Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრადიციულად, 26 მაისს ხელოვნებისა და ლიტერატურის მოყვარულები შოთა რუსთაველის პრემიის


ტრადიციულად, 26 მაისს ხელოვნებისა და ლიტერატურის მოყვარულები შოთა რუსთაველის პრემიის ახალი ლაურეატების ვინაობას შეიტყობენ. გასულ კვირას სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა

2003 წლის რუსთაველის პრემიის 13 კანდიდატი დაასახელა. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს ნომინანტთა სია მეტ-ნაკლებად წარმოაჩენს დღევანდელი ქართული კულტურის სახეს.

რუსთაველის პრემია არ არის ყოფილი "ხუთწლედის მატიანე", რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ "სახელმწიფო პრემია" დაარქვეს. როგორც ჩანს, ხელისუფლება, კერძოდ კი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო პრემიების კომიტეტი ჯერ კიდევ ცდილობს არ გაუტეხოს სახელი რუსთაველის პრემიას, რომლის ლაურეატებს საქართველოში ყოველთვის პატივს სცემდნენ. ამიტომაცაა, ალბათ, რომ 2003 წლის პრემიის კანდიდატთა შორის არ არიან კინემატოგრაფისტები - ჟიურის წევრებმა "არ გაიმეტეს" რუსთაველის პრემია ხელოვნების იმ დარგისთვის, რომელიც ჯერ კიდევ "გარდაცვლილ მდგომარეობაში" რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯილდოს "ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის პრემია" ჰქვია, კომიტეტმა ისევ უყურადღებოდ დატოვა არქიტექტურა, ე.ი. აღიარა, რომ მასობრივი მშენებლობა თბილისში უფრო "ნგრევას" ჰგავს, ვიდრე მხატვრული თვალსაზრისით საყურადღებო ნაგებობების მშენებლობას. სამაგიეროდ, რუსთაველის პრემიის ახალ კანდიდატებს შორის ბევრია "თეატრალი" - სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სპექტაკლის "მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი"-ს დამდგმელები, რეჟისორი თემურ ჩხეიძე, აგრეთვე, გიორგი გეგეჭკორი და კოტე მახარაძე (გარდაცვალების შემდეგ). ტრადიციულად, პრემიების კომიტეტმა დაიცვა ბალანსი ხელოვნების სხვა დარგებს შორის: ნომინანტთა სიაში მოხვდნენ მუსიკოსები (მარინე იაშვილი, ვახტანგ კახიძე, ვაჟა აზარაშვილი, აჭარის სახელმწიფო კაპელა), მხატვრები (თეიმურაზ გოცაძე, მამია მალაზონია) და, რა თქმა უნდა, მწერლები... ლიტერატურას პრეზიდენტთან არსებული კომიტეტი ყოველთვის უწევდა ანგარიშს. თუ მწერლობა "ერის სინდისია", რუსთაველის პრემიის ლაურეატთა შორის მწერლების "არდასახელებას" მავანი "უსინდისობად" მიიჩნევდა. მაგრამ ჟიური ამ შემთხვევაშიც არ გასცდა პოლიტკორექტულობის ჩარჩოებს და ნომინანტების საინტერესო თაიგული წარმოგვიდგინა - რეზო ამაშუკელი, გურამ დოჩანაშვილი, ბესიკ ხარანაული, იზა ორჯონიკიძე. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, მწერალთა საერთო-ეროვნულ კავშირს არ დაუსახელებია. მაგრამ რუსთაველის პრემიების კომიტეტისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას დაანახვოს, რომ ვიწრო, პარტიულ ინტერესებს უმკლავდება. ნომინანტთა შორის გურამ დოჩანაშვილთან ერთად ედუარდ შევარდნაძის ერთგული პოეტის, რეზო ამაშუკელის, დასახელება იმის მანიშნებელია, რომ პრეზიდენტთან არსებული კომიტეტი ამას მეტ-ნაკლებად ახერხებს. სულ მალე შევიტყობთ, რომელი მიმართულებით გადაიხრება სასწორი - "მეტისკენ" თუ "ნაკლებისკენ".
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG