Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონოსპექტაკლი - მარჯანიშვილის თეატრში


ამ დღეებში მარჯანიშვილის თეატრში მონოსპექტაკლის პრემიერა გაიმართა - რეჟისორმა ქედი დოლიძემ სპეციალურად მსახიობ გურანდა გაბუნიასთვის დადგა თანამედროვე თბილისელი დრამატურგების,

ინგა გარუჩავასა და პეტრე ხოტიანოვსკის, პიესა "მიტევების დღე".

ფინანსურმა პრობლემებმა, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს კულტურას, ახალი ტენდენცია წარმოაჩინა ქართულ თეატრში - დამკვიდრდა მონოსპექტაკლების მოდა. დამკვიდრდა უპრებლომოდ, როგორც კანონზომიერება. მართლაც, "კანონზომიერია" - როცა ქვეყანას, ღვთის მადლით, მშვენიერი მსახიობები ჰყავს, სანახაობრივი სპექტაკლების დადგმა კი ვერ ხერხდება, რატომაც არ უნდა "მომრავლდეს" მონოდრამემი თბილისის თეატრების სცენებზე. როგორც წესი, ამ წარმოდგენებში რეჟისორის როლი მინიმალურია, მსახიობი ცარიელ სცენაზე გადაადგილდება და მაშინაც კი, როცა მშვენივრად თამაშობს, მაყურებელს მთქნარება უტყდება ხოლმე. ქედი დოლიძემ, როგორც ჩანს, გაითვალისწინა მონოსპექტაკლებისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, "ჩავარდნილი რიტმი" და ინგა გარუჩავასა და პეტრე ხოტიანოვსკსის პიესაში მთავარი როლის შესასრულებლად გურანდა გაბუნია მოიწვია - მსახიობი, რომელიც, მოგეხსენებათ, დაუშრეტელი ენერგიით გამოირჩევა და მარჯანიშვილელთა ამ ახალ სპექტაკლში "მიტევების დღე", ფაქტობრივად, თავის თავს თამაშობს - შუახნის ქალბატონს, რომელიც იძულებულია დატოვოს სამშობლო, დაცარიელებული სახლი (თაგვები რომ შესევიან) და შვილთან, ავსტრალიაში, გაემგზავროს საცხოვრებლად. [ხმა. "მიტევების დღე]

მაგრამ იმისათვის, რომ მაყურებელმა სიამოვნება მიიღოს მონოსპექტაკლისგან, არც მსახიობის მაღალი პროფესიონალიზმი და ემოციურობა კმარა, არც მხატვარ აივენგო ჭელიძის მშვენიერი დეკორაციები (როცა დეტალები აქტიურადაა ჩართული თამაშში) და არც ცალკეული რეჟისორული მიგნებები - დასახვეწია, პირველ რიგში, დრამატურგია, რათა ქალის საათნახევრიანი სპექტაკლი, ამბავი გარდასული ჟამის მშვენიერებისა, არ გადაიქცეს ერთი ღირსეული ქალის პათეტიკურ მონოლოგად, რომელიც მაყურებელს გულს აუჩუყებს, შეიძლება ატიროს კიდეც, მაგრამ "მიტევების დღეს" მალე დაავიწყებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG