Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლა ვნახოთ, რას წერს უცხოეთის პრესა ბოლო რამდენიმე დღის ისეთ


ახლა ვნახოთ, რას წერს უცხოეთის პრესა ბოლო რამდენიმე დღის ისეთ მოვლენებზე, რომლებსაც ჩვენს გადაცემებში შედარებით ნაკლები ყურადღება დავუთმეთ.



გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნელის" ევროპის გამოცემა კმაყოფილებით ეხმაურება ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის იაპ დე ოპ სხეფერის დასახელებას.

"როგორც პროფესიონალ დიპლომატს, სხეფერს, შესაძლოა, აკლდეს ის სამხედრო გამოცდილება, რომლითაც ბრიუსელში მისი წინამორბედი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯორჯ რობერტსონი ჩავიდა. მაგრამ ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა თავი მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირის თავგამოდებულ მხარდამჭერად გაგვაცნო. ჰოლანდიამ თავისი ჯარი გაგზავნა როგორც ავღანეთში, ისე ერაყში, რითაც სიტყვას ზურგი საქმითაც გაუმაგრა. რობერტსონი კი ალიანსს, რამდენადაც ეს შექმნილ ვითარებაშია შესაძლებელი, ღირსეულად ტოვებს. გასულ თვეში ნატომ ავღანეთის მისიის მეთაურობა გადაიბარა და მომავალში, შესაძლოა, ერაყშიც გამოუჩნდეს ფუნქცია."

გერმანიის გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" ყურადღებას ამახვილებს მოვლენაზე, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, შეიძლება ითქვას, ყურადღების მიღმა დარჩათ. ეს გახლავთ გაეროში გერმანიის გაწევრიანების 30-ე წლისთავი, რომელიც გასულ კვირაში აღინიშა, ან, უფრო სწორად, არ აღნიშნულა. ამ თარიღთან დაკავშირებით გაზეთის მიმომხილველი ფრიდერიკე ბაუერი წერს:

"როცა ამ მსოფლიო ორგანიზაციის დამაარსებლები 1945 წელს შეიკრიბნენ, ყველას თვალწინ ედგა ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი სისასტიკენი; და, კაცმა რომ თქვას, მათი შეკრების ერთი-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ იმ გზის პოვნა იყო, რომელიც მომავალში მსგავსი კატასტროფის თავიდან აცილების გარანტიად გამოდგებოდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ შეიძლება, პატივი არ ვცეთ გრძელ გზას, რომელიც ქვეყანამ განვლო, ჯერ "მტრული სახელმწიფოდან" ორად გაყოფილ ქვეყნამდე, იქიდან - გაერთიანებამდე, ხოლო დღეს, ომის დამთავრებიდან 58 წლის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობამდე - საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებულ ისეთ სახელმწიფომდე, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრობასაც ლამობს. გერმანიის ომისშემდგომი განვითარების მიმდინარე პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო გაეროს სამშვიდობო მისიებში. ისტორიული მიზეზების გამო, გერმანია ათწლეულების მანძილზე უარს აცხადებდა თავისი ჯარისკაცების უცხოეთში გაგზავნაზე. და მისთვის მხოლოდ ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი უსაფრთხოების კოლექტიურ მისიებში მონაწილეობა. იმ დროიდან მოყოლებული სისტემატურად იზრდება გერმანელ "ცისფერჩაფხუტიანთა" რიცხვი. დღეისთვის ის 8200-ს აღწევს."

ლონდონში გამომავალი ყოველკვირეული "ეკონომისტი" ბოსნიაში შექმნილ ვითარებას განიხილავს და აღნიშნავს, რომ ცხოვრების პირობები ამ ქვეყანაში სულ უფრო მეტად უახლოვდება ნორმალურს. დღეს უკვე არსებობს ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქის ერთიანი პასპორტი და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდული აღარ არის. ლტოლვილთა დიდი ნაწილი საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდა და ერთ ხანს დაკარგული ქონებაც ჩაიბარა.

და მაინც, მთელი ეს წარმატებები, შესაძლოა, ისევ წყალში ჩაიყაროს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვათა თანახმად, ეთნიკური შუღლი, რომელმაც ამ ათიოდე წლის წინათ ქვეყანა ნგრევის პირამდე მიიყვანა, დღეს რიგით მოქალაქეებს ნაკლებად აწუხებს. მათი წუხილის საგანი ახლა სამუშაო ადგილებია. და ზოგი შიშობს, რომ დუხჭირი ეკონომიკა არა მარტო ხელს შეუწყობს ეთნიკური დაძაბულობის გაღვივებას, არამედ ხელახალ პოლიტიკურ აღზევებაში დაეხმარება ძალადობის მომხრე ნაციონალისტებს."
XS
SM
MD
LG