Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ომი და კავკასია-შუა აზიის რეგიონის ქვეყნები


ბოლო დღეებში ჩვენს გადაცემებში ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ერაყში დაწყებულმა ომმა კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნებზე, უწინარესად კი, ცხადია, საქართველოზე.

20 მარტის გამოშვებაში სწორედ ამ საკითხზე მსჯელობს საინტერნეტო გამოცემა "იურეიშა ვიუ".

"იურეიშა ვიუს" თანახმად, რეგიონის ორად-ორი ქვეყანა, რომელმაც ერაყთან ომის საკითხში ცალსახად დაუჭირა მხარი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას, საქართველო და უზბეკეთი არიან. მათგან განსხვავებით, ტაჯიკეთმა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას "შეცდომა" უწოდა. რაც შეეხება რეგიონის დანარჩენ სახელმწიფოებს, მათს ოფიციალურ გამონათქვამებში აშკარად იგრძნობა სიფრთხილე.

მართალია, ცოტა ვინმე ფიქრობს, რომ შუა აზიასა და კავკასიას რამდენადმე მაინც შეიძლება შეეხოს ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედება, მაგრამ ბრძოლის ასპარეზთან შედარებითი სიახლოვე ამ ქვეყნების ხელმძღვანელებს აფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახით ომმა, შესაძლოა, მათზეც მოახდინოს არასასურველი გავლენა.

საკმარისია გავიხსენოთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის ორიოდე დღის წინანდელი განცხადება, რომ ერაყელთა ნაწილი უთუოდ ეცდება, სხვა ქვეყნებში გაექცეს ამერიკის ჯარის იერიშებს და ზოგმა მათგანმა თავშესაფარი იქნებ პანკისის ხეობაშიც ეძებოს. ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა ყირგიზეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმაც - ცხადია, თავის ქვეყანასთან მიმართებით.

პოლიტიკის აზერბაიჯანელი ექსპერტები შიშობენ, რომ ერაყში გაჩაღებული ომი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობილების გაღვივებას. ბაქოდან მიღებული ცნობების თანახმად, ერაყის საელჩოში უკვე არაერთმა აზერბაიჯანელმა გამოთქვა სურვილი, "ამერიკელი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში" მხარში ამოუდგეს "მაჰმადიან ძმებს".

სპეციალისტები ბევრს მსჯელობენ შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნებისთვის ერაყის ომის მოსალოდნელ ეკონომიკურ შედეგზეც. ეს განსაკუთრებით ეხებათ აზერბაიჯანსა და ყაზახეთს - ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკური წინსვლა გადაჯაჭვულია საკუთარი ბუნებრივი წიაღისეულის ექსპლუატაციასთან. როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა ნატიკ ალიევმა ამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, ერაყის ომმა შეიძლება შეაფერხოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა (და თუ ეს მართლაც მოხდა, ეკონომიკურად დაზარალებულთა შორის საქართველოც აღმოჩნდება).

შეშფოთებულია ყაზახეთის პრეზიდენტიც. მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასების დაცემას ყაზახეთში საბიუჯეტო კრიზისი შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ ნურსულთან ნაზარბაევმა უკვე გასცა განკარგულება, შემუშავებულ იქნეს გეგმა არასასურველი შედეგების მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

მიმომხილველები სწორედ ეკონომიკურ ფაქტორს (და, მასთან ერთად, სოციალურ ასპექტსაც) ასახელებენ იმის მიზეზად, რომ აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ყირგიზეთი თავს იკავებენ ბუშის ადმინისტრაციის აშკარა მხარდაჭერისგან. ამავე დროს, ისიც სრულიად ნათელია, რომ ვაშინგტონის მომდურება არც ერთ მათგანს არ სურს.

ერაყის კრიზისის ოფიციალურ კომენტირებას აშკარად ერიდება თურქმენეთი, რომელიც ცდილობს, თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ წარმოადგინოს. ამრიგად, რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ერაყთან ომის დაწყებისთვის ვაშინგტონი დაუფარავად გააკრიტიკა, ტაჯიკეთი გახლავთ. ამ ქვეყნის მთავრობამ ომის დაწყებას "დიპლომატიის მარცხი" უწოდა.
XS
SM
MD
LG