Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება სამხედრო ვეტერანებს ქუჩის აქციებისკენ უბიძგებს


საქართველოში ყველაფერი იყიდება, მათ შორის,

ომის მონაწილის დამადასტურებელი საბუთები. ვეტერანის სტატუსისადმი ასეთი დაუოკებელი ლტოლვა კი განპირობებულია იმ შეღავათებით, რაც საქართველოში კომუნალურ გადასახადებსა და საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობაზე ჯერ კიდევ შემორჩა. თუმცა სატატუსომანიისთვის ბოლო რომ მოეღო, საქართველოს ხელისუფლება ნაცადი გზით წავიდა - ნაცვლად იმისა, რომ დასჯილიყვნენ ყალბი საბუთებით მოვაჭრე მოხელეები, ჯოხი კვლავ სოციალურად დაუცველ ფენაზე გადატყდა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც ვეტერანებმა "სიორიძის შესწორება" შეარქვეს, ელექტროენერგიაზე დაწესებული მინიმალური შეღავათები ყველა კატეგორიის ომის მონაწილეებს გაუუქმდათ. ხელისუფლების ამგვარმა საქციელმა კი გასულ კვირაში ასობით ვეტერანი ქუჩაში გამოიყვანა.

საქართველოში ომის ვეტერანთა სამი თაობა არსებობს: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ე.წ. "ავღანელები" და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში ბრძოლაგადახდილები. ამ სამი, სრულიად განსხვავებული თაობისა და ბედისწერის ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ - ომის მონაწილის სტატუსი და ამ სტატუსით მინიჭებული სოციალური შეღავათები, რომლებსაც, კაცს ენა არ მოგიბრუნდება, პრივილეგია უწოდო. მაინც ჩამოვთვალოთ:
ეს არის უფასო მგზავრობა მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტით, კერძოდ, საბერძნეთიდან საჩუქრად მიღებული მოძველებული ტროლეიბუსებით, რომლებიც დენის ხშირი გათიშვის გამო დანიშნულების ადგილამდე ხშირად ვერც აღწევენ; თვეში 30 კილოვატსაათი ენერგია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ დღეში ერთხელ იხმარო ელექტროჩაიდანი; და თუ ვეტერანს გაუმართლა და იმ ქალაქში ცხოვრობს, სადაც ბუნებრივი აირის ცენტრალიზებული მიწოდება ხორციელდება, შეღავათებს ემატება 20 კუბმეტრი გაზიც. ყველაფერი ეს, კომუნალური გადასახადების 50 პროცენტიან შეღავათთან ერთად, საერთო ჯამში, თვეში 5-6 ლარს შეადგენს.

თუმცა, კანონით, სამხედრო მოსამსახურისა და ომის ვეტერანთა სტატუსის თანახმად, ხელისუფლებას ამ კატეგორიის მოქალაქეები, რომელთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 10 დან 15 ათასის ფარგლებში მერყეობს, საერთოდ უნდა გაეთავისუფლებინა კომუნალური და სხვა სახის საყოფაცხოვრებო გადასახადებისაგან. გარდა ამისა, მოქმედ სამსახურში მყოფი სამხედროებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის შესაბამის უწყებებს საგარანტიო წერილებით უნდა დაეფინანსებინათ ყველა გადასახადის 50 პროცენტი.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სამხედრო ძალებში დაახლოებით 100 ათასი კაცი მუშაობს, და ამას დავუმატებთ სამხედრო ვეტერანების სამივე თაობის ერთობლივ რაოდენობას, დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ხელისუფლების ასეთი ხელგაშლილობა მძიმე ტვირთად დააწვებოდა კომუნალურ სამსახურებს და გაზისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს.

ეს, რა თქმა უნდა, იცოდა საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ 1998 წელს, როდესაც სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონი მტკიცდებოდა, კარს იყო მომდგარი საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ შეღავათებით დახუნძლული კანონის მიღება მმართველ ძალას, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩეველთა მისაზიდად ესაჭიროებოდა.

როგორც კი არჩევნებმა ჩაიარა, საკანონმდებლო ვალდებულებებიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. პირველ რიგში, სამხედრო მოსამსახურეებს და ე.წ. ძალოვან უწყებებში მომუშავე გასამხედროებულ პირებს ეთქვათ უარი ყოველგვარ შეღავათებზე, შემდეგ კი ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებული პირების ჯერიც დადგა. მათ რიგრიგობით ჩამოერთვათ: მეტროთი უფასოდ მგზავრობის ბარათები, უფასო სამედიცინო მკურნალობის უფლება, ტელეფონით სარგებლობის 50% შეღავათი და, ბოლოს, ჯერი 30 კილოვატსაათის ღირებულების ელექტროენერგიაზეც მიდგა. თანაც, ეს ხდება იმ დროს, როდესაც ყველა ტიპის გადასახადის თანხა საქართველოში თითქმის გაორმაგდა, ხოლო შემწეობები, რასაც სოციალურად დაუცველი ფენები და, მათ შორის, სამხედრო ვეტერანები ღებულობენ, იგივე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი უყურადღებობა საქართველოს პრეზიდენტს ომის ვეტერანებმა სწორედ მაშინ შესჩივლეს, როდესაც 9 მაისის დღესასწაულზე უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისული ედუარდ შევარდნაძე, ის-ის იყო, აპირებდა წარმოეთქვა მორიგი ხოტბა და დაერწმუნებინა ომგადახდილი ხალხი, რომ ქვეყანას მათი ღვაწლი ახსოვს და სათუთ პატივსაც მიაგებს. თუმცა პრეზიდენტმა უეცრად მონახა გამოსავალი და ვეტერანების თვალწინ მთელი ცოდვები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს აჰკიდა, რომელიც თურმე აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელის განძრევის საშუალებას არ აძლევს. ეს, მართლაც, მრავალმხრივ ნიშანდობლივი სცენა გახლდათ.

მაგრამ ნამდვილი სოლომონისეული სიბრძნით დახუნძლული მაინც პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ სააქციო საზოგადოება "ეი-ი-ეს თელასის" გენერალური დირექტორის იგნასიო ირიბარენის სახელზე გაგზავნილი წერილია, რომელსაც ხელს ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა სიორიძე აწერს. წერილის თანახმად, ირკვევა, რომ პარლამენტში მზადდება ახალი კანონპროექტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეღავათებით უნდა ისარგებლონ სამხედრო ვეტერანებმა და მათთან სოციალურად გათანაბრებულმა პირებმა. ამიტომ ახალი ნორმების დამტკიცებამდე ელექტროენერგიაზე არსებული შეღავათები ომისა და სამხედრო ძალების ყველა ვეტერანს გაუუქმდა.

ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულ ვეტერანებს, რომლებმაც, პროტესტის ნიშნად, გასულ კვირაში რუსთაველის პროსპექტიც კი გადაკეტეს, ხელისუფლების წევრები ამშვიდებენ, რომ შეღავათების გაუქმება დროებითი ღონისძიებაა და რომ მათ აუცილებლად დაუბრუნდებათ დაკარგული კილოვატები, კუბმეტრები, სატელეფონო საუბრები და სულ მალე “ნათელ მომავალში” იცხოვრებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG