუეტს “ჟიზელში”... თუმცა, საეჭვოა, რომ თბილისში ჩვენ ვიხილეთ იმის ნახევარი მაინც, რასაც ხედავენ ნიუ-იორკში, თუ იმავე მოსკოვში, როცა ნინო ანანიაშვილია სცენაზე. დიდ ბალერინას ხომ მშვენიერი სმენა აქვს - ესმის რაოდენ უხეიროდ უკრავს ჩვენი ორკესტრი, მშვენივრად ხედავს კიდეც და იცის, რომ იმავე ხულიო ბოკას ძალიან გაუჭირდება ჩვენს კორდებალეტთან ცეკვა და დასავლეთის არც ერთი დიდი ვარსკვლავი არ იკადრებს ჩვენი “ჟიზელის” მოძველებულ სპექტაკლში მონაწილეობას. თუმცა კიდევ კარგი, რომ ჯერჯერობით ფალიაშვილის სახელობის თეატრს, რომლის საბალეტო დასს უმძიმეს პირობებში უხდება მუშაობა, თეატრს, რომელმაც თავისი 150 წლის იუბილეც კი ვერ აღნიშნა, “ჟიზელი” მაინც აქვს რეპერტუარში... წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ახლობლების მოსანახულებლად ჩამოსული ანანიაშვილი საერთოდ აღარ გამოვიდოდა თბილისის თეატრის სცენაზე... ან მხოლოდ ბათუმში გამართავდა გასტროლებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG