Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზენტაცია იროდიონ სურგულაძის წიგნისა “ხელისუფლება და სამართალი”


გასული საუკუნის ოციანი წლებიდან, მარქსიზმის სახელმწიფოებრივ იდეოლოგიად ქცევის პარალელურად, ჰუმანიტარული მეცნიერების თავისუფლება, მოგეხსენებათ, ნელ-ნელა სრულიად ჩაკვდა.

ამ დროს, 1925 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში გერმანულ ენაზე დაისტამბა იროდიონ სურგულაძის სადოქტორო დისერტაცია “ხელისუფლება და სამართალი”, რომელიც მოგვიანებით ანტიმარქსისტულ ნაშრომად გამოცხადდა. სამართლის მეთოდოლოგიიდან სამართლის ისტორიაში გადასვლით, იროდიონ სურგულაძე ფიზიკურად გადაურჩა საბჭოთა რეპრესიებს და ქართულ იურიდიულ განათლებას ჩაუდგა სათავეში. სიმბოლურია, რომ მისი, ეგრეთ წოდებული, ანტიმარქსისტული ნაშრომი მრავალი ათეული წლის შემდეგ სწორედ ახალგაზრდა იურისტთა ინიციატივით დაუბრუნდა ფართო საზოგადოებას..

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრეზენტაცია იროდიონ სურგულაძის წიგნისა “ხელისუფლება და სამართალი” საგანგებოდ მოაქცია იურიდიული ბიბლიოთეკის კვირეულში. ასოციაციის ბიბლიოთეკა 8500 ერთეულს ითვლის და იურიდიული წიგნების ასეთ სიმრავლეშიც კი გამოარჩევს ევროპაში განსწავლული მეცნიერის ნაშრომს, რომელსაც, სამართლის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ხუბუას განცხადებით, როგორც ფუნდამენტს, ისე უნდა დაეყრდნოს ქართული სამართლებრივი ფილოსოფია.

პრეზენტაცია იროდიონ სურგულაძის წიგნისა ”ხელისუფლება და სამართალი” საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შენობაში გაიმართა. შენობის შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული გარე კარნიზის ნაშალით იყო ჩახერგილი, მაგრამ, ცხადია, ეს არ ყოფილა დარბაზში შეკრებილთა სიმცირის მიზეზი. და მაინც, წიგნის მთარგმნელმა ოთარ გამყრელიძემ საგანგებოდ აღნიშნა მათი მხნეობა, ვინც მიწისძვრის მეორე დღეს ფილოსოფიური წიგნის პრეზენტაციაზე მისვლა ისურვა. მანვე წიგნი და მისი ავტორი ასე წარუდგინა საზოგადოებას:

[ოთარ გამყრელიძის ხმა]”იროდიონ სურგულაძე ითვლება ქართველ იურისტთა კლასიკოსად, ცნობილ მეცნიერ გიორგი ნანეიშვილთან ერთად,რომლებმაც გაკვალეს ეს ახალი ქართული ფილოსოფიური და იურიდიული აზროვნება.”[სტილი დაცულია]

წიგნის წინასიტყვაობაში კი მთარგმნელი წერს: “იროდიონ სურგულაძე ცდილობს გამოიმუშაოს სახელმწიფო სამართლის მეცნიერების საგანი და ძირითადი პრინციპები. იგი აღიარებს სახელმწიფოს ორმაგ ბუნებას. იროდიონ სურგულაძის აზრით, სახელმწიფო, ერთი მხრივ, წარმოგვიდგება , როგორც სოციალური ფენომენი, ხოლო, მეორე მხრივ, ის სამართლებრივი მოვლენაა. სწორედ ეს უკანასკნელი, ესე იგი სახელმწიფო, როგორც სამართლებრივი მოვლენა, ვლინდება მართლწესრიგის სახით.ამიტომ მართლწესრიგი წარმოადგენს ავტორის კვლევის საგანს ხსენებულ წიგნში.”

[ბიძინა სავანელის ხმა]”აღდგა ისტორიული სამართლიანობა, მეცნიერებას დაუბრუნდა წითელი პროფესორებისაგან წამებული და კომუნისტებისაგან დევნილი, საქართველოში სამართლის თეორიის ფუძემდებელი, პროფესორი იროდიონ სურგულაძე”.

პროფესორ ბიძინა სავანელის ამ სიტყვებს მხოლოდ იმას დავუმატებთ, რომ იროდიონ სურგულაძის ნაშრომის ხელახალ გამომზეურებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მის შვილ ლამარა სურგულაძეს.
XS
SM
MD
LG