Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო გაწვევა, როგორც იქნა, შესრულდა


პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში,

სამხედრო გაწვევის გეგმა საქართველოში ახლოსაა შესრულებასთან. მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო გაწვევის კამპანიის დამთავრებამდე კიდევ ათი დღეა დარჩენილი, ოფიციალური ინფორმაციით, რაიონის გამგეობებთან არსებულმა სამხედრო გაწვევის ორგანოებმა საჭირო რესურსის 95 პროცენტის მობილიზება შეძლეს და, დარჩენილ დროში, არც 100 პროცენტიან მაჩვენებელზე გასვლა გაუჭირდებათ. თუმცა სრულიად ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, თუ რის გამო მოხდა ეს: ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრების და გამწვევი ორგანოების პასუხისმგებლობის ამაღლებისა თუ იმის გამო, რომ სამხედრო სამსახურს ფასი მიეცა ახალგაზრდობის თვალში?




მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცხადად არის აღბეჭდილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შარშანდელი თუ შარშანწინანდელი პანიკური განცხადებები სამხედრო გაწვევის ჩაშლისა და სამხედრო კომისარიატების მხრიდან საბოტაჟის თაობაზე.

მაგრამ გავიდა სულ რაღაც 6 თვე, სახელგატეხილი სამხედრო კომისარიატები სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელმა ახალმა, ხელისუფლების ადგილობრივმა გამწვევმა ორგანოებმა შეცვალეს, მთავარი მობილიზატორი სამხედრო ხაზით, გენერალი გელა უღრელიძე კი - მისმა ძმამ, მოქალაქე კობა უღრელიძემ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

კობა უღრელიძის თქმით, რწმუნებულების, ქალაქის მერებისა და რაიონის გამგებლების ერთობლივი ძალისხმევით, საგაზაფხულო გაწვევის გეგმა ახლოსაა შესრულებასთან.

[კობა უღრელიძის ხმა] "შარშან სამხედრო კომისარიატებმა გაწვევის გეგმა, მოსაკრებლის ჩათვლით, მხოლოდ 45 პროცენტით შეასრულეს. საგაზაფხულო გაწვევის დროს კი გეგმა-დავალება 95 პროცენტით შესრულდა. ანუ,7500 წვევამდელის ნაცვლად, გაწვეულია 7100."


როგორც აღმოჩნდა, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე გაწვევის კამპანიის დროს ორჯერ უფრო მეტმა წვევამდელმა გადაიხადა სამხედრო სამსახურიდან გადავადების მოსაკრებელი 200 ლარი.

სამოქალაქო ორგანოების მიერ საგაზაფხული გაწვევის კამპანიის ასეთ წარმატებულ სტარტს ხელისუფლების წარმომადგენლები გაწვევის კანონში შეტანილი რიგი ცვლილებითა და საჯარიმო სანქციების გამკაცრებით ხსნიან. კობა უღრელიძის განმარტებით, ადგილობრივი პროკურატურის ორგანოებს გადაეგზავნათ რეაგირებისთვის ყველა იმ სამხედრო ვალდებულის საქმე, რომლებმაც თავი აარიდეს გამწვევ პუნქტებში მისვლას.

[კობა უღრელიძის ხმა] "გარწმუნებთ, რომ ყველა, ვინც გაწვეულია, სამხედრო განყოფილებებში საკუთარი ნებით გამოცხადდნენ. რაც შეეხება კანონის დამრღვევებს, აღრიცხულია 1000 შემთხევევა, როდესაც წვევამდელმა თავი აარიდა გამწვევ პუნქტზე გამოცხადებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი საქმეები პროკურატურას გადაეცა, ბევრი მათგანი ნანობს და გამოთქვამს სურვილს, იმსახუროს არმიის რიგებში.

ამასთან, კობა უღრელიძე ამტკიცებს, რომ უკლებლივ ყველა წვევამდელი, რომელიც უკვე განაწილდა შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო განყოფილებაში თავისი ნებით,ანუ მოვალეობის შეგნებით, გამოცხადდა და მათ მიმართ იძულებითი ფორმები - სადარბაზოებსა და მეტროებში დაჭერა - არ ყოფილა გამოყენებული. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების" თანათავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც წინა წლებთან შედარებით უკეთ ორგანიზებული გასაწვევი კამპანიის უკან თავის მინუსებს ხედავს. სამხედრო გაწვევამდე ზუსტად ერთი თვის წინ საკანონმდებლო ორგანომ, პრეზიდენტის თხოვნით, გააუქმა თითქმის ყველა კატეგორიის წვევამდელზე არსებული გადავადების შეღავათი, რის შემდეგაც გასაწვევი რესურსი ორჯერ გაიზარდა. 150 ათასი კაციდან 7 000-ის შერჩევა კი დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდესო,-აცხადებს სესიაშვილი.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "სწორედ ამ გადავადების გაუქმება იძლეოდა იმედს, რომ გაწვევის გეგმა შესრულდებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ არის ის რაოდენობა, რაც ქვეყანას სჭირდება."


რაც შეეხება, კომისარიატებში ფეხმოკიდებულ მექრთამეობას, გაწვევაზე პასუხისმგებელი სამთავრობო კომისიის წევრი კობა უღრელიძე აცხადებს, რომ ამ სენისგან მთლიანად გათავისუფლებულია ახალი გამწვევი ორგანოები. და აქაც ყველაფერი მარტივად მოხერხდა: გადახალისდა კადრები და ამაღლდა ახალი თანამშრომლების მატერიალური სტიმულირება. შედარებისთვის: სამოქალაქო კომისარს თითქმის ორჯერ მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მის წინამორბედს ჰქონდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების" წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ კომისარიატებს მხოლოდ სახელი გადაერქვა, შინაარსი და კადრები კი იგივე დარჩა.



[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "კანონის თანახმად, წვევამდელს უფლება აქვს პირველი თვის განმავლობაში გადაიხადოს მოსაკრებელი თანხა, მაგრამ რადგან გაწვევა სამ თვეს გრძელდება, არის შემთხვევები, როდესაც სამხედრო განყოფილებაში უარს ეუბნებიან წვევამდელს მოსაკრებლის გადახდაზე და გარიგებისკენ უბიძგებენ. ასე რომ, ეს თანხა მაინც კორუფციას ასაზრდოებს. ასეთია ჩემი ვარაუდი."

მაგრამ სანამ არ არსებობს სერიოზული სამხილი, სანამ გამოძალვის ობიექტად ქცეულ მოქალაქეს არ გაუჩნდება სურვილი, ამხილოს თავგასული მოხელე, ვარაუდებითა და ზოგადი განცხადებებით კორუფციის პრობლემას არაფერი ეშველება. ახალი, სამოქალაქო გამწვევი ორგანოების შემთხვევაში კი ეს შეიძლება არაკორექტულიც იყოს: გეგმის შემსრულებლებს და გამარჯვებულებს ხომ არავინ სჯის საქართველოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG