Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევარდნაძეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მატარებელმა გადაუარა


როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ფართოდ გააშუქეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კიევის არაფორმალური სამიტი და მისი მთავარი ინტრიგა - პუტინ-შევარდნაძის შეხვედრა,

რომლის ცენტრალური თემა აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაცია და სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა გახლდათ. თუმცა საგაზეთო სტატიების უმრავლესობას წითელ ზოლად გასდევს ირონიული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც თან ანექსიას უწოდებს კრემლის ქმედებებს აფხაზეთში და, თანაც, ყოველ ჯერზე იძულებულია, გაუგრძელოს მანდატის ვადა კონფლიქტის ზონაში მოქმედ რუს მშვიდობის დამცველებს.

სტატიაში, რომლის სათაურია " როგორც ყოველთვის", საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, როგორც ყოველთვის, მწვავედ აკრიტიკებს დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ზატულინი, რომელიც 28 იანვრის გაზეთ "როსიაში" საქართველოს ღია ანტირუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. ექომაგება რა ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცეულ აფხაზეთის მოსახლეობას, ზატულინი აცხადებს, რომ "აფხაზეთის მოსახლეობის მოქცევა რუსეთის მოქალაქეებად საქართველოსთვის უფრო დადებითი მოვლენაა, ვიდრე მათ მიერ საკუთარი მოქალაქეობის შენარჩუნება, რადგან რუსეთის მოქალაქის პასპორტის მიღებით, უფლებებთან ერთად, ადამიანი გარკვეულ პასუხისმგებლობასაც იძენს."

კონსტანტინ ზატულინი სხვა მხრივაც ამშვიდებს საქართველოს "ისტერიულ ხელისუფლებას" და დასძენს, რომ "თუკი აფხაზეთის მოსახლეობის 100 % აღმოჩნდება უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, საქართველოს არც ეს შეუქმნის პრობლემას, რადგან კონფლიქტის მოწესრიგებაში მთავარი ხომ ამ ტერიტორიის სტატუსია."

ზატულინისეულ ირონიულ პათოსს აგრძელებს 28-29 იანვრის გაზეთ "პრავდაში" გამოქვეყნებული სტატია. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას სოჭი-სოხუმის მიმართულებით მატარებლის მოძრაობის აღდგენის გამო, "ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მატარებელმა გადაუარა." ეს მეტაფორა კი, "პრავდას" აზრით, შემდეგს ნიშნავს: "როგორც ჩანს, ედუარდ ამბროსევიჩმა დახმარებისთვის ბიძია სემს მიმართა, იმან კი - ჩვენ აქ ერაყის ნავთობის გამო ერთმანეთს ვხოცავთ და შენი აფხაზური მანდარინისთვის არ გვცალია, ამიტომ რუსები არ გაყარო, გაეროს მანდატი გაუგრძელეო, -უბრძანა."

"შებრკოლების მანდატის" თემას, ამავე სათაურით, 31 იანვრის გაზეთი "ტრუდიც" განაგრძობს: "ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი მშვიდობის დამცველების საკითხი თბილისის საყვარელ შიდაპოლიტიკურ თემად იქცა. გასულ ზაფხულს საქართველოს პარლამენტმა მათი გაყვანის შესახებ სპეციალური დადგენილებაც კი მიიღო, თუმცა არავითარი რეალური ნაბიჯები ამას არ მოჰყოლია. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გულახდილად განაცხადა, რომ არ აპირებს რუსი სამხედროები ნებისმიერი საშუალებით დატოვოს კონფლიქტის ზონაში. თუ მოგვთხოვს საქართველო და გადაწყვეტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ჩვენ აფხაზეთიდან გავალთო. ალბათ, პუტინს შეეძლო დაემატებინა ფრაზა, რომელიც მან სხვა მიზეზთან დაკავშირებით წარმოთქვა: "მაგრამ მაშინ ვისაც დასამალად გაუხდება საქმე, თავის თავს დააბრალოს."

დასამალად კი, გაზეთ "ტრუდისა" და თითქმის ყველა რუსული გაზეთის აზრით, საქმე გაუხდება ისევ ქართველ და აფხაზ ხალხს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG