Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გაეროს საოჯახო დაგეგმარების პროგრამის დაფინანსება შეწყვიტა


თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ აღარ დააფინანსებს გაეროს მოსახლეობის ფონდს, ანუ ხელს აღარ შეუწყობს საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს კონტრაცეპტივების გავრცელებას,

გინეკოლოგიურ დახმარებას, მოზარდთა ორსულობის თავიდან აცილებას, აგრეთვე შიდსის გავრცელების აღკვეთას მსოფლიოს 142 ქვეყანაში.

ვაშინგტონის გადაწყვეტილების შედეგად გაეროს მოსახლეობის ფონდი 34 მილიონ დოლარს, ანუ თავისი ბიუჯეტის 12 პროცენტს ჰკარგავს, რაც, ფონდის შეფასებით, სიცოცხლის ფასად დაუჯდება ათასობით ქალსა და ბავშვს.

ვაშინგტონმა დაფინანსება შეწყდა იმ ბრალდების საფუძველზე, რომლის თანახმად გაეროს მოსახლეობის ფონდი თვალს ხუჭავს ჩინეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფის ერთ მეტად გავრცელებულ ფორმაზე: იძულებით აბორტებსა და ასევე იძულებით სტერილიზაციაზე. კონსერვატიული ძალები თეთრ სახლში უკვე რამდენიმე თვეა ლობირებდნენ დაფინანსების შეწყვეტის საკითხს, აცხადებდნენ რა, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი შეერთებული შტატების კანონებს არღვევს, ჩინეთში ე.წ. ”ერთი შვილის” პოლიტიკის ხელშეწყობით.

მართალია, გაერო უარყოფს ამ ბრალდებას (ის ირწმუნება, რომ მოსახლეობის ფონდი ხელს არ უწყობს იძულებით აბორტებს ჩინეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში), მაგრამ ორშაბათს სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა კანონმდებლებს შეატყობინა, რომ წლეულს 34 მილიონი დოლარი გაეროს მოსახლეობის ფონდის ნაცვლად გადაეცემა სხვა უწყებას: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელიც ასევე აფინანსებს საოჯახო დაგეგმარების პროგრამებს, ოღონდ გაეროზე გაცილებით უფრო ნაკლებ ქვეყანაში.

რაც შეეხება რეაქციას: ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ აღტაცებაში მოიყვანა აბორტის მოწინააღმდეგეები, მაგრამ გამოიწვია კრიტიკა ჩინეთის მხრიდან. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, მთავრობის პოლიტიკა ითვალისწინებს მოქალაქეთა წაქეზებას და არა იძულებას, არ იყოლიონ ერთ შვილზე მეტი. ხოლო ჩინეთის საოჯახო დაგეგმარების სახელმწიფო კომისია ირწმუნება, რომ გაეროს მიერ გამოყოფილ სახსრებზე მკაცრი კონტროლია დაწესებული და რომ ფული ხმარდება განათლებას, სამედიცინო მომსახურებას, აგრეთვე კონტრაცეპტივების გავრცელებას ჩინეთის ღარიბ რეგიონებში.

უკმაყოფილება არც გაეროში დაუმალავთ. ”გაეროს მოსახლეობის ფონდი არასოდეს მიმხრობია, არ ემხრობა, და არც არასოდეს მიემხრობა რაიმე სახის ძალადობასო”, განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თორაია ობაიდმა, რომელიც 34 მილიონი დოლარის დაკარგვას საკმაოდ პირქუშ პერსპექტივას უკავშირებს: მაგალითად, მოსალოდნელია, რომ 2 მილიონით გაიზრდება არასასურველ ორსულობათა რიცხვი და 77 ათასით – ახლადდაბადებულებისა და ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ეს რომ არ მოხდეს, გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი დანარჩენ დონორებს სთხოვს, გაზარდონ მოსახლეობის ფონდის დაფინანსება.
XS
SM
MD
LG