Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამბაქოს მტერი სპორტის მტერია?


ევროპის კავშირის ქვეყნებში თამბაქოს რეკლამის აკრძალვის პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებს "ფორმულა ერთის" ავტომანქანებით რბოლების მომავალს. ერთ პატარა საკურორტო ქალაქს, რომელიც ბელგია-ჰოლანდია-გერმანიის

საზღვართან მდებარეობს, ბელგიის მთავრობის მიერ თამბაქოს რეკლამის აკრძალვა, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

სპა - ასე ჰქვია ბელგიის ამ პატარა ქალაქს, სადაც დღემდე წლის მთავარ მოვლენას "ფორმულა ერთის" ავტომანქანებით რბოლა - ბელგიის "დიდი პრიზი" წარმოადგენდა. ბელგიის "გრან პრი" მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტული, ისე კომერციული თვალსაზრისითაც. ასე იყო სპაში რვა ათეულ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე. წელს კი "ფორმულა ერთის" რბოლების განრიგიდან ბელგია გაქრა, როგორც სიგარეტის კვამლი და... მისი ადგილი ჩინეთმა დაიკავა. ასე გადაწყვიტა საავტომობილო სპორტის საერაშორისო ფედერაციამ, რადგან თამბაქოს მწარმოებელთა ფინანსური წვლილის გარეშე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორბოლის ჩატარება წარმოუდგენელი იყო. ბელგიის "გრან პრის" ძველი მასპინძელი, საკურორტო ქალაქი სპა კი უკვე განიცდის ეკონომიკურ ზარალს იმის გამო, რომ აგვისტოში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის გადატანამ მის მიმართ ტურისტებისა და სპორტის ურიცხვი მოყვარულის ინტერესი გაანელა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ჟან-ჟაკ ბლომერსი ამის თაობაზე ამბობს:

[ბლომერსის ხმა] 050819 "ფორმულა ერთის "გრან პრის" დაკარგვა რეგიონს დიდ სირთულეებს უქმნის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია სასტუმროების მეპატრონეებისა და ბიზნესის სხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ მილიონობით ევროს შემოსავლის დაკარგვაზე."

თამბაქოს კორპორაციები ავტორბოლების ყველაზე მნიშვნელოვანი სპონსორები არიან. ყველა მათგანს სურს, თავისი კომპანიის სახელით მორთოს როგორც ტრასები, ისე რბოლაში მონაწილე ავტომანქანები. ავტორბოლები სპორტისა და თამბაქოს ინდუსტრიის ყველაზე წარმატებული შერწყმაა.

თუმცა, ინტერესთა ამ ჰარმონიას სერიოზული საფრთხე დაემუქრა და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ბელგიის "დიდი პრიზის" გაუქმება გახლავთ. ბელგიის მთავრობის მიერ თამბაქოს რეკლამის აკრძალვა არის მხოლოდ დასაწყისი პროცესისა, რომელიც მთელს ევროკავშირს, მათ შორის მის მომავალ წევრ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებსაც მოიცავს. ასე რომ, ბელგიის "დიდი პრიზის" ბედი ეწევა ევროპაში დაგეგმილ სხვა ავტორბოლებსაც. როგორც ჩანს, საერთაშორისო ფედერაცია იძულებული გახდება, თანდათან შეცვალოს რბოლების ასპარეზი და ისინი ევროპიდან აზიაში, ან თუნდაც რუსეთში გადაიტანოს. აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ავტორბოლების ინდუსტრიის ბრიტანელი ექსპერტი მარკ ბურსა:

[ბურსას ხმა] 050820
"რუსეთის "გრან პრიზე", როგორც ერთ-ერთ ახალ პოტენციურ ავტორბოლაზე საუბარი ნამდვილად იყო, რადგან ყველამ იცის, რომ რუსეთი თამბაქოს პროდუქციის ძალიან დიდი მომხმარებელია."

ავტორბოლაში მონაწილე გუნდებისთვის თამბაქოს კორპორაციები ათობით მილიონ დოლარს გამოყოფენ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ "ფერარი" "მარლბოროსგან" ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს იღებს. რა რჯიდა ევროკომისიას, რომელმაც გადაწყვიტა, პრაქტიკულად დაენგრია მრეწველობისა და სპორტის ეს წარმატებული თანაშრომლობა. ევროკომისიის წარმომადგენელი თორსტენ მიუნხი ევროკავშირის პოზიციას ასე განმარტავს:

[მიუნხის ხმა] 050821
"ავტორბოლა ახალგაზრდობისთვის მიმზიდველი სპორტია და ჩვენ ევროკომისიაში არ გვჯერა, თამბაქოს კომპანიებს რეკლამისთვის ამდენი ფული დაეხარჯათ, დარწმუნებული რომ არ იყვნენ, რომ შედეგად ისინი თავიანთი პროდუქციისკენ სწორედ ახალგაზრდების ყურადღებას მიიზიდავენ."

თამბაქოს მასობრივი რეკლამის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკომისიამ 1998 წელს დაიწყო და თავდაპირველად 2006 წლამდე ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე მის აკრძალვას გეგმავდა. თუმცა, ახლა 2006-ის ნაცვლად აკრძალვის ბოლო ვადად 2005 წელი დაწესდა. საავტომობილო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია ჩივის, რომ ვადების ამ ცვლილებით გართულდება თამბაქოს მწარმოებელ კორპორაციებსა და საავტომობილო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულება.

ევროკომისიის მიერ დასახულ მიზანს - თამბაქოსგან ახალგაზრდობის დაცვას ვგულისხმობ - ეჭვის თვალით უყურებენ თამბაქოს მასობრივი რეკლამის აკრძალვის ოპონენტები. ისინი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტორბოლები თამბაქოს რეკლამებიანად ევროპის გარეთ გადაინაცვლებს, ახალგაზრდობის ყურადღების მიპყრობას ისინი ტელეტრანსლაციებითაც მოახერხებენ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG