Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავე რესპირატორული სინდრომი ანუ ატიპური პნევმონია


მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

ყოველდღიურად რაიმე ახალს იუწყებიან მწვავე რესპირატორული დაავადების შესახებ - ამ სინდრომს ატიპურ პნევმონიასაც უწოდებენ. მხოლოდ სტატისტიკა ვერ იძლევა სწორ სურათს. ის, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ მწვავე რესპირატორული სინდრომით გარდაცვალების ახალი შემთხვევებისა და ამ სენით დაავადების კიდევ 159 შემთხვევის შესახებ გამოაცხადა და, რომ ჩინეთში ხსენებული დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი 200-ს აღემატება; ის, რომ იქ 5000-მდე დაავადებულია, მეტიც, ამ ქვეყანაში 100 მილიონი მოხეტიალე მუშაა, რომელიც დაავადების ლოკალიზაციას შეუძლებელს ხდის, ადამიანს საფრთხესა თუ უსაფრთხოებაზე რეალურ წარმოდგენას ვერ უქმნის. ამასთან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში, რომელზეც ლაპარაკობენ, და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, როგორია სტატისტიკური მონაცემები სხვა, მსგავსი დაავადებების შესახებ. ერთ მაგალითს მოვიყვან: 98-99 წლების გრიპის ეპიდემიის დროს გერმანიაში 15 ათასი ადამიანი დაიღუპა გრიპის მიერ მიყენებული ზიანით, 4 მილიონი დროებით შრომისუუნარო გახდა. ჯანმრთელობის დაცვის სისტემას რამდენიმე მილიარდი დოლარი დაუჯდა ეპიდემია. ეპიდემია ხშირად, პირველ რიგში, ეკონომიკას დაემუქრება ხოლმე. არა მხოლოდ იმის გამო, რომ შრომისუუნაროთა რიცხვი იზრდება, არამედ იმიტომაც, რომ იზრდება მკურნალობის ხარჯები და, ამასთან, მოსახლეობაში იბუდებს შიში, ხალხის ქცევა იცვლება. ჩვენმა გერმანელმა კოლეგამ, რადიოსადგურ "დოიჩლანდფუნკის" რედაქტორმა დასავლეთ გერმანიის "ლანდესბანკის" ერთ-ერთ წამყვან თანამშრომელს ულრიხ ჰომბრეხერს ჰკითხა, მასმედია მომხმარებელს მსოფლიოს ეკონომიკაზე სინდრომისა და მისი შედეგების მასშტაბურ ზეგავლენაზე ელაპარაკება და, თქვენი აზრით, არის თუ არა ეს პრობლემაო. ბანკის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ თუკი დაავადება თვეობით გაგრძელდა და გავრცელდა, ის მრეწველობაზე აუცილებლად იმოქმედებს. მაგრამ, ჰომბრეხერის თანახმად, უნდა განვასხვაოთ გავლენა ჰონკონგსა და სინგაპურზე, რომლებიც ქალაქ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, და ჩინეთზე, მოსახლეობის მიხედვით, მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაზე. სინგაპურის და ჰონკონგის ეკონომიკა სამომხმარებლო სფეროს ეყრდნობა და დაზარალდა შესაბამისი სფეროები. იგივე ითქმის საცალო ვაჭრობაზე. ისე რომ, ამ გერმანელი ბანკირის აზრით, პატარა სახელმწიფოებმა მწვავე რესპირატორული სინდრომით თავიანთი მოქალაქეების დაავადება იგრძნეს. სხვაა ჩინეთი. იქ სინდრომით გარდაცვლილთა რაოდენობა თავისთავად მაღალია, მაგრამ ამოდენა ქვეყნისთვის გავლენა მცირეა. ჩინეთს, შეიძლება, გარედან ზეწოლის გარეშე, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ასე არც ეაქტიურა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გრუ ჰარლემ ბრუნდტლანდმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ ჩინეთში დაავადების გავრცელებას ჯერ არ მიუღწევია პიკისთვის. მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების პირველი შემთხვევა შარშან ნოემბერში დაფიქსირდა ჩინეთის გუანდონგის პროვინციაში. მას შემდეგ ამ სენით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 7000-ს აღემატება. აქვე გაგაცნობთ კიდევ ერთ მოსაზრებას, რომელიც გამოთქვა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვოლფგანგ პრაიზერმა. მან, გარდა იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლების თავდაპირველ დუმილზე ილაპარაკა, - პეკინი, როგორც ცნობილია, დიდხანს მალავდა დაავადების არსებობას, - ის იმ მოქმედების გამოც გააკრიტიკა, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების დუმილი შეცვალა. ამ ქვეყანაში ახლა უკვე 10 ათასი ადამიანი იმყოფება კარანტინში. პრაიზერის თქმით, ჩინეთში ძალიან სწრაფად ახდენენ იმ მოქალაქეების იზოლირებას, რომლებსაც სიმპტომები აქვთ. ეს კი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის თანამშრომლის აზრით, ამ ადამიანების მიმალვას შეუწყობს ხელს. მაგრამ ამ სფეროში, როგორ პრაიზერმა განაცხადა, ჩინეთის ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია. კიდევ ერთი: რუსეთმა მთლიანად დაკეტა საზღვრები ჩინეთთან.
საკუთრივ დაავადებას რაც შეეხება, ერთ ცნობას გაგაცნობთ: ბავშვებს, ყოველ შემთხვევაში, 8 წლამდე ასაკისა, რომლებიც ინფიცირებული არიან მწვავე რესპირატორული სინდრომით, არა აქვთ ის მძიმე სიმპტომები, რომელიც ყველა სხვა ასაკოვან ჯგუფს ახასიათებს - სუნთქვის შეზღუდვა და კუნთების ტკივილი. ჰონკონგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული დაკვირვებით, ყველა შემთხვევიდან ბავშვებს ერთხელაც არ დასჭირვებიათ ხელოვნური სუნთქვის აპარატის დახმარება, განსხვავებით მოზარდებისგან. როგორც ირკვევა, ბავშვის იმუნური სისტემა არ არის საკმარისად მომწიფებული და ეს ამ სინდრომის შემთხვეაში კარგიც კი არის, რადგან ზიანს ორგანიზმს, განსაკუთრებით ფილტვებს, ვირუსი კი არ აყენებს, არამედ ამ ვირუსზე ორგანიზმის დამცველი ძალების რეაქცია. პირველ მაისს ინტერნეტში ამერიკულმა "საიენსმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია მიკვლეული ვირუსის გენების შესახებ. ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, რათა გენეტიკოსებს ყველგან მიეცეთ საშუალება მისი საწინააღმდეგო საშუალებების შექმნისთვის. ატიპური პნევმონიის გამომწვევი ვირუსი იმავე ტიპისაა, როგორიც სასუნთქი გზების მსუბუქ დაავადებათა მესამედის გამომწვევი ვირუსი. "საიენსში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორის თანახმად, ეს არის კორონავირუსის მეოთხე, დღემდე უცნობი, ტიპი. ექიმებს მისი დადგენა დაავადების საწყის ეტაპზეც შეუძლიათ ნაცხის აღებით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ანალიზის უარყოფითი შედეგი არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას. ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ ამ სინდრომის საწინააღმდეგო ნივთიერების ახლო მომავალში შექმნას. თეორიულად ფარმაკოლოგიურ მრეწველობას შეუძლია შექმნას ეს საშუალება, მაგრამ საკითხავია, ხედავს თუ არა ის საკმაო მოცულობის ბაზარს მისი გასაღებისა. უკეთეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ ვაქცინას. მაგრამ ერთი-ორი წელიწადი მაინც დასჭირდება ამგვარი საშუალების გამოცდას და შემდეგ წარმოების მოცულობის გაზრდას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG