Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება


ამერიკულმა ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზმა" გამოაქვეყნა 2003 წლის ანგარიში მსოფლიოს ქვეყნებში დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შესაფასებლად.

ბოლო ათი წლის მანძილზე "ფრიდომ ჰაუზი" საქართველოს ასე აფასებდა - "ნაწილობრივ თავისუფალი". ეგ არის, რომ მცირედით იცვლებოდა ნაწილობრივ თავისუფლების ხარისხიც. თუმცა, ბოლო სამი წლის მანზილზე არც ამ მხრივ ყოფილა რაიმე ცვლილება. უფრო დეტალურად "ფრიდომ ჰაუზის" მიერ საქართველოს შეფასებაზე ნინო გელაშვილი გესაუბრებათ.

ამერიკული ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზის" წლევანდელი ანგარიშის საქართველოს ნაწილი ისეთი პაციენტის დიაგნოზს გავს ყველაფერი რომ აწუხებს. დავიწყოთ თავიდან: არჩევნის უფლებით - საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება დემოკრატიულად აირჩიონ ხელისუფლება, მაგრამ არჩევნები იქ სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს. ანგარიშში განსაკუთრებით არის აღნიშნული 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე - პრესის თავისუფლება: პრესა საქართველოში აქვეყნებს კრიტიკულ სტატიებს, მაგრამ ეკონომიკური სირთულეების გამო გაზეთების უმეტესობის გავრცელება დედაქალაქის გარეთ ვერ ხერხდება. მესამე - აღმსარებლობის თავისუფლება: მართალია საქართველოს ძირითადად მართლმადიდებელი მოსახლეობის რელიგიის თავისუფლება დაცულია, მაგრამ დევნასა და შევიწროვებას განიცდიან "არატრადიციული" რელიგიის მიმდევრები და უცხოელი მისიონერები. ანგარიშში რელიგიის თავუსფლებასთან დაკავშირებით აღნიშნულია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებაც, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა რელიგიებთან შედარებით უპირატეს სტატუსს ანიჭებს. მეოთხე - საზოგადოებრივ ორგანიზაციათა თავისუფლება: "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მთლიანობაში არ ხელყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას, თუმცა მოყვანილია თავისუფლების ინსტიტუტის დარბევის მაგალითი, რომელიც თავის დროზე "ჰიუმან რაიტს უოთჩმა" შეაფასა, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის ყველაზე ცუდი მაგალითი ყფილ საბჭოთა კავშირში. მეხუთე - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა: სასამართლო არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი, რადგან სასამართლოები განიცდიან ზეწოლას აღმსრულებელი ხელისუფლებისგან. ხშირია ქრთამის შემთხვევები. პოლიცია ჩვენების გამოძალვის მიზნით ხშირად ცემს პატიმრებს და თითხნის ყალბ მტკიცებულებებს ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ. ციხეები გადატვირთულია და იქ არსებული სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მეექვსე - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ზღუდავენ მოქალაქეთა თავშეყრას, ხელს უშლიან პროფესიული კავშირების ფუნქციონირებას. მეშვიდე - კორუფცია: მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელს ხელისუფლება ანტიკორუფციული კამპანიის წამოწყების ინიციატივი გამოვიდა, კორუფცია დღესაც ყველგან არის მოდებული. და მერვე - ქალების მდგომარეობა ქვეყანაში: "ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალები საქართველოში შედარებით დაბალ ანაზღაურებას იღებენ და სუსტად არიან წარმოდგენილი ხელისუფლებაში. საზოგადოებაში მიღებული ტაბუს გამო ქალები ერიდებიან მათ მიმართ ძალადობის გამოვლენის ფაქტების გაცხადებას.

აი, ასეთი გახლავთ დიაგნოზი, რომელიც წელს ამერიკულმა ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუზმა" დაუსვა საქართველოს და ის კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ნუსხაში დატოვა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG