Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ქართული კოსმოსური თანამგზავრი –არარსებული მიღწევა, თუ რეალური პერსპექტივა?


საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე

კოსმოსური კვლევები თავის დროზე მკაცრად გასაიდუმლოებული სფერო იყო. ფართო საზოგადოებამ იმის თაობაზეც არაფერი იცოდა, რომ სამხედრო-სტარტეგიული კოსმოსური პროგრამების ერთ-ერთი მიმართულების მთავარი კონსტრუქტორი ქართველი გახლდათ. დღეს კი ხელისუფლება ამაყად აცხადებს, რომ საქართველო კოსმოსური ქვეყანა გახდა, ხოლო სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხზე დღეში რამდენჯერმე ჩნდება უცნაური წარწერა "23-28 ივლისი – პირველი ქართული კოსმოსური თანამგზავრი". რა არის ეს – არარსებული მიღწევის ჩვენებით მოსახლეობის გაბრუების მორიგი მცდელობა, თუ კოსმოსურ კვლევებს მართლაც აქვს განვითარების რეალური პერსპექტივა საქართველოში?

საგურამოს ტერიტორიაზე მდებარე დახურული ტიპის კოსმოსური კვლევების ლაბორატორიაში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა გასაიდუმლოებული მუშაობა. სამხედრო-სტარტეგიული კოსმოსური პროგრამები, რომლებსაც საბჭოეთის სამხედრო ძლიერება უნდა განემტკიცებინათ, ძირითადად, მიწისზედა და ანტისარაკეტო კომლექსის შექმნას ისახავდა მიზნად. საერთაშორისო სააგენტო "ნასას" ოფიციალურ ანგარიშებში ქართული სამუშაოები მოხსენიებული იყო, როგორც რუსეთის ტექნოლოგიების ბრწყინვალე მაგალითი. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ საქართველო დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა სტრატეგიული დარგის შენარჩუნებას. სამოქალაქო ომის პირობებში კი საიმედო პარტნიორის მოძებნა ნამდვილი უტოპია იყო. ერთადერთი, რაც იმხანად მოხერხდა, გახლდათ სპეციალური მონოგრაფიის შექმნა, რომელიც მთელი მსოფლიოს კოსმოსურ სააგენტოებს დაეგზავნათ.

მონოგრაფიის ავტორი ცნობილი ქართველი მეცნიერი, კოსმოსური და საინჟინრო ტექნიკის გენერალური კონსტრუქტორი ელგუჯა მეძმარიაშვილი გახლდათ, პირველი სახელმწიფო კი, რომელიც საქართველოს თხოვნას გამოეხმაურა - გერმანია, სადაც სულ მალე ფოტობარათებიც დაიბეჭდა, მოწოდებით, რათა ევროპულ სახელმწიფოებს ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრები სწორედ ქართული ტექნოლოგიების ბაზაზე შეექმნათ.

მაგარამ ვინაიდან საქმე ეხებოდა მხოლოდ ლაბორატორიულ მიღწევებს, კოსმოსში საკუთარი ტექნოლოგიების პრიორიტეტულობის დამტკიცება ქართველ მეცნიერებს უმწვავესი კონკურენციის პირობებეში უხდებოდათ. და მაინც, რას წარმოადგენს რეფლექტორული ანტენა და რა დანიშნულება აქვს მას კოსმონავტიკის განვითარებაში. მოვუსმინოთ ელგუჯა მეძმარიაშვილს.

