Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მურმან ლებანიძე


დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისში გარდაიცვალა პოეტი მურმან ლებანიძე. მიუხედავად იმისა, რომ მურმან ლებანიძე მთარგმენლიც იყო, პროზაიკოსიც, რედაქტორიც და ბოლო პერიოდში სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარეც,

საზოგადოებისთვის ყველაზე ღირებული მისი დანატოვარი მაინც ლექსებია.

მურმან ლებანიძე, მას შემდეგ, რაც ის ლიტერატურულ საქმიანობას შეუდგა, მკითხველს არასოდეს მივიწყებია. არც ქართულ კრიტიკაში მოჰკლებია ყურადღება: ლიტერატურისმცოდნეები და კრიტიკოსები ლებანიძის შემოქმედებაზე წერისას ცდილობდნენ განესაზღვრათ არა მხოლოდ მისი პოეზიის თავისებურებები, არამედ პოეტის მნიშვნელობაც ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესისათვის. შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაწყვეტს გურამ ასათიანის წერილიდან “ლექსის მადანი”, სადაც კრიტიკოსი მურმან ლებანიძეზე ლაპარაკობს:

“მურმან ლებანიძე თანამედროვე ქართულ პოეზიაში გვიანდელი ტიციან ტაბიძისა და ლადო ასათიანის გზის გამგრძელებელია. მიუხედავად ამისა, მისი სიმწიფისჟამინდელი შემოქმედება აბსოლუტურად მოკლებულია ეპიგონობის იერს. ლებანიძის სტრიქონი გამოიცნობა მისი ახლო მონათესავე პოეტების ლექსთა შორისაც.

მურმან ლებანიძის ტიპის პოეტები მუდამ რაღაცას დაეძებენ. მათი მთავარი საზრუნავი გარესამყაროს ხმათა და ფერთა შეკრება და შინ შემოტანაა. მათი გულისთქმაც მუდამ სიახლეს, ახალ-ახალ სივრცეებს ეტანება.

მურმან ლებანიძის ლექსიდან სიკეთე იღვრება. ჩვილი, მაგრამ არა უმწეო სიყვარული საქართველოსი, “ქართული პატიოსნებისა”, თითქმის გულუბრყვილო ნდობა ადამიანთა მიმართ, ურთიერთგაგების, ალერსის, გულისხმიერების ღრმა მოთხოვნილება.

აკაკის შემდეგ არც ერთი ქართველი პოეტის ლექსში არ გამჟღავნებულა ასე მკაფიოდ “დაყვავების” ეს თავისებური კილო. ამავე დროს მურმან ლებანიძის ყოველი ლექსის ქვეტექსტი უანგარობისა და თავდადებისაკენ მოწოდებაა. ასეთი პოეტები არა მხოლოდ გამოხატავენ საკუთარ და სხვათა ემოციებს, მათ ადამიანთა გამხნევება და მოქმედებისათვის შთაგონებაც შეუძლიათ.

მურმან ლებანიძე და მისი ტიპის პოეტები პოეზიის დანიშნულების გაგებით განსაკუთრებით უახლოვდებიან “გარემოების საყვირის” აკაკისეულ პრინციპს. ოღონდ გარემოება აქ გაგებულია არა როგორც გარეგანი ბიძგი, რომელსაც პოეტი ეხმაურება (ყველაზე ელემენტარული ფორმა ასეთი გამოხმაურებისა ჩვენში ე.წ. “სათარიღო” ლირიკა იყო), არამედ როგორც დროის, ხალხის, მასის – მისი უბრალო, რიგითი წარმომადგენლების სულიერი საჭიროება, რომელსაც პოეტი მაქსიმალური სიზუსტით გამოხატავს. იგულისხმება, რომ ეს სიზუსტე დაცული უნდა იყოს როგორც შინაარსში, ისე ფორმაშიც. ამით არის გამოწვეული, კერძოდ, მათი ცდა ხალხურ პოეზიასთან, საერთოდ, ხალხურ, “მდაბიურ” მეტყველებასთან დაახლოებისა”.

ალბათ, იგივე ტენდენციებს გულისხმობდა კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე, რომელსაც ვთხოვე ორიოდე სიტყვა ეთქვა განსვენებულ პოეტზე:

“როცა მურმან ლებანიძის პოეზიაზე ვფიქრობ, პირველ რიგში, ყურში ჩამესმის მისი ლექსის არაჩვეულებრივი ინტონაცია, გულიდან წამოსული და მკითხველთა გულებისკენ დაძრული ინტონაცია, რითაც იმთავითვე ესოდენ მახლობელი გახდა მისი პოეტური ფრაზა პოეზიის უამრავი მოყვარულისათვის. 60-ან წლებში ქართულ პოეზიაში ერთი საინტერესო რეფორმა განხორციელდა: პოეზიის მუზამ პარნასიდან ყოველდღიურობაში გადმოინაცვლა, პოეზია რეალურ ცხოვრებას დაუახლოვდა. ეს ძალიან საჭირო რეფორმა იყო და მურმან ლებანიძის წვლილი ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია; “სვანური რვეული”, გალაკტიონისადმი მიძღვნილი ციკლი, ან კიდევ ციკლი, რომელსაც “ფიქრები” ჰქვია, ჩვენი პოეზიის ძვირფასი შენაძენია, დიდი პოეზიის ნიმუშებია”.
XS
SM
MD
LG