Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ომი - მიმზიდველი შოუ ტელეეკრანზე თუ უსასტიკესი განსაცდელი?


როგორც "უდაბნოს ქარიშხლის" დროს 1991 წელს,

ერაყის გასათავისუფლებლად დაწყებული საბრძოლო ოპერაციის ამსახველ კადრებსაც მსოფლიო პირდაპირი სატელევიზიო ჩართვებით ადევნებს თვალს. ეს სატელევიზიო ეფექტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ომმა დაკარგა ტრაგიკულობა და იგი დაემსგავსა შოუს "პირდაპირ ეთერში". და მაინც, რას წარმოადგენს ომი, თავად მებრძოლების შეფასებით? შევეცდები ამ შეკითხვას პასუხი გავცე აფხაზეთის ომის მონაწილესთან ერთად. პარალელურად გავიხსენებთ აფხაზური კამპანიის ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლას, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ სოხუმის მისადგომებთან გაიმართა.

10 წლის წინ, 1993 წლის 15 მარტს, გამთენიისას, ქალაქ სოხუმის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები გაჩაღდა. დროებითი სიმშვიდის შემდეგ, რაც 1992 წლის სექტემბერში გაგრის დაკარგვას მოჰყვა სოხუმის ფრონტზე, ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც, საქართველოს სამხედრო შტაბის მონაცემებით, რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დაგეგმეს და კაზაკურ-აფხაზურ- ჩრდილო კავკასიურმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. მიუხედავად სამხედრო დაზვერვის ინფორმაციისა, რომ სოხუმზე იერიში მზადდებოდა, ქალაქის დაცვის პირველ ეშელონში მყოფმა ძალებმა ყურადღება მოადუნეს, რითაც ისარგებლეს მოწინააღმდეგის სადივერსიო-საშტურმო ძალებმა - სოხუმის ახალ რაიონში შემოღწევა იოლად მოახერხეს და, პლაცდარმის უზრუნველსაყოფად, ცალკეულ შენობებში გამაგრდნენ. მოწინააღმდეგის იერიშის შეჩერება თავდაპირველად არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით დაიწყო, შემდეგ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სოხუმში განლაგებული დაჯგუფების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბრძოლაში განგაშით წამოყენებული ქვეითი ბატალიონები ჩაებნენ. ერთ-ერთ ქვედანაყოფში - კერძოდ, "შავნაბადას" ბატალიონში - იბრძოდა 19 წლის შალვა მინდიაშვილი. აი, როგორ აღწერს იგი 10 წლის წინანდელი ბრძოლის პერიპეტიებს:
[შალვა მინდიაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

სოხუმის დასაცავად 10 წლის წინ გადახდილი ეს ბრძოლები ერთი კვირის წინ არანაკლები აზარტით გაიხსენეს - ოღონდ, პოლიტიკური აზარტით - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ქვეყნის პრეზიდენტმა ვეტერანებთან გამართულ შეხვედრაზე. თუმცა ორივემ გვერდი აუარა შეკითხვას, თუ რატომ არ გაიცა მაშინ კონტრიერიშზე გადასვლის ბრძანება.

10 წლის წინანდელი ომის უცნობ დეტალებს ჩვენ რომელიმე უახლოეს გადაცემაში დავუბრუნდებით.

ამჯერად კი გაცნობებთ, რომ ჩვენი თანამოსაუბრე შალვა მინდიაშვილი "წვრთნისა და აჭურვის" პროგრამაში მონაწილე მე-16 გვარდიული სამთო-მსროლელი ბატალიონის მეორე ასეულის მეთაურია და იგი იხსენებდა ნამდვილ ომს, რომელიც მისმა თაობამ 10 წლის წინ გადაიხადა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG