Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალი ევროპარლამენტში - საკუთარი თავისთვის დაგებული ხაფანგი


იტალიის პრემიერ-მინისტრის ორი ივლისის

სკანდალური გაბაასება ევროპარლამენტის გერმანელ დეპუტატთან ყველასთვის ცნობილია. ეს ფაქტი მართლაც გავდა გარეგნულად სკანდალს. ეგ არის, რომ ამ ფაქტს სილვიო ბერლუსკონის სიფიცხესა და არაპროფესიონალიზმზე უფრო ევროპარლამენტის ასეთი სკანდალისთვის მზადყოფნამ შეუწყო ხელი. ეს იყო ევროკავშირში იტალიის თავმჯდომარისთვის წინასწარ მომზადებული კრახი. რაც, რა თქმა უნდა, სრულებით არ აკნინებს მისი განცხადების სიმწვავეს.

არაერთმა მიმომხილველმა შენიშნა კიდეც, რომ სტრასბურგში ყველა ხიფათს ეძებდა. რა უძღოდა წინ ევროპარლამენტის ორი ივლისის სხდომას და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს იტალიის თავმჯდომარეობამ.

ჯერ კიდევ 1 ივლისამდ, ანუ ევროკავშირში იტალიის თავმჯდომრეობის დაწყებამდე გაზეთები წერდნენ: "ინდეპენდენტი" - "ბერლუსკონი ტახტზე ადის და ევროპა საზიზღრობაში ერთიანდება", "შპიგელი" - "ნათლიმამა ახლა დანარჩენ ევროპაზე გადმოვიდა" და ა.შ.

საგულისხმოა ერთი ფაქტი: ევროკავშირის სტრუქტურებში ღელავდნენ, რომ გარდაუვალი იქნებოდა ძველი ოპონენტების ბერლუსკონისა და ევროკომისიის ახლანდელი პრეზიდენტის რომანო პროდის შეჯახება. ეს ჯერჯერობით არ მოხდა, მაგრამ იმას, ვინც ამაზე ღელავს, აქვს საფუძველი. 1996 წელს რომანო პროდი სილვიო ბერლუსკონის საარჩევნო კამპანიაში პრესის გამოყენების მანერის გამო ნაცისტების პროპაგანდისტ ჯოზეფ გებელსს ადარებდა. ასე რომ, როგორც ჩანს იტალიაში მიღებულია ნაცისტური თემის გამოყენება ერთმანეთის ავკაცობის წარმოსაჩენად.

ახლა რაც შეეხება ევროპარლამენტის წინასწარ პროტესტს ბერლუსკონის მიმართ. ჯერ კიდევ 30 ივნისს პრესაში გამოჩნდა ევროპარლამენტის წევრ გრემ უოტსონის ასეთი სიტყვები:

"დღეს რომ იტალია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ათ ქვეყანას შორის იყოს, მას ევროკავშირში არავინ მიიღებდა, რადგან ჩვენ კანდიდატებისთვის გაცილებით მაღალ სტანდარტებს ვაწესებთ". შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა: "ჩვენ რომ ევროკავშირის თავმჯდომარეს ვირჩევდეთ, ბერლუსკონი აქ არ გვეყოლებოდა. სამწუხაროდ, ის ევროკავშირის თავმჯდომარედ კიდევ ექვს თვეს უნდა დარჩეს", - შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც თქვა, რომ იტალიის დღევანდელი ლიდერი არ შეიძლება ევროკავშირის წარმომადგენელი იყოს.

მეორე წინაპირობა, რამაც სკანდალი მოახდინა, არის გერმანიაში საკუთარი წარსულის ჰიტლერისდროინდელი მონაკვეთის მიმართ დამოკიდებულება. გასულ წელს გერმანიის კანცლერ გერჰარდ შროდერს იუსტიციის მინისტრის გადაყენებაც კი მოუხდა იმის გამო, რომ მან შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოლიტიკა ჰიტლერისას შეადარა. თავის დროზე ჰელმუტ კოლს კი მოუხდა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ პარლამენტის სოციალ-დემოკრატი სპიკერი გერინგს შეადარა.


ყველამ იცის რა მოხდა ევროპარლამენტის სხდომის დასაწყისში, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, როცა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროპის სახალხო პარტიის წევრებს მიმართა და შეეცადა აეხსნა მათთვის თავისი საქციელი:

"სინამდვილეში მე არ მითქვამს, რომ ევროპარლამენტის წევრი გერმანელი სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცი საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველია. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ის შეძლებდა ზედამხედველის როლის თამაშს. ამ ნათქვამში იუმორს ხომ ვინმე ისრაელიც დაინახავდა".

დენიელ ჰანანი ამ საუბრის მოწმე გახდა. ის ევროპარლამენტის წევრი ბრიტანელი კონსერვატორია. როგორც ჰანანი იხსენებს, ბერლუსკონის ამ განმარტების შემსწრე ბევრ დეპუტატს ეგონა, რომ ის, რაც მათ გაიგონეს, თარჯიმნის ბრალი იყო. ინგლისელი დეპუტატი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ევროპარლამენტის კონსერვატორთა ჯგუფი მთლიანობაში მოწონებით შეხვდა ბერლუსკონის გამოსვლას და ყველა მათგანმა მოწონების ნიშნად მაგიდებზე ბრაგუნიც კი ატეხეს. დენიელ ჰანანის თანახმად, სულ მცირე ორი გერმანელი დეპუტატის ჩათვლით, რომლებიც მის მახლობლად ისხდნენ. უცნაურად ჩანდა ის, რომ დეპუტატთა ამ ნაწილმა საკუთარ მოვალეობად ჩათვალა დაეცვა ბერლუსკონი სოციალ-დემოკრატების თავდასხმისგან. ჰანანი ირონიით აღნიშნავს, რომ გარე სამყაროსთვის ეს ყველაფერი დიპლომატიური კრიზისია, ბრიუსელისთვის კი ევროკავშირის საშინაო საქმე, როცა ევროკავშირის პრეზიდენტი ევროპარლამენტს, მემარცხენეები მემარჯვენეებს უპირისპირდებიან. ეს ყველაფერი კი უფრო მეტად არა ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის არსებობის მომხრეებს, არამედ ფედერალისტებს მისცემს კმაყოფილების საბაბს, - აცხადებს დენიელ ჰანანი.


რა შეიძლება ავნოს ამ ერთი შეხედვით სრულიად არა პოლიტიკურმა კონფლიქტმა, რომლის მიზეზიც, ორივე მხარის თავშეუკავებლობა იყო. ერთი იქნება ის, რომ სილვიო ბერლუსკონი, რომელიც ახლა საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ნაკლებად შეძლებს კონცენტრირებას იმაზე, რაც ევროკავშირის თავმჯდომარემ უნდა აკეთოს.

ევროპარლამენტში ლეიბორისტთა ლიდერი გარი ტიტლი კი შიშობს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ვეღარ მოიპოვებს სათანადო მხარდაჭერას ევროპარლამენტში იმისათვის, რომ მისი თავმჯდომარეობის განმავლობაში რაიმეს გაკეთება შეძლოს.

და მაინც, იტალიის ლიდერმა ყველაზე მყარი არგუმენტი მისცა ევროპის ახალი კონსტიტუციის იმ პუნქტის მომხრეებს, რომელიც არა მორიგეობით თავმჯდომარეობას, არამედ ნახევრად-მუდმივი თავმჯდომარის არჩევას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG