Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ ბოლო დროს, საქართველოში გამოსული მუსიკალური


ამ ბოლო დროს, საქართველოში გამოსული მუსიკალური

ალბომებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ - ქართულ ესტრადას “ფემინიზმის სიო" არხევს. ეს ერთადერთია, რასაც მუსიკის მოყვარული დღევანდელ ეროვნულ შოუ-ბიზნესში “ტენდენციას” შეარქმევს. სხვა ტენდენცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ესტრადის, როგორც ძველი, ასევე ახლადამობრწყინებული ვარსკვლავები, ქალებიც და კაცებიც, როგორც წესი, მხოლოდ სიყვარულზე მღერიან და ყველაზე ხშირად ისევ შემდეგ სიტყვებს იყენებენ: “მესიზმრები”, “მენატრები”, “მელანდები”... თუმცა ეს სიტყვები, რომელიც, როგორც წესი, მარტივზე მარტივი აკორდებით გამოიხატება, განსაკუთრებით დამაჯერებლად მაშინ ჟღერს, როცა მას “მდედრი” წარმოთქვამს ხოლმე. ასეთი ესტრადის მოყვარულებს, როგორც ჩანს, მაინც და მაინც არ სჯერათ უნაზესი მომღერალი მამაკაცების, როცა ისინი ქალებს უმღერიან ხოლმე. მართალია “მამრი ვარსკვლავები” სიამოვნებით აძლევენ ინტერვიუს ფორმით “ნაცრისფერ”, შინაარსით კი “ყვითელ” პრესას და როგორც წესი, თავიანთ სასიყვარულო თავგადასავლებზე გვიამბობენ, უფრო მეტიც, დონ ჟუანებად ასაღებენ თავს, სასიყვარულო ლირიკის დამკვიდრება ქართულ შოუ-ბიზნესში მაინც უფრო გოგონებს გამოსდით. თითოეულ მათგანს, როგორც ჩანს, ჰყავს თავისი “იმიჯმეიკერი”, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ფსიქოლოგიცაა, სოციოლოგიც, დიზაინერიც... ანუ კარგად იცის, როგორი გოგონებია ახლა მოდაში, როგორი გარეგნობა და როგორი ჩაცმულობა. ეს პირველ რიგში... მუსიკა, და მითუმეტეს ტექსტი, მხოლოდ ამის შემდეგ. ღვთის მადლით, ახლა ალბომების გამოცემის, მომღერლის ჩაწერის მრავალი საშუალება არსებობს. ღვთის მადლით, შესაძლებელია ამ ალბომების ეფექტური გაფორმებაც – შინაარსით "ყვითელი", მაგრამ ფორმით “ნაირფერი”, ილუსტრირებული აუდიოკასეტებისა და დისკების გამოშვება, რათა ახალმა ვარსკვლავებმა თავიდანვე მიიქციონ ჩვენი “ბაზრობებისს” ყურადღება... დიახ, არა მუსიკალური ბაზრის, საერთოდ... არამედ “ბაზრობების” ცალკ-ცალკე... ელიავას, ლილოს, დიდუბის ბაზრობების, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნილება სწორედ მომღერალ ქალბატონებზეა.

ახალ ჩანაწერებს შორის საკმაოდ პოპულარულია მომღერალი სახელად “აგნესა”. ამ გოგონას გვარი კასეტაზე არ არის აღნიშნული, რათა მსმენელს იგი ადვილად დაამახსოვრდეს... თუნდაც მადონასავით... თუმცა მადონასგან განსხვავებით, აგნესა და მისი იმიჯმეიკერები არა “ქალურ ეროტიკას”, არამედ, მე ვიტყოდი უფრო “ქალწულურ ეროტიკას” ამკვიდრებენ. შესაძლებელია ამიტომაც ჰქვია ალბომს “პირველი კოცნა”... თუმცა “პირველი კოცნის” ვნებას ალბომში სხვა, უფრო მგზნებარე გრძნობებიც თან ახლავს; “დამიბრუნდი”, “უშენოდ”, “მონატრება” და სხვა. რა თქმა უნდა ჩართულია რუსულ ენაზე შესრულებული სიმღერაც სახელწოდებით “ტიომნი გოროდ”, ე.ი. “ბნელი ქალაქი”... ესეც ხომ ძალიან ეროტიკულია; რუსულად ნამღერი ჰანგი “ბნელ ქალაქზე”... მითუმეტეს, როცა ბნელ ქალაქში ასე გალობენ. [ხმა: მუსიკა]

რუსული ტექსტი, ოღონდ ამჯერად უფრო მეტი პრეტენზიით – ბალმონტის ლექსზე დაწერილი სიმღერა, ჩართულია კიდევ ერთ ახალ ალბომში – დალი მიქავას კონცერტში სახელწოდებით “ო, ფანტასტიკა”. რა თქმა უნდა, “ფანტასტიკა” ბევრი რამ შეიძლება იყოს და სულაც არ არის აუცილებელი ამ სიტყვამ ეროტიკული გრძნობის ასოციაცია შექმნას. მაგრამ როგორც კი ესტრადის მოყვარული მიქავას აუდიოკასეტას შეავლებს თვალს, როგორც კი დაინახავს წითელ ფონზე, სავარძელში მოკალათებულ ქალბატონს, რომელსაც შავი, გამჭვირვალე ნაჭერი აქვს მოხვეული, არ შეიძლება ადეკვატური გრძნობა არ გაუჩნდეს, მერე კი, როცა ამ აუდიოკასეტას ჩართავს, არ შეიძლება არ დაიჯეროს, რომ “ფანტასტიკა” სწორედ ასეთი ხმის მოსმენაა [ხმა: მუსიკა]

ქართული “ფემინური ესტრადის” სტერეოტიპებს ამკვიდრებს კიდევ ერთი ახალი ალბომი – ნანა ღავთაძის “არ გემდური”, რომელსაც გაფორმებაც, მუსიკაც და ტექსტიც იმის მსგავსი აქვს, რაც უკვე მოვისმინეთ სხვებთან. “ვერ დავივიწყე შენი თვალები” – ის ხატოვანი გამოთქმაა, რომელსაც არაერთ ქართულ სიმღერაში გაიგებთ დღეს. თუმცა მუსიკის მოყვარულები იმასაც შეამჩნევენ, რომ მარტივი მელოდიებისა და ტექსტის მიუხედავად, სიმღერების არანჟირების დონე აქ საკმაოდ მაღალია. შესაძლებელია იმიტომ, რომ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ისეთმა პროფესიონალმა, როგორიც კაკო ვაშალომიძეა [ხმა: მუსიკა]

რა შეიძლება დავასკვნათ ახალი ქართული საესტრადო ჩანაწერების მოსმენით? პირველ რიგში, ალბათ, არ უნდა გავიზიაროთ მუსიკის მოყვარულთა სიხარული იმის გამო, რომ რუსული ესტრადა საქართველოდან საბოლოოდ განდევნეს. და არა მარტო იმიტომ, რომ ქართველი მომღერლები რუსულ სიმღერებს თავად ვერ ელევიან იმ იმედით, რომ ოდესმე მაინც დაიპყრობენ მთლიანად რუსულ ბაზარს თუ არა, მოსკოვის რესტორნებს მაინც. უბრალოდ, ეროტიკულ-ფემინური მოტივების გამძაფრება თანამედროვე ქართულ ესტრადაში ძალიან ჰგავს რუსულ ესტრადაში მიმდინარე პროცესებს... იქ, იმისათვის რომ შოუ-ბიზნესში დამკვიდრდეს, საკმარისია გოგონამ, რომელსაც შესაძლებელია სულაც არ ჰქონდეს მუსიკალური ნიჭი, “ფულიანი ბიძია” გაიცნოს, მერე კი პატარა რომანი გააბას მასთან... რაც უფრო მეტი ფული აქვს “ბიძიას”, მით უფრო ხშირად გამოჩნდება გოგონა რუსეთის სატელევიზიო არხებზე და მით უფრო გაიზრდება ტირაჟი ალბომებისა, რომელიც “ფულიანი ბიძიას” ძალისხმევით გამოვიდა... მუსიკას ის უკვეთავს, ვისაც ფული აქვს. “ფულიან ბიძიას” კი ძალიან უნდა, რომ მისი “პატარა გოგონას” სილამაზე მასებმა დააფასონ. მაშინ, როდესაც გოგონას არც ხმა აქვს და არც ნიჭი, აქცენტი მთლიანად მის სექსუალურობაზე კეთდება.

საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი “ბიძიები” ბევრი არა გვყავს, მაგრამ ბევრი გვყავს თინეიჯერი გოგონები, რომლებიც ოცნებობენ რაც შეიძლება სწრაფად იქცნენ ესტრადის ვარსკვლავებად... და ეს ბუნებრივიცაა, ქართული მედია ყველაზე პოპულარულ ადამიანებად დღეს პოლიტიკოსებსა და ესტრადის ვარსკვლავებს წარმოგვიდგენს... და როცა გოგონა გრძნობს, რომ პოლიტიკოსობას ასე თუ ისე ჭკუა ჭირდება, იგი ესტრადას ირჩევს...მითუმეტეს, რომ ხედავს, პოლიტიკოსებს შორის ბევრნი არიან ასე თუ ისე ჭკვიანი ადამიანები, ესტრადის ვარსკვლავებს შორის კი ცოტანი არიან ადამიანები, რომლებიც კარგი ხმითა და ნიჭით გამოირჩევიან. როგორც მომღერალმა ოთარ ტატიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა
[ოთარ ტატიშვილის ხმა]: 36.4.05 “უნიჭიერესი ხალხია წასული მიწისქვეშეთში და ხოტბას ასხავენ აბსოლუტურ უმეცრებს...36.5.30 “სუბორდინაცია უნდა იყოს თორემ, ვისაც ემღერება იმღეროს”

საქართველოში დღეს ბევრს ემღერება. თუმცა ქართველ კაცსაც და ქალსაც ყოველთვის ემღერებოდა, უბრალოდ არასდროს ჰქონია მუსიკის ჩაწერის იმდენი საშუალება, როგორც დღესა აქვს. შესაძლებელია სუბორდინაცია არც იყოს საჭირო. ადრე თუ გვიან, მუსიკალურ ბაზარზე ყველაფერი გაიფილტრება – უნიჭობა დიდხანს მაინც ვერ იარსებებს. მაგრამ როდის “გაიფილტრება” მუსიკა საქართველოს ბაზრობებზე, ეს არავინ იცის.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG