Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ფაქტობრივად ყველა გაზეთი გამოეხმაურა ინდონეზიის კუნძულ მალიზე გასულ შაბათს მომხდარ ტერორისტულ აქტს,

რამაც ორასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” შენიშნავს, ეს ყველაზე საზარელი თავდასხმა იყო მშვიდობიან მოქალაქეებზე გასული წლის 11 სექტემბრის შემდეგ, თუმცა ტერაქტები ინდონეზიაში, სულაც არაა იშვიათი მოვლენა. გაზეთი განაგრძობს:

”მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი მუსლიმანური ქვეყანა მთელს მსოფლიოში, ინდონეზია, ტერორისტების, მათ შორის ”ალ-ყაიდის” წევრებისთვის ნავსაყუდლად იქცა. იმის გასაცნობიერებლად, რომ გადამწყვეტი ზომების მიღებაა აუცილებელი, ინდონეზიის მთავრობა არ უნდა დალოდებოდა კატასტროფას. 12 ოქტომბერს მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა, იემენის ნავსადგურში ამერიკის სამხედრო ხომალდ ”კოულზე” თავდასხმიდან ზუსტად ორი წლის თავზე, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დასავლეთის, და განსაკუთრებით ამერიკის ინტერესები კვლავაც რჩება ტერორისტების სამიზნედ, და რომ ტერორიზმთან მიმდინარე ომის დამთავრებამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია გასავლელი”.

ბრიტანეთის გაზეთ ”გარდიანს” მიაჩნია, რომ კუნძულ ბალიზე მომხდარი ტრაგედია შეერთებული შტატების მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული ომის არაეფექტიანობაზე მეტყველებს. გაზეთი წერს:

”ტერორისტების თარეშმა განარისხა მსოფლიო, თუმცა კრიტიკა გამოითქმის იმ მთავრობების მისამართითაც, ტერორს რომ გამოუცხადეს ომი, რომელსაც ამგვარი თავდასხმების ალბათობა უნდა შეემცირებინა. არცერთ საღად მოაზროვნეს არ მოუვა თავში დასავლეთის ლიდერებს ტერორისტების მიმართ შემწყნარებლობა დასწამოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტერორიზმის აღსაკვეთად, ფაქტობრივად ძალზედ ცოტა რამ გაკეთდა. ტერორთან ომმა დაგვანახა, რომ ”ალ-ყაიდის” ბაზები, საუბედუროდ არაა შემოფარგლული რომელიმე კონკრეტული ტერიტორიით, რომელზეც შესაძლებელი გახდებოდა მათი განადგურება, და რომ ჰამბურგსა თუ ფლორიდაში, ნაქირავებ ბინებსა და ჯინსებში გამოწყობილ ტერორისტებთან საბრძოლველად ახალი მეთოდების შემუშავებაა საჭირო. აუცილებელია იმის მიღწევაც, რომ მუსულმანური ქვეყნების მოსახლეობამ ზურგი შეაქციოს ტერორისტებს.”

მეორე სტატიაში ”გარდიანი”, კუნძულ ბალიზე მომხდარი ტერაქტის კომენტირებისას გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ თავდასხმით, ტერორისტებმა, უნებლიეთ, ინდონეზიელ ისლამისტ ექსტრემისტებს მიაყენეს დარტყმა. გაზეთი დასძენს:

”ეგვიპტეში, მას შემიეგ, რაც ტერორისტებმა უცხოელი ტურისტები დახოცეს ლუქსორის ტაძარში, მოსახლეობამ ზურგი შეაქცია რადიკალებს, მთავრობამ გააძლიერა მათს წინააღმდეგ ბრძოლა და, მართალია, ქვეყანაში არ შეწყვეტილა ისლამიზაციის პროცესი, მაგრამ იგი უფრო მშვიდობიანად და ზომიერად მიმდინარეობს. რაც შეეხება ინდონეზიას, რადიკალი მუსლიმანების პოზიცია ამ ქვეყანაში,
ეგვიპტესთან შედარებით, ყოველთვის ბევრად სუსტი იყო, ხოლო კუნძულ ბალიზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ხალხი ალბად საბოლოოდ გაემიჯნება ექსტრემისტებს”.

ლონდონის ”ტაიმსის” აზრით, ტერაქტებმა დაგვანახა, რომ ისლამისტ ექსტრემისტთა სამიზნე დასავლეთის მოქალაქენი გახდნენ, განურჩევლად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დასავლურ ცივილიზაციას რადიკალური ისლამი თავის მტრად მიიჩნევს.
გაზეთი დასძენს:

ამგვარ ვითარებაში დასავლეთმა არამც და არამც არ უნდა დაუშვას ცივილიზაციათა დაპირისპირება, ტერორისტები უნდა გამოაცალკევოს ისლამური სამყაროსაგან, ვინაიდან რადიკალური ანტიისლამური განცხადებები ექსტრემისტების წისქვილზე ასხავს წყალს. ხოლო ისლამურ სახელმწიფოთა ლიდერებმა უნდა გაიცნობიერონ ის ფაქტი, რომ ისლამისა და დასავლეთის დაპირისპირება კატასტროფა იქნება ორივე მხარისთვის”.

გაზეთ ”დეილი ტელეგრაფის” მიმომხილველი ლამაზი დასვენებისა და განცხრომის მოყვარულ დასავლელ ტურისტებს მოუწოდებს, კვლავაც ეწვიონ კუნძულ ბალის, არ თქვან უარი ლამაზი კუნძულის მონახულებაზე, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით შეიძლება დაუმტკიცო ტერორისტებს, რომ ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ვერ მიაღწევენ საწადელს. ხოლო გერმანიის გაზეთ ”ველტის” აზრით, აქამდე მხოლოდ ამერიკა იყო ჩაბმული ტერორიზმთან ომში, ევროპა კი მშვიდად ცხოვრობდა. მაგრამ კუნძულ ბალიზე მომხდარმა ტერაქტმა ევროპელებს შეახსენა, რომ ისინი განზე ვერ გადგებიან. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”ტერორისტების მიზანია, გაანადგურონ ისრაელი, შეერთებული შტატები გააძევონ ახლო აღმოსავლეთიდან და ნავთობი გამოიყენონ იარაღად მაღალგანვითარებული დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ. ის, რომ ტერორისტებს ევროპის ეკონომიკის დაზარალება აქვთ განზრახული, საფრანგეთის ტანკერ ”ლიმბურგზე” ამას წინანდელმა თავდასხმამ დაადასტურა. აქამდე ტერორისტები, ევროპას ამერიკაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ იმ მიზეზით, რომ ევროპა უფრო სუსტია, თუმცა ვერანაირი შემწყნარებლობა, ვერანაირი დაშოშმინება ვერ შეაჩერებს ტერორისტებს და ვერ იხსნის ევროპელებს მათი თავდასხმებისაგან”.

”სადამის 100 პროცენტი” – ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი ”ზიუდოჩე ცაიტუნგი” ერაყში სამშაბათს ჩატარებულ რეფერენდუმს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”სადამ ჰუსეინმა, მართალია ძნელად, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც შეძლო 15 ოქტომბერს მოწყობილ რეფერენდუმში ხმების ასი პროცენტის მიღება. თუმცა, ბელადისადმი უსაზღვრო სიყვარულის დასტურად მიცემული კიდევ ორი პროცენტი ხმებისა ალბად არავის გააკვირვებდა. ერაყში დამკვიდრებული ”დემოკრატიის” გათვალისწინებით, ერთი წუთითაც არ უნდა შეგვპარვოდა ეჭვი, რომ სადამ ჰუსეინი მიიღებდა უფლებას, კიდევ 7 წელი დარჩეს თანამდებობაზე, რომელიც 1979 წელს ერგო მემკვიდრეობად ქვეყნიდან წასული სხვა ლიდერებისგან. თავისთავად იბადება კითხვა: რა საჭირო იყო ამგვარი ფარსის მოწყობა, ანუ ვის სჭირდებოდა არჩევნები წინასწარ ცნობილი შედეგით? საქმე ის არის, რომ მეორე კანდიდატი ცნობილია – ეს ჯორჯ ბუში გახლავთ. ბოლოს, ან სადამი გაიმარჯვებს და ბუში დამარცხდება, ან პირიქით”.
XS
SM
MD
LG