Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჰიუმან რაიტს უოჩის” კრიტიკა აშშ-ის მისამართით


ადამიანის უფლებათა დამცველი ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის, “ჰიუმან რაიტს უოჩის” შტაბ-ბინა ნიუ იორკში მდებარეობს. თუმცა, ამ გარემოებას არასოდეს შეუშლია ხელი

მის მიერ სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ-ის გაკრიტიკებისათვის. ასეა ამჯერადაც – ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ახალ საანგარიშო მოხსენებაში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ვაშინგტონის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას.

ეს კრიტიკა შეერთებული მთავრობის ანტიტერორისტულ ძალისხმევას უკავშირდება და პირველ რიგში ეხება ვაშინგტონის თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომლებიც ადამიანის უფლებათა ყველაზე უხეშ დამრღვევებს მიეკუთვნებიან. მაგალითებად სახელდებიან პაკისტანი, ჩინეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ანუ ვაშინგტონის მეტად მნიშვნელოვანი მოკავშირეები ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ომში. ამ ქვეყნებთან ანტიტერორისტული პარტნიორობის გასაგრძელებლად თეთრი სახლის ადმინისტრაცია თვალს ხუჭავს მათი მთავრობების მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულზეო, წერენ ანგარიშის ავტორები. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ვაშინგტონის მიერ პაკისტანის სამხედრო მმართველის, ფერვეზ მუშარაფის მხარდაჭერაზე, რუსეთისა და ჩინეთის ლმობიერ შეფასებაზე იქ, კერძოდ ჩეჩნეთსა და სინიანში უმკაცრესი რეპრესიების მიუხედავად.

მეტიც: “ჰიუმან რაიტს უოჩის შეფასებით”, ვაშინგტონი თავადვე ღალატობს პრინციპებს, რომელთა ხელშეუხებლობას სხვებისაგან მოითხოვს. რად ღირს თუნდაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოელებისათვის უარის თქმა ჟენევის კონვენციით სამხედრო ტყვის სტატუსის მოთხოვნაზე, რითაც შეერთებული შტატების მთავრობამ თავისივე ქვეყნის საიმიგრაციო კანონი დაარღვია... [კენეთ როთის ხმა] “სულაც არ ვამტკიცებთ, რომ აშშ მსოფლიოში ყველაზე უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. მაგრამ ამერიკის სრულიად გამორჩეული გავლენიდან გამომდინარე, ბუშის ადმინისტრაციის მზადყოფნა, ტერორიზმთან ომის სახელით კომპრომისზე წავიდეს, ძალიან სახიფათო და კონტრპროდუქტიულ პრეცედენტს ქმნის”, ასე განმარტა შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა სამშაბათს გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე “ჰიუმან რაიტს უოჩის” დირექტორმა კენეთ როთმა.

როგორც ჩვენი ნიუ-იორკელი კორესპონდენტი, რობერტ მეკმეჰონი იუწყება, იმავე დღეს თეთრი სახლი გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან რიჩარდ ბაუჩერის თქმით, უსაფუძვლოა: [რიჩარდ ბაუჩერის ხმა] “დემოკრატია არის ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი მთელს მსოფლიოში და ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ ტერორიზმისაგან თავის დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიგვაჩნია ეკონომიკურ და პოლიტიკურ თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოება, რომელშიც ტერორიზმს გაცილებით უფრო უჭირს არსებობა”.

მოსაზრებას, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა არის ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული საუკეთესო იარაღი, ჰიუმან რაითს უოჩიც იზიარებს. ორგანიზაციის შეფასებით, ამიტომაც არის, რომ ვაშინგტონი, ადამიანის უფლებების ხელყოფაზე თვალის დახუჭვით, ხელს კი არ უწყობს, არამედ პირიქით, ხელს უშლის თავისივე ანტიტერორისტულ ძალისხმევას. [კენეთ როთის ხმა] “ის, რაც ხდება პაკისტანში, ავღანეთში, უზბეკეთში, ინდონეზიაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ჩეჩნეთში, ჩვენში ღრმა შეშფოთებას იწვევს. ერთი მხრივ, გვესმის პანიკაში ჩავარდნილების რეაქცია: “მოდი, ყველანაირი ზომა მივიღოთ ტერორისტების შესაჩერებლადო”. მაგრამ იმედია, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია გააცნობიერებს, რომ ადამიანის უფლებების პრინციპების უგულებელყოფა ხელს უშლის ანტიტერორისტულ ძალისხმევას” – ეს იმედი სამშაბათს “ჰიუმან რაიტს უოჩის” დირექტორმა გამოთქვა.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ “ჰიუმან რაიტს უოჩის” საანგარიშო მოხსენების ავტორთა კრიტიკა აშშ-ის გარდა დასავლეთის სხვა ქვეყნებისკენაც არის მიმართული. გმობენ, მაგალითად, ევროკავშირში იმიგრანტებისა და ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობის, მათ შორის ბოშებისადმი დამოკიდებულების გაუარესებას.
XS
SM
MD
LG