Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონური ტურიზმი ქართული კულტურის პროპაგანდის სამსახურში


ამ დღეებში სვეტიცხოვლის ტაძარში წირვაზე მიბრძანებული მრევლი უთუოდ მიაქცევდა ყურადღებას იაპონელ კინემატოგრაფისტებს, რომლებიც დოკუმენტურ ფილმს იღებენ ქართულ არქიტექტურულ ძეგლებზე.

იაპონელებს საქართველოში შექმნილი კრიმინალური ვითარება არ აშინებთ - საქართველო-იაპონიის ასოციაცია იაპონელი ტურისტების ქართული კულტურით დაინტერესებას ცდილობს. იაპონელებმა რამდენიმე დღეში გადაწყვიტეს პრობლემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დღემდე ვერ მოუგვარებია.

ამას წინათ, ევროსაბჭოს კულტურული პოლიტიკის ექსპერტებმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში თავიანთი შეშფოთება ვერ დამალეს, - როგორ უნდა განვითარდეს თქვენთან ტურიზმი, როცა საქართველოს ხელისუფლებას თბილისის ტურისტული რუკის დაბეჭდვა ვერ მოუხერხებიაო. მაგრამ იქ, სადაც უახლესი ტექნოლოგიები მკვიდრდება, ტურისტული რუკა შეიძლება აღარც დასