Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართული ნაციონალური ბალეტი შევარდნაძის დაცვის თანხლებით”


ორ ივლისს, რუმინეთის პრეზიდენტ იონ ილიესკუს პატივსაცემად, ედუარდ შევარდნაძის სახელით, ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტი გაიმართა.

მოსაწვევ ბარათზე მაყურებელს სთხოვდნენ ოპერაში არაუგვიანეს შვიდის თხუთმეტ წუთზე მობრძანებულიყვნენ, თუმცა კონცერტი 7 საათზე იწყებოდა. მინდა გაგიზიაროთ ქართული ნაციონალური ბალეტის “საპრეზიდენტო საღამოს” შთაბეჭდილებები.

ქართული ნაციონალური ბალეტის პროგრამის შესახებ, რომლის პრემიერა ცოტა ხნის წინ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა, “რადიო თავისუფლებამ” დაწვრილებით უამბო თავის მსმენელს. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამ კონცერტით, ეტყობა, იმდენად მოიხიბლა, რომ კონცერტი რუმინეთის პრეზიდენტის ვიზიტის კულტურულ პროგრამაში ჩართო. კონცერტი ოდნავ შემცირდა, თუმცა იონ ილიესკუს პატივსაცემად დადგმულ წარმოდგენაზე “სუხიშვილებმა” მაინც დატოვეს ის ახალი საკონცერტო ნომრები, რომელსაც პრემიერის შემდეგ აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რუმინეთის პრეზიდენტის პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო, ამიტომ საათნახევრიანი კინცერტი ზუსტად შვიდ საათზე დაიწყო, რაც თითქმის არასდროს ხდება, როცა ედუარდ შევარდნაძე თბილისში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს ესწრება. და არა იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტია არაპუნქტუალური. ყველამ იცის, რომ ამ ღონისძიებებს ქუჩების გადაკეტვა და პუბლიკის ჩხრეკა მოჰყვება. მაყურებლის ჩანთების დათვალიერება კი დიდ დროს მოითხოვს. ამიტომაც დაიბარეს ხალხი ოპერაში სუხიშვილების კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. თუმცა დარბაზის ნაადრევმა გავსებამ დაცვის სამსახურს ახალი პრობლემა შეუქმნა: მოსაწვევებზე რატომღაც მხოლოდ რიგი იყო აღნიშნული. მოსაწვევები, ეტყობა, ადგილების რაოდენობის გაუთვალისწინებლად დაარიგეს, რის გამოც უამრავ მაყურებელს მთელი კონცერტის განმავლობაში გასასვლელში დგომა მოუხდა. ანდა ადგილების რაოდენობა კი გაითვალისწინეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ედუარდ შევარდნაძეს ამჯერადაც ( მით უფრო, “ამჯერად”) მოჰყვებოდა დაცვის სამსახურის მთელი არმია, რომლისთვისაც ყოველ რიგში მინიმუმ ორი სკამი იყო განსაზღვრული. ასე თუ ისე, კონცერტი ზუსტად შვიდ საათზე დაიწყო ედუარდ შევარდნაძისა და იონ ილიესკუს გამოჩენით, რუმინეთისა და საქართველოს ჰიმნების შესრულებით და კულტურის მინისტრის სიტყვით, რომელიც რუმინულ-ქართულ ღონისძიებაზე ქალბატონმა სესილი გოგიბერიძემ რატომღაც რუსულად წაიკითხა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მაყურებელი თავიანთ ლოჟებში ჩაკეტეს: შევარდნაძე და ილიესკუ შენობიდან უნდა გასულიყვნენ. ამის შემდეგ სასწრაფოდ გადაიკეტა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია. ავტომანქანების მფლობელები საკუთარ მანქანებამდეც კი არ მიგვიშვეს... და როცა მოძრაობის უფლება მოგვცეს, გვიან იყო უკვე: ჩემი ავტომანქანის საბარგული მთლიანად გაქურდული დამხვდა. არადა მანქანა პრეზიდენტის დაცვის მიერ გადაკეტილი ქუჩის ბოლოში მეყენა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG