Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა შევარდნაძის იუბილესა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე


თუ გასული კვირის დასაწყისში საქართველოს თემა რუსეთის პრესაში, ძირითადად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტის გაშუქებით იყო წარმოდგენილი,

კვირის ბოლოს რუსეთის მასმედიის ყურადღების ცენტრში უკვე საქართველოს პრეზიდენტის პიროვნება მოექცა. ედუარდ შევარდნაძის იუბილეს უკლებლივ ყველა რუსული გაზეთი გამოეხმაურა და, როგორც ყოველთვის, საქართველოს პოლიტიკური ლიდერისადმი დამოკიდებულება ამჯერადაც ორპოლუსიანი გახლდათ.

25 იანვრის "მოსკოვსკი კომსომოლეცი" საქართველოს პრეზიდენტს დაბადების დღეს საკმაოდ მწვავე ირონიით ეხმიანება. სტატიაში, რომელსაც "ბატონის დღე" ეწოდება, გატარებულია აზრი, რომ ედუარდ შევარდნაძე თავის პოლიტიკურ დღეგრძელობას უნდა უმადლოდეს რუს სამხედროებს, რომლებმაც მის თვითმფრინავს ალყაშემორტყმული სოხუმიდან აფრენის ნებართვა მისცეს. და რაკი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში აფხაზეთის პრობლემას მთავარი ადგილი უჭირავს, სტატიის ავტორი ირონიულად შენიშნავს, რომ თურმე სწორედ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური ახლომხედველობის ბრალი ყოფილა, რომ რუსეთის სამშვიდობოები არა გუმისთაზე, არამედ ენგურის ხიდზე დგანან.

"მას შემდეგ, რაც 1993 წლის სექტემბერში აფხაზებმა შეთანხმება დაარღვიეს, შევარდნაძე გრაჩოვთან მოსალაპარაკებლად ადლერში ჩაფრინდა, - წერს "მოსკოვსკი კომსომოლეცი". - რუსეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მას შესთავაზა რუსი სამხედროების გუმისთის ხიდზე განლაგება, რითაც სოხუმი და აფხაზეთის მთელი ტერიტორია ქართველების ხელში დარჩებოდა. "ეს ოკუპაციაა!" - იყვირეს შევარდნაძის ამალაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა და უშიშროების შეფმა ირაკლი ბათიაშვილმა. შევარდნაძემ არაფერი უპასუხა და ამით საუბარი დამთავრდა. “როდესაც მე მოსკოვში ჩავედი, რათა სიტუაცია გადამერჩინა, - მოჰყავს კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას სიტყვები "მოსკოვსკი კომსომოლეცის" კორესპონდენტს, - მე მითხრეს: "ჩვენ ვიცოდით, რომ იგი(შევარდნაძე) ცუდი კაცია, მაგრამ არ გვეგონა, თუ იგი სულელიც იქნებოდა."


სულ სხვაგვარი აზრობრივი დატვირთვა აქვს 26 მაისის "ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საქართველოს ლიდერის მიერ განვლილ გზას საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი ალექსანდრ იაკოვლევი, აკადემიკოსი გიორგი არბატოვი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებენ. ის ფაქტი, რომ სამივე პიროვნება სხვადასხვა დროს შევარდნაძის თანამებრძოლად ითვლებოდა, მათ ინტერვიუების პოზიტიურ შინაარსზეც აისახება. "პერესტროიკის" ერთ-ერთი იდეოლოგის ალექსანდრ იაკოვლევის თქმით, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ედუარდ შევარდნაძის მიერ საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების კრიტიკა პოლიტიკანობაა და საერთო არაფერი აქვს მორალთან.


აკადემიკოსი გიორგი არბატოვი კი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს არათუ შეცდომა არ დაუშვია, არამედ, პირიქით, სწორედ შევარდნაძემ გამოასწორა უწყებაში არსებული ზოგიერთი შეცდომა და სიმახინჯე.
"იგი პრინციპული და პატიოსანი ადამიანია, რაც მან თანამდებობიდან წასვლითაც დაამტკიცა. ეს ნაბიჯი დრამატული აღმოჩნდა და, როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურეს, იგი არ იყო გამართლებული. შევარდნაძეს ძალიან რთულ ვითარებაში და რთულ პოსტზე მოუხდა მოღვაწეობა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ბუნებისა და ხასიათის თავისებურებათა გამო შევარდნაძე ღრმა პატივისცემას იმსახურებს. და მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა, რათა წარმატებით გაართვას თავი საქართველოს წინაშე მდგარ უამრავ პრობლემას."
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG