Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქართულ სახლი”


არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქართველი პოლიტიკოსების ლექსიკა “მდიდრდება” სიტყვებით: “ერი”, “ეროვნული”, “ქართული”... ეროვნულზე მანიპულირება ისევ მოდაში შემოდის.

და არამარტო პოლიტიკაში. ამ დღეებში არქიტექტურულმა კომპანია “არსმა” ქართული ყოფითი არქიტექტურის თანამედროვე დიზაინში დამკვიდრება გადაწყვიტა – ქარვასლაში მოეწყო პრეზენტაცია ახალი პროექტისა “ქართული სახლი”. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნიმუშები ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებს დაემსგავსოს.

... ეს არ იქნება ხელოვნური, გაუაზრებელი “გადაღება” თუ “გამრავლება” ყველაფერი იმისა, რაც აქამდე გაკეთებულა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. არქიტექტურულმა კომპანიამ, რომელიც “ქართული სახლის” პროექტს
ახორციელებს, თავის თავს “არსი” უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მესვეურები ცდილობენ ჩასწვდნენ არსს ეროვნული მხატვრული ფორმისა და არ აპირებენ მხოლოდ ჩუქურთმებითა და თაღებით გადატვირთონ ჩვენი არქიტექტურა.

თანამედროვე ქართული ინტერიერი, ახლად გახსნილი ბარები, რესტორნები, კლუბები მოჩუქურთმებული ჯვრების, ვაზის ფოთლებისა და ყურძნის მტევნების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. მაგრამ “ქარვასლაში” წარმოდგენილი ახალი პროექტის - “ქართული სახლის” ექსპონატებზე, ფოტოებზე, რომლებიც ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გადაღებული, “ბარ-რესტორნების” ინტერიერის დეტალებს ვერ იხილავდით. პროექტის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს მე-16 – მე-19 საუკუნეების ქართული საცხოვრებელი სახლის დავიწყებულ დეტალებზე. მათი აზრით, ამ დეტალების აღდგენა თანამედროვე მასალაში - მინაში, ბეტონსა თუ აგურში - ძირეულად შეუცვლის სახეს დღევანდელ “ქართულ ინტერიერს”. გარდა ამისა, პროექტი პოპულარიზაციას გაუწევს ძველ ქართულ არქიტექტურას და ეგრეთ წოდებულ “ღია ცის ქვეშ მუზეუმს”, რომელსაც ხელისუფლება თითქმის არ აქცევს ყურადღებას. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები - პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც “ახალ ქართველთა” საცხოვრებელი სახლების ინტერიერებზე, მათ ჩაცმულობაზე ზრუნავენ, კეთილინებებენ და ეწვევიან უაღრესად მდიდარ და მრავალფეროვან ეთნოგრაფიულ მუზეუმს, დაათვალიერებენ არა მხოლოდ დასავლურ ჟურნალებს, არამედ კახური, აჭარული, იმერული სახლის ნიმუშებს, რომლებიც “ღია ცის ქვეშ” მუზეუმშია წარმოდგენილი.

“წარსული ვითარდება მომავალში” – გვარწმუნებენ “ქართული სახლის” პროექტის ავტორები და ჯერჯერობით მხოლოდ “წარსულის დეტალებს” გვთავაზობენ. მაგრამ ყველაზე რთული სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელია: იმისათვის, რომ ეროვნული მხატვრული ფორმა თანამედროვეს, მოდურს მოერგოს, თავად ავტორი, ინტერპრეტატორი უნდა გრძნობდეს წარსულისა და მომავლის ერთიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიზაინერიც იმ ქართველ პოლიტიკოსს დაემსგავსება, რომელიც განუწყვეტლივ ახსენებს სიტყვას “ეროვნული”, მაგრამ მხოლოდ “ორნამენტის”, “ჩუქურთმის” სახით.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG