Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ავტობუსის აფეთქება ჩრდილოეთ ოსეთში, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა და დაძაბულობა რუსეთის მართლმადიდებელსა და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის,

ამ საკითხებს შევეხებით უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში. როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, თვითმკვლელი ტერორისტი ქალის მიერ ხუთ ივნისს დილით, რუსი პილოტებითა და სამოქალაქო პირებით სავსე ავტობუსთან მოწყობილი აფეთქება, რამაც ოცამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკვე მესამე ამგვარი აქტია რეგიონში განვლილი სამი კვირის მანძილზე, და თანაც აფეთქებები, სამივე შემთხვევაში, ქალებმა მოაწყეს. გაზეთი დასძენს:

"ამ აფეთქებებმა გამოააშკარავა სიყალბე რუსეთის ხელისუფალთა მტკიცებისა იმის შესახებ, რომ ამას წინათ ჩატარებული რეფერენადუმის შემდეგ ვითარება ჩეჩნეთში, თითქოს ნორმალურ ჩარჩოებს უბრუნდება".

გაზეთ "ფრანკფურტერ რუნდშაუს" აზრით, ქალაქ მოზდოკის მახლობლად ავტობუსის აფეთქება იმაზე მიანიშნებს, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა შეიარაღებული დაჯგუფებები ბრძოლის სულ უფრო რადიკალურ მეთოდებს მიმართავენ. გაზეთი წერს:

"ჩრდილოეთ ოსეთში ხუთ ივნისს მომხდარი აფეთქება, გაგრძელებაა უბრალოდ ასეთივე ტერაქტების სერიისა. ამა წლის 12 მაისს, მეამბოხეებმა სულ ცოტა 60 ადამიანი მოკლეს ზნამენსკოეში. 14 მაისს, კრემლის მიერ ჩეჩნეთის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნულ აჰმად კადიროვზე განხორციელებული თავდასხმის დროს 16 ადამიანი დაიღუპა. თავად კადიროვი ცოცხალი გადარჩა. იმ დროს, როცა ასლან მასხადოვი გმობს ამ აქციებს, შამილ ბასაევმა თავის თავზე აიღო ამ თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ეგრედ წოდებული "სიკვდილის ესკადრონების" ხელით კვლავაც გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება ჩეჩნეთში, ვიდრე მეამბოხეთა ტერორისტული თავდასხმების შედეგად. თავად პრომოსკოვური ადმინისტრაციის მონაცემებით, ყოველთვიურად ჩეჩნეთში იტაცებენ და კლავენ ასამდე ადამიანს, უმეტესწილად მშვიდობიან მოსახლეებს. როგორც საველე მეთაურის აბდულ მეჟიდოვის მებრძოლებმა განაცხადეს, მრავლად არიან ჩეჩნები, რომელთა ნათესავები რუსმა სამხედროებმა ან კადიროვის დაცვამ დახოცა, და რომლებიც მზად არიან კამიკაძეები გახდნენ, რათა შური იძიონ. ეს ადამიანები ოჯახის უზრუნველსაყოფად 20-30 ათას დოლარს ღებულობენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მზადაა უფასოდ გაწიროს თავი. ჩეჩნეთში ომის რადიკალიზაციაზე ისიც მიანიშნებს, რომ სულ უფრო ხშირად ქალები ხდებიან კამიკაძეები, რაც პატრიარქალურ საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციის დარღვევაა".

"მეგობარი" პუტინი, ასეა დასათაურებული ვრცელი კომენტარი საფრანგეთის გაზეთ "მონდში", თანაც სიტყვა მეგობარი ბრჭყალებშია ჩასმული. გაზეთი წერს:

"იშვიათად მომხდარა ცინიზმის დემონსტრირება ისე აშკარად, როგორც ეს, ვლადიმირ პუტინის რუსეთისადმი აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიციაში დავინახეთ. პრეზიდენტი ბუში, აკანკალებული ხმით რომ ლაპარაკობს სადამ ჰუსეინის მიერ ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევების შესახებ, მიესალმება პუტინს, როგორც თავის კარგ მეგობარს, და თან მას, ერაყის საკითხში ვაშინგტონთან დაპირისპირებას ჰპატიობს. ჯორჯ ბუშს დაავიწყდა, რომ მისი მეგობრის ფედერალური ჯარი აი უკვე არაერთი წელია ჩეჩნეთში სჩადის იმას, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ყველა, მათ შორის თავად რუსეთში მოქმედი ორგანიზაციებიც, ფართომასშტაბიან სამხედრო დანაშაულს უწოდებენ. ბატონ ბუშს ავიწყდება, რომ რუსეთის ჯარი ისეთივე დაუნდობელია ჩეჩნებისადმი, როგორიც სადამ ჰუსეინი იყო ქურთების მიმართ. ერთობლივ კომუნიკეში, რომელშიც ევროკავშირისა და რუსეთის სტრატეგიული პარტინიორობაა დადასტურებული, ევროკავშირი მხარდაჭერას გამოუთქვამს ეგრედ წოდებულ "პოლიტიკურ პროცესს", რომელსაც მოსკოვი ანხორციელებს თურმე ჩეჩნეთში. იგულისხმება მარტში მოწყობილი რეფერენდუმი, რომელიც თავად რუსეთის პრესას არ მიუღია სერიოზულად; რეფერენდუმმა საბჭოთა პერიოდი გაახსენა ბევრს. აი საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა კი განაცხადა, "მოსკოვის ამგვარი ქმედება დემოკრატიის ავანგარდში აყენებს რუსეთსო".

გაზეთ "მონდში" გამოქვეყნებული სტატია ურთიერთობას აშუქებს რუსეთის მართლმადიდებელსა და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის, და სვამს კითხვას - მოხდება კია ოდესმე ალექსი მეორისა და იოანე პავლე მეორის შეხვედრა? მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, განაგრძობს გაზეთი, 73 წლისაა, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური - თითქმის ათი წლით უფროსი; ერთიცა და მეორეც უკვე დაუძლურებულია, და მათი მოღვაწეობა დასასრულს უახლოვდება. გაზეთი წერს:

"რომის პაპი უკვე მეასედ მოგზაურობს საზღვარგარეთ, მაგრამ მისი სტუმრობა რუსეთში, კვლავაც შეუძლებელი ხდება, და უწინარესად იმიტომ, რომ მოსკოვის საპატრიარქო თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს რუსეთს. კლასიკური ისტორიული კონცეფციიდან გამომდინარე, მართლმადიდებელ მიწებზე, ქრისტიანები, მხოლოდ მართმადიდებლურ აღმსარებლობას უნდა მისდევდნენ.
ამიტომაც გააღიზიანა მოსკოვი რუსეთის ყოფილი იმპერიის სხვა ქვეყნებში - უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში, აგრეთვე მართლმადიდებლურ ბულგარეთში, რუმინეთსა და საბერძნეთში რომის პაპის სტუმრობამ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაჟინებული მოთხოვნით სახელმწიფო დუმამ 1997 წელს მიიღო კანონი სინდისის თავისუფლების შესახებ, რომელიც დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს სხვა რელიგიების მიმართ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პრეზიდენტ პუტინს, აგრეთვე ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობას უჭერს მხარს. რუსულმა მართლმადიდებლობამ ვერა და ვერ დააღწია თავი იზოლაციონიზმსა და ანტიდასავლურ რეფლექსებს".
XS
SM
MD
LG