Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25000 ქართველი ბავშვი თავის უფლებებს გაეცნობა


11 სექტემბერს მსოფლიო არა მარტო ტერორისტთა მსხვერპლთ მიაგებს პატივს, - ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უზენაეს უფლებაზე, სიცოცხლის უფლებაზე მსჯელობენ, ამ დღეს იხსენებენ ბავშვებსაც,

რომლებიც ძალადობას შეეწირნენ. დღესდღეობით, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ხელისუფლება ბავშვის უფლებების დაცვაზე ლაპარაკობს, მაგრამ ბავშვები მოზრდილებზე მეტად იჩაგრებიან - საზოგადოება ბავშვს იშვიათად აღიქვამს პიროვნებად. არადა, გაეროში ჯერ კიდევ 1989 წლის ნოემბერში შემუშავდა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია, რომელიც ერთი წლის შემდეგ ამოქმედდა კიდეც. ქართველი ბავშვები ამ კონვენციას დღეს ეცნობიან, თანაც საკმაოდ უჩვეულო ფორმით - ინტერაქტიული თეატრალური გაკვეთილებით.

პირველად ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია თეატრალიზირებული ფორმით თბილისის "ზღაპრის თეატრმა" 1 იანვარს წარმოადგინა, პრეზიდენტის ნაძვის ხეზე. გაეროს ბავშვთა ფონდისა და "ზღაპრის თეატრის" ეს პროექტი იმდენად მოეწონა ყველას, რომ გადაწყდა, ჯერ თბილისის თეატრალურ სარდაფში, შემდეგ კი საქართველოს რეგიონებში ჩატარდეს სპექტაკლი-გაკვეთილები, რომელიც მიზნად ისახავს უმცროსკლასელებისათვის ბავშვთა უფლებების სწავლებას. გაეროს ბავშვთა ფონდი აპირებს ჩაატაროს 300 თეატრალური გაკვეთილი, რომელშიც 8-12 წლის 25000 ბავშვი იქნება ჩართული. უმცროსკლასელები არა მარტო ბავშვთა უფლებების კონვენციის თეატრალიზირებულ ინტერპრეტაციას იხილავენ - მაყურებელი თავად ჩაერთვება თამაშში და ასე "დაიმახსოვრებს" თუ "გაითავისებს" კონვენციის მუხლებს - ისწავლის, როგორ დაიცვას თავი ძალადობისგან ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში, როგორ თქვას უარი მისთვის შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებაზე და, რაც მთავარია, როგორ დაიცვას თანატოლების უფლებები, როგორ იმსჯელოს, როგორი ფორმით მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში.

თამაშის ფორმამ - პოპულარული სიმღერებით, ცეკვებითა და ლექსებით, ამ ეგრეთ წოდებულმა ‘არტ-თერაპიამ" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაამართლა. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია 54 სტატიას მოიცავს და, ცხადია, უმცროსკლასელებეს არავინ სთხოვს მთელი კონვენციის დაზეპირებას. კონვენციის ცალკეული მუხლის თეატრალიზირებული ინტერპრეტაცია თავად ბავშვების განთავისუფლებას, აგრესიისგან მათ განმუხტვას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას ისახავს მიზნად. გაეროს ბავშვთა ფონდში ამბობენ, რომ ქართველ ბავშვებს გამორჩეული არტისტიზმი ახასიათებთ - ისინი ადვილად "შედიან როლში" და სიამოვნებით მიმართავენ იმპროვიზაციას, რასაც "ზღაპრის თეატრის" პოპულარობაც ადასტურებს. სხვა საქმეა, რამდენად სერიოზულად აღიქვამს საბავშვო თეატრალიზირებულ თამაშებს საქართველოს ხელისუფლება, მთლიანად ქართული საზოგადოება. გაგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა უფლბების კონვენცის მერვე მუხლში აღნიშნულია: "ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს ყოველი ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალურობა".
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG