Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მატულობს


ბაღდადში ვითარების განმუხტვამ 12 წლის ალისთვის რამდენიმე დღით დაიგვიანა: ბიჭუნას შინ ეძინა, როცა მის სახლს რაკეტა მოხვდა, ბავშვს ორივე ხელი მოაგლიჯა და მისი მშობლები და ძმა დახოცა.

ალი საავადმყოფოში მოათავსეს, მისმა ფოტოსურათმა კი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით უკვე მთელი მსოფლიო შემოიარა. ასეთია ერთი ეპიზოდი ტრაგედიიდან, რომელიც ერაყში ომით თავს დაატყდა მრავალ უდანაშაულო ადამიანს: თუ რამდენს და რა ვითარებაში, ამის გარკვევას შეეცადა ჩვენი რადიოს თანამშრომელი კეტლინ ნოქსი. გაგაცნობთ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას

გასულ კვირაში ერაყის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები იუწყებოდნენ ომში 1250-ზე მეტი სამოქალაქო პირის დაღუპვისა და 5 000-ზე მეტის დაჭრის შესახებ. მაგრამ ეს მონაცემები, გარდა იმისა, რომ დაძველებულია, შესაძლოა უზუსტოც იყოს. აქტუალური, თან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება კი ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ასეთი ინფორმაცია არ აღმოაჩნდა არც წითელ ჯვარს, რომელმაც სახიფათო ვითარების გამო დროებით შეწყვიტა ბაღდადში საქმიანობა. როგორც ამ ორგანიზაციის პრეს-მდივანმა ნადა დუმანიმ ოთხშაბათს უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, საავადმყოფოები გადავსებულია და მათგან ერთ-ერთი უდიდესი წყლისა და დენის გარეშეა დარჩენილი. [ნადა დუმანის ხმა] "გუშინ (და ვფიქრობ დღესაც იგივე ხდება) საავადმყოფოებში ტევა აღარ იყო, ვეღარ აუდიოდნენ ომში დაჭრილების მიღებას, დაჭრილების რიცხვის ასეთ მატებას".

საფრთხის თავიდან აცილებას ზოგი ერყელი შინ დარჩენით, ზოგი კი შინიდან გაქცევით ლამობს. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის კორესპონდენტმა ბაღდადში ერთი გოგონასაგან შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრების უმრავლესობა მანქანაში დაიღუპა, როცა ბაღდადში საომარი მოქმედებებისათვის თავის დაღწევას ცდილობდა.

ყველაზე საზარელი, რასაკვირველია ის კადრებია, რომელზეც პატარა გვამებს ვხედავთ, ის ცნობებია, რომლებიც ომის მსხვერპლ ბავშვებზე მოგვითხრობს... აპრილის დასაწყისში ამერიკელმა სამხედროებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად არ გაჩერდა. დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ამერიკელმა გენერალმა რიჩარდ მაირსმა მოგვიანებით სინანული გამოთქვა ამ ინციდენტის გამო.

საერთოდ, კოალიციის სამხედრო თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შეძლებისდაგვარად თავიდან ასაცილებლად და საამისოდ იყენებენ ლამის აბსოლუტური სიზუსტით მოქმედ იარაღს. აი, რას ამბობდა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ჯერ კიდევ 3 კვირის წინ: [რამსფელდის ხმა] "მიზანში ამოღების უნარი და მონდომება, რომელსაც ამ დროს იჩენენ, ... იმის ნახვა, რომ მიზანში ამოღებული ობიექტი ნადგურდება, სხვა ობიექტები კი ხელუხლებელი რჩება, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. შთაბეჭდილებას ახდენს ეს მონდომება და ჰუმანურობა".

მაგრამ რაც უნდა დიდი სიზუსტით ისროდნენ ბომბებსა თუ რაკეტებს, მათ და გასანადგურებლად შერჩეულ ობიექტებს შორის მაინც შესაძლოა აღმოჩნდნენ უდანაშაულო ადამიანები. ამართლებს თუ არა ასეთ მსხვერპლს ერაყში ომის მიზანი - სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა? ამ საკითხზე, როგორც ცნობილია, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

სხვათა შორის, 12 წლის ალის გადამხდარ ტრაგედიას (მის შესახებ ამ სიუჟეტის დასაწყისში გიამბეთ) მოჰყვა გაგრძელება, რომელიც ცოტათი მაინც შეამსუბუქებს ბიჭუნას მდგომარეობას: შეძლებულმა ინდოელმა ქალმა ალისთვის ხელების პროტეზის შეძენის სურვილი გამოთქვა, ბრიტანეთის ერთ-ერთმა საავადმყოფომ კი პატარა პაციენტის მკურნალობა ითავა.
XS
SM
MD
LG