[ელგუჯა მეძმარაიშვილის ხმა] "რეფლექტორული ანტენები სამხედრო და თანამედროვე სატელეკომუნიკაციო კოსმოსური კომპლექსის ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტს შეადგენენ. მათი საშუალებით ხდება მრავალი საკითხის მოხსნა თავდაცვის საკითხში, რაც კოსმოსურ კომპლექსებს შეეხება. რაც შეეხება ტელეკომუნიკაციებს, ხარისხობრივად იზრდება მიღება-გადაცემის ხარისხი, მოცულობა, სისწრაფე, მობილური ხედვა, დედამიწის კონტროლი, ტელემედიცინის, ტელესწავლების საკითხები და, გამოსხივების ინტენსივობა – რაც დიდია რეფლექტორული სისტემა- ნაკლებია. და დღეს ამ მობილურ სისტემებზე და სხადასხვაგვარ კავშირებზე ეკოლოგიური სისუფთავის ხარისხი მატულობს".

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კოსმოსურ სახელმწიფოს 20 წლის წინ ჰქონდა დაწყებული ანალოგიური სამუშაოები, ქართულ-რუსული ერთობლივი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – რეფლექტორული ანტენა1999 წლის 23 ივლისს ორბიტაზე გავიდა. პირველმა საერთაშორისო გამოხმაურებამ კი მართლაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ 2001 წელს გამოქვეყნებულ ენციკლოპედიურ გამოცემაში აღინიშნა, რომ ამ ექსპერიმენტმა დასაბამი მისცა ახალი პრიორიტეტული მიმართულების განვითარებას კოსმონავტიკაში. 2001 წლის 5 ივლისს კი რომში სტარტი მიეცა ევროპული კოსმოსური სააგენტოს პროგრამის, ევროპული სატელეკომუნიკაციო ახალი თაობის თანამგზავრისთვის სტრატეგიული რეფლექტორის შექმნას, ქართული ტექნოლოგიების ბაზაზე.

მაგრამ პროექტის განხორციელებისთვის ქართველ მეცნიერებს გაცილებით უფრო სჭირდებათ ფინანსური თანადგომა, ვიდრე სადღესასწაულო სიტყვები ქართული კოსმონავტიკის ბრწინვალე მომავალზე.

[ელგუჯა მეძმარიაშვილის ხმა] "ჩვენ დღეს, მხოლოდ და მხოლოდ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმცემნი ვართ ამ პროექტში. ეს მაშინ, როცა თუ საქართველოში იქნებოდა შესაძლებლობა იმისა, რომ ნახშირპლასტის ელემენტები დამზადებულიყო, ბადე მოქსოვილიყო ძლიერი გამტარული მახასიათებლის მეტალისგან, კოსმოსური პირობებისთვის ელექტროძრავები დამზადებულიყო და სხვა და სხვა, რაც არ არის გრანდიოზული წარმოებები, სხვათა შორის. აი, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯებოდა სწორედ საქართველოში. ეს შანსი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან პრესტიჟული."


და მაინც ბევრმა არ იცის, რომ ევროპული კოსმონავტიკის მიერ ქართული რეფლექტორული ანტენით დაინტერესებას თავისი წინაისტორია აქვს. საქმე ისაა, რომ ევროპის ქვეყნები ამჟამად ამერიკულ სტრატეგიულ სისტემებს იყენებენ, მაგრამ ვინაიდან სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები თავდაცვის დეპარტამენტის შეკვეთითაა შექმნილი, ევროპაში ანგარიშს უწევენ, რომ ასეთი სისტემები ყოველთვის ვერ იქნება ხელმისაწვდომი. ასე რომ, ქართველი ინსტრუქტორების მიერ შექმნილი თანამგზავრი, ნებისმიერ შემთხვევაში უპატრონოდ არ დარჩება. მაგრამ საწყენი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ "მნიშვნელოვან და პრესტიჟულ შანსს" ხელიდან გაუშვებს.

რეფლექტორული ანტენის ორბიტაზე გასვლა კოსმონავტიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს თარიღთა რიცხვშია შეტანილი. სულ რამდენიმე დღის წინ კი კემბრიჯში დამთავრდა კოსმოსური დარგის საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ემბლემადაც სწორედ პირველი ქართული ობიექტის გამოსახულება იქნა შერჩეული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG