Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა აღდგენითი პროცესი ერაყში, და ნატოში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის შვიდი ყოფილი კომუნისტური ქვეყნის გაწევრიანების მხარდაჭერა აშშ-ის სენატში.

ამ ორ საკითხს გავაშუქებთ უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

როგორც გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, შეერთებული შტატების მიერ ერაყის ოკუპაციის პირველი დღეები, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის ჯეი გარნერის მეთაურობით უხეიროდ წარიმართა, ხოლო პოლ ბრენერს, რომელიც დროებითი ადმინისტრაციის განახლებულ გუნდს უხელმძღვანელებს ერაყში, დროულად მართებს ქმედითი ზომების მიღება. გაზეთი წერს:

"ერაყელმა ხალხმა შვებით ამოისუნთქა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ბოლო მოეღო ბაათის პარტიის ულმობელ დიქტატურას, რამაც 30 წელიწადზე მეტ ხანს გასტანა. მაგრამ თუ დროებითი ადმინისტრაცია ახალდანიშნული პოლ ბრენერის მეთაურობით დროზე არ მიიღებს ერაყში ქმედით ზომებს, ხალხის საზეიმო განწყობა იმედგაცრუებით შეიცვლება. მოსწონს მას ეს თუ არა, შეერთებულ შტატებს ევალება დღეს ერაყელი ხალხის უშიშროების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა."

გაზეთ "ტაიმსის" აზრით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი ერაყთან ომის მსხვერპლი გახდა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"დასავლეთის იმ ლიდერებს შორის, ვინც უყოყმანოდ დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ბუშს ერაყის საკითხში, ხოსე მარია ასნარს მოუხდა ამისთვის ყველაზე ძვირი საფასურის გადახდა. ერაყთან ომის დაწყებამდე ასნარის პოზიციას ამ საკითხში არ ჰქონდა ესპანელი ხალხის ფართო მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის ძალებმა ერაყში გაიმარჯვეს, ესპანელი ხალხი კვლავაც არ ამართლებს იმ როლს, რაც მათმა ქვეყანამ შეასრულა ერაყის ომში, და მოახლოებულ არჩევნებში დასჯით ემუქრება პრემიერ-მინისტრს."

გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" ქებით მოიხსენიებს პოლონეთს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ერაყის ომში. გაზეთი სარედაქციო სტატიაში წერს:

"თანამედროვე პოლონეთმა ამა წლის გაზაფხულზე თავისი სიმწიფე გამოავლინა. პოლონეთის ჯარი კოალიციის მხარდამხარ იბრძოდა ერაყში, თანაც ამ კვირაში, ვარშავა დათანხმდა სამშვიდობო ოპერაციას უმეთაუროს ჩრდილოეთ ერაყში; დანარჩენი ორი ზონა ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს
დაექვემდებარება. ბერლინის, ბრიუსელისა და პარიზის რეაქციამ, ამაზე, თვალნათლივ წარმოაჩინა ის ტექტონიკური ცვლილება, ერაყის ომმა რომ გამოიწვია ევროპაში. ამ სამი ქვეყნის ლიდერები ჯერ გაოგნებულები სდუმდნენ, ხოლო შემდეგ სიტყვიერ შეურაცყოფაზე გადავიდნენ. მაგრამ ახლა არაა ამის დრო. პოლონელები შეაშფოთა გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციამ და ამიტომაც სურთ შუამავლის როლი შეასრულონ ამ ორ ქვეყანასა და შეერთებულ შტატებს შორის."

როგორც ბრიუსელში დაფუძნებული ახალი ევროპის კვლევითი ცენტრის მიმომხილველს სტივენ პოლარდს მიაჩნია, საფრანგეთმა და რუსეთმა, უწინდელი მცდარიდან სამარცხვინო პოზიციაზე გადაინაცვლეს დღეს, როცა ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების ძალაში დატოვებას ცდილობენ. ესაა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ცდა - აღნიშნავს სტივე პოლარდი და სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ტაიმსმა" გამოაქვეყნა, დასძენს:

"უბრალო ენით რომ ვთქვათ, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მოქმედება, გულისამრევია, ვინაიდან არსებითად თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული ერაყის წინააღმდეგაა მიმართული."

მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურნენ გაზეთები ცნობას იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს რვა მაისს, ამერიკის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ნატოში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 7 ყოფილი კომუნისტური ქვეყნის: ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანებას. აი რას წერს ამასთან დაკავშირებით გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი სონია როსი:

"შვიდი ახალი წევრის მიღება ნატოში ხელს აძლევს შეერთებულ შტატებს, ვინაიდან თავისი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ვაშინგტონს ხშირად ევროპელ მოკავშირეთა თანადგომა, და ზოგჯერ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაც ესაჭიროება".

96-ტი ნულის წინააღმდეგ, ოთხი სენატორი ენჭისყრას არ ესწრებოდა, ასეთი იყო 8 მაისს ამერიკის სენატის გადაწყვეტილება, რომელმაც მწვანე შუქი მისცა ნატოში შვიდი ყოფილი კომუნისტური ქვეყნის მიღებას, წერს გაზეთი "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი".
XS
SM
MD
LG