Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი დანაშაული და ორი სასჯელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში


დეზერტირობის, საქართველოს სამხედრო

ძალებში ყველაზე გავრცელებული დანაშაულისგან, არც ამერიკელების მიერ წელიწადნახევრის წინ დაწყებული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა აღმოჩნდა დაზღვეული. სხვადსახვა მიზეზის გამო, საკონტრაქტო სამსახური თვითნებურად 15 ჯარისკაცმა მიატოვა. ამ ტენდენციის შესაჩერებლად კი საქართველოს სამხედრო უწყება ყველაზე მკაცრი და არატრადიციული ზომების მიღებასაც არ ერიდება. 4 სექტემბერს, დეზერტირობაში ბრალდებული "კომანდოსთა" სპეცდანიშნულების ბატალიონის კაპრალი მამუკა ხუროშვილი დეზერტირობის ბრალდებით გაასამართლეს და ფულადი ჯარიმის გარდა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს. მაგრამ საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვამ ბატალიონის ტერიტორიაზე და ერთი დანაშაულის გამო ორმაგად დასჯამ, ზოგიერთ ექსპერტს საბჭოთა პერიოდი გაახსენა.

რატომ გარბიან ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებიდან? საქართველოში ამ შეკითხვას დიდ ხნის წინ გაეცა პასუხი - იმიტომ, რომ სამხედროები ცუდად არიან უზრუნველყოფილი საჭმლითა და სამოსით, არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები და, რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად არ არიან მზად სამხედრო სამსახურუსთვის.
თუმცა, იგივე არგუმენტები არადამაჯერებლად ჟღერს ქართველი პროფესიონალი სამხედროების შემთხვევაში, რომელთა მომზადებაზე ცალკე ამერიკა ხარჯავს ფულს და ცალკე საქართველო. საყოფაცხოვრებო პირობებიც საუკეთესოა, ხელფასი - მინიმალურზე 20 ჯერ მეტი და,თანაც, პროგრამაში ყველა საკუთარი ნებით, რთული სელექციის შედეგად ხვდება.

შესაბამისად, ცოტა უცნაურია, თუ რამ აიძულა კაპრალი მამუკა ხუროშვილი თვითნებურად მიეტოვებინა საველე შეკრება თბილისთან ახლოს, ამერიკულ-ქართულ ბაზაზე. მაგრამ ფაქტია, რომ ხუროშვილი პირველი ქართველი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც 4 სექტემბერს დეზერტირობისთვის გაასამართლეს. სამხედრო უწყებამ და პროკურატურმა მიაღწიეს, რომ სასამართლო პროცესი კაპრალის მშობლიური ნაწილის ტერიტორიაზე გამართულიყო და იგი კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილიყო. გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ დეზერტირ სამხედროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და კონტრაქტის დარღვევისთვის 2 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ვაზიანის სამხედრო პროკურორი მამუკაც ცაავა გამოტანილ სასჯელს, დანაშაულის სიმძიმის ეკვივალენტურად მიიჩნევს.

[მამუკა ცაავას ხმა] "ეს არის სამოქალაქო სარჩელი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა კონტრაქტის პირობის გათვალისწინებით. თანხა, რომელიც დაიხარჯა სამხედრო მოსამსახურეზე, მხედვედლობაში მაქვს პირველი სამი თვის ხელფასი, სწავლის ღირებულებას შეადგენს. ეს გაითვალისწინა სასამართლომ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავსებით კანონზომიერად დააყენა თავდაცვის სამინისტრომ."

განსხვავებული მოსაზრება აქვს სასამართლო პროცესის მიმართ, საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწეს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის დარგში, ნოდარ ეფრემიძეს. სახალხო დაცველის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი კანონის დაცვის მხრივ არცთუ სამართლიანი იყო და მიუღებელი იყო მორალური თვალსაზრისითაც.

[ნოდარ ეფრემიძის ხმა] "სამხედრო მოსამსახურეები, რომლებისთვისაც ეს სასამართლო პროცესი ჩატარდა, რბილად რომ ვთქვათ, იუმორით უყურებდნენ ამ ყველაფერს. სამხედროებისთვის გაუგებარი იყო ასეთი სანსახაობის მოწყობის აზრი. სასამართლო პროცესი რაღაც ბრიფინგს დაემსგავსა. და სამხედროებმა ისე გაიგეს, რომ ეს საჩვენებლი პროცესი მათ დასაშინებლად გაიმართა, რაც გაუმართლებელი იყო."

კიდევ უფრო კატეგორიულია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების" თანათავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთი სახის დანაშაულისთვის ადამიანი ორჯერ არ უნდა ისჯებოდეს. სესიაშვილს მხედველობაში აქვს გარდაბნის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლემ კაპრალ ხუროშვილს თავისუფლების აღკვეთის გარდა, თავდაცვის სამინისტრო სასარგებლოდ ფულადი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "აქ იყო დადებული ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსა და ამ პირს შორის. ეს არის შრომითი გარიგება და მასში წერია, რომ თუ პირ ცალმხრივად დაარღვევს პირობას, მას ეკისრება ჯარიმის გადახდა ხელფასის სამი თვის ოდენობით. შესაბამისად, აქ არ იგულისხმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ჩვენ ვთვლით, რომ სამსართლიანად მას[მამუკა ხუროშვილს] უნდა დაკეისროს ჯარიმის გადახდა და იგი უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამსართლის პასუხისმგებლობისაგან."


ირაკლი სესიაშვილი თქმით, მან ორგანიზაციის ადვოკატი გააგზავნა თბილისის ნომერ პირველ იზოლატორში, სადაც მსჯავრდებული ხუროშვილი იმყოფება და შესთავაზა მას სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების გასაჩივრება. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საზოგადოება "სამართალი და თავისუფლება" მზად არის თავადვე გაიღოს საჯარიმო თანხა, რომლის გადახდაც სასამართლომ პროფესიონალ კაპრალს დააკისრა.

რაც შეეხება სასამართლოების მოწყობას სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სამხედრო პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროცესის გამართავს ამ ფორმით არ კრძალავს კანონი და მას გარკვეულწილად აღმზრდელობითი ხასიათიც აქვს. თუმცა, სამხედრო პროკურატურა თავს არიდებს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებას იმის შესახებ, შეაჩერებს თუ არა მასობრივ-სანახაობრივი სასამართლო პროცესები დეზერტირობის ტენდენციას პროფესიონალ ჯარისკაცებს შორის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG