Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენ ხანს გასტანს იდილია რუსეთ-საქართველოს შორის?


გასული კვირის რუსეთის პრესაში კვლავ დიდი ადგილი ეთმობა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას,

რომელიც კიშინიოვის სამიტის შემდეგ კვლავ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა და, რომ არა ქვეყნების ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის დროს თბილისის "ლოკომოტივზე" მომხდარი სკანდალი, ეს უჩვეულო იდილია, შესაძლოა, ცოტა ხანს კიდევ გაგრძელებულიყო.

გაზეთი"როსიისკაია გაზეტა", როგორც ყოველთვის რადიკალიზმით გამოირჩევა და საფეხბურთო მატჩის დროს ელექტროენერგიის გათიშვას, ირონიულად, შევარდნაძის კიდევ ერთ "მოკლე ჩართვას"უწოდებს. თუმცა, საქართველოს ლიდერთან ერთად, გაზეთი მკვახე სიტყვებს არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით იშურებს, რომელიც, გაზეთის თქმით, ჯერ ტერორისტების ბაზების დაბომბვით ემუქრებოდა საქართველოს, შემდეგ კი პრეზიდენტ ბუშის ბრძანებას დაემორჩილა და ტონი შეიცვალა.

15 ოქტომბრის "როსიისკაია გაზეტა" წერს: "ჯორჯ ბუშმა პუტინს აუკრძალა შევარდნაძისთვის ტრავმის მიყენება და მასთან მეგობრობა უბრძანა. ასეც მოხდა. კიშინიოვის სამიტის შემდეგ ყველა მეგობრული გრძნობით ალაპარაკდა საქართველოსა და მისი ინტელიგენციის მიმართ. ფეხბურთელებთან ერთად საქართველოში ხომ საუკეთესო ადამიანებით სავსე თვითმფრინავი ჩაფრინდა. ერთი სიტყვით, ამერიკელებისადმი საერთო სიყვარულის გამო, მოსალოდნელი იყო დიდი მეგობრობის დაწყება ელიტებს შორის, მაგრამ სტადიონზე შუქი ჩაქრა და მასთან ერთად ჩაიბჟუტა მეგობრობის პერსპექტივები."
თუმცა, "როსიისკაია გაზეტასგან" განსხვავებით, საფეხბურთო მატჩის ჩაშლა სამყაროს დასასრულად სულაც არ მიაჩნია გაზეთ "იზვესტიას", რომლის 14 ოქტომბრით დათარიღებულ სტატიაში ნათქვამია:

"მატჩი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადათამაშდება. მაგრამ შეუძლებელია საგარეო პოლიტიკის საბედისწერო შეცდომების, "სუსტის" დაჩაგვრის, შეურაცხყოფისა და დამცირების სურვილთა გადათამაშება. შაბათ ღამეს თბილისში ბნელი ისტორია დატრიალდა. მაგრამ წყვდიადში ჩაძირულმა სტადიონმა, გაავებული გულშემატკივრების ყიჟინამ, ქვებით სავსე პომიდვრებმა, ფეხბურთელთა ავტობუსისკენ რომ მიფრინავდნენ, უნდა გამოაფხიზლოს კავკასიის ქედის ორივე მხარეს მყოფი პოლიტიკოსები. ჩვენ ვცხოვრობთ ორ ახალგაზრდა და სუსტ სახელმწიფოში, რომლებიც უნდა დაეხმარონ ერთმანეთს ისტორიული ჭაობიდან ამოსვლაში."

საერთო საქმის დაწყებას კი კიშინიოვის სამიტზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ წინასწარი შეთანხმებით შეეცადნენ. მოგვიანებით - უფრო ზუსტად, 17 ოქტომბერს - პრეზიდენტების ნება ქვეყნის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებმა აღასრულეს და ერევანში სპეციალურ ოქმს მოაწერეს ხელი. მასში, როგორც ირკვევა, სწორედ საზღვრის ერთობლივ პატრულირებაზეა საუბარი და არა ერთობლივ კონტროლზე, თუმცა დღემდე გაურკვეველია, თუ რა სხვაობაა მათ შორის. 18 ოქტომბრის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" წერს.

"ერევანში ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. პირველი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივ პატრულირებას შეეხება და მასში მოცემულია კომპლექსური გეგმა იმ ღონისძიებებისა, რომელიც ოპერატიული ინფორმაციების გაცვლას, საგუშაგოებს შორის "ცხელი ხაზისა" და საზღვრის ყველაზე მოწყვლად უბნებზე ერთობლივი პოსტებისა და კომენდატურების შექმნას ითვალისწინებს. ამასთან, წინასწარ შეთანხმდება ერთობლივი განაწესების შეხვედრის დრო და ადგილი. იგეგმება რადიოსიხშირეების გაცვლა. 2003 წელს კი საქართველო და რუსეთი ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო თანამშრომლობას მოაწერენ ხელს. ერევნის შეხვედრაზე რუს მესაზღვრეთა ხელმძღვანელმა გენერალმა კონსტანტინ ტოცკიმ განაცხადა, რომ შეთანხმებას უწყებების შტაბებისა და დაზვერვის თანამშრომლები ამზადებდნენ. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გენერალმა ვალერი ჩხეიძემ კი იქვე დასძინა, რომ "აღდგენილია ყველაზე მთავარი - ნდობის ფაქტორი."

თუმცა, საზღვარზე ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, იოლად ვერც ნდობის საბოლოოდ აღდგენა მოხერხდება და, მით უფრო, ვერც საქართველოსა და რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე არსებული უამრავი პრობლემის გადაჭრა. ამასთან დაკავშირებით, 17 ოქტომბრის "პარლამენტსკაია გაზეტა" აღნიშნავს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი პრეტენზია აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის გამო. სამთავრობო წრეებთან დაახლოებული გაზეთის თქმით, ოპერაციის დაწყება წინასწარ იყო შეთანხმებული ბანდფორმირებების ხელმძღვანელებთან, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტები როგორც საკუთრივ საქართველოს, ისე სხვა მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზეც გაფანტულიყვნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG