Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსის მსოფლიო დღეს მძიმე სტატისტიკით, მაგრამ მცირე იმედით ვეგებებით


1 დეკემბერს აღინიშნება შიდსის – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის – საერთაშორისო დღე. ამ დღეს ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ხოლმე თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას,

უკურნებელ სენს, რომელიც მხოლოდ წელს, მეცნიერთა ვარაუდით, 3 მილიონ ადამიანს წაართმევს სიცოცხლეს. გაერომ და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შიდსის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც, მართალია, სევდისმომგვრელ სტატისტიკას შეიცავს, მაგრამ, ამავე დროს, პაწაწინა იმედსაც გვიღვივებს, რომ დაავადების დამორჩილება შეიძლება მაინც მოხერხდეს. ამ ანგარიშის ზოგიერთ ადგილთან ერთად, გაეროს ერთი ექსპერტის მოსაზრებებსაც გაგაცნობთ.

როგორც უკვე გითხარით, შიდსის სტატისტიკა სევდისმომგვრელია. სევდისმომგვრელია ეს ანგარიში მთლიანად. იქ ვკითხულობთ, მაგალითად, რომ ამჟამად მსოფლოში, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 42 მილიონი ადამიანია ან შიდსით დაავადებული, ან მისი ვირუსის მატარებელი. მათგან ხუთი მილიონი წელს დაავადდა. მომავალ ათ წელიწადში კიდევ 45 მილიონი დაავადდება შიდსით, ძირითადად ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი კეთდება ვირუსის გავრცლების წინააღმდეგ.

დედამიწის მდიდარ სახელმწიფოებში ავადმყოფთა ძალიან მცირე ნაწილს მიუწვდება ხელი ე.წ. რეტროვირუსულ პრეპარატებზე. ანგარიში შეიცავს კიდევ ერთ საგანგაშო რიცხვს: პირველად ბოლო ოცი წლის მანძილზე, შიდსის ვირუსი მეტ ქალს აქვს, ვიდრე მამაკაცს. რეგიონებს რაც შეეხება, ამ მხრივ საქმე ასე გამოიყურება: განსაკუთრებით გავრცელებულია შიდსი აფრიკაში, საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში, მაგრამ ყველაზე სწრაფად ვრცელდება დაავადება აღმოსავლეთი ევროპისა და შუა აზიის სახელმწიფოებში. უზბეკეთში, წელს, შიდსის უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე წარსულ წლებში ერთად აღებული.

ამ ყველაფერთან ერთად, იგივე სტატისტიკა მეცნიერებს ამცნობს, რომ აფრიკის მაგალითმა, სადაც სენის გავრცელების ტემპი შენელდა, წარმოშვა იმედი, რომ დაავადების გავრცელება შეიძლება დამუხრუჭდეს. "შავ კონტინენტზე" ბოლო ხანს შეინიშნება ტენდენცია, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის ფეხმძიმე ახალგაზრდა ქალებს, ნაკლებად სჭირთ შიდსი. რას ემყარება სპეციალისტთა იმედი? მოუსმინეთ გაეროს ექსპერტს, ეპიდემიოლოგ მიშელ დე გრულარს:

[დე გრულარის ხმა] “თუკი მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფს განვიხილავთ, რომელშიც დაავადება აღარ ვრცელდება, ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც დაავადებული იყო, დაიხოცა. ამას ვერ ვიტყვით, როცა ახალგაზრდებზეა ლაპარაკი, რადგან აქ მართლაც ეცემა დაავადების გავრცელების სისწრაფე. ეს ყველგან არა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში ხდება, მაგალითად ზამბიაში, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ასევე უგანდაში, ამასვე იუწყებიან კამბოჯიდან და ტაილანდიდან.”

ანგარიშის ავტორების თანახმად, ამ ქვეყნებში, როგორც ჩანს, წარმატებით ჩატარდა პროფილაქტიკური სამუშაოები, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას შიდსისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების გზების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. დე გრულარი ფიქრობს, რომ ამ რეგიონებს უნდა მიბაძონ სხვა ქვეყნებმაც. მისი თქმით, მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება არ არის საკმარისი. უნდა დავრწმუნდეთ იმაშიც, რომ ინფორმაციამ ადრესატს მიაღწია და ადამიანთა ქცევაზე ზემოქმედება იქონია. ის, რასაც ხალხს ავუხსნით, მათთვის კომფორტის მიმტანი უნდა იყოს და არა მხოლოდ აკრძალვისა.

როგორც გითხარით, ანგარიშის ავტორთა კვლევამ გამოავლინა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში და შუა აზიაში მდგომარეობა შემაშფოთებელია. მრავლისმეტყველია ასეთი მონაცემი: აზერბაიჯანსა და უზბეკეთში ახალგაზრდა ქალთა მესამედმა არც კი იცის, რა არის შიდსი.

რუსეთშიც ანალოგიური ვითარებაა. იქ დაუცველი სექსი ჩვეულებრივი მოვლენაა; ასე რომ, მოსახლეობა მუდმივ რისკს სწევს, დაავადდეს. იგივე ითქმის ნარკომანებზე, რომელთა ნახევარი ქალაქ ტოლიატიში, სადაც გამოკვლევა ჩატარდა, ვირუსის მატარებელია და დიდმა ნაწილმა ეს არც კი იცის. გაეროს ანგარიშის შემდგენელთა აზრით, მთლიანად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში, სადაც არაერთი პროექტი მოქმედებს ამ მხრივ, საჭიროა პროგრამების გაფართოება.

მიშელ დე გრულარი და სხვა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება ახალგაზრდობას:
[დე გრულარის ხმა] “თუკი ქვეყანაში ახალგაზრდებს შორის შიდსი ფართოდ არის გავრცელებული, ეს მეტად უარყოფითი ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ისინი შემდგომ მოწიფულ ასაკში შევლენ და არა მხოლოდ დაავადებულთა რიცხვი იქნება დიდი, არამედ გაიზრდება რისკი, რომ სენი შემდგომ თაობაშიც სწრაფად გავრცელდება.”

ეს კი აღმოსავლეთი ევროპის მომავლისთვის კატასტროფაა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში რეგისტრირებულ ყოველ ხუთ ახალ დაავადებულს შორის, ოთხი 29 წლამდე ასაკისაა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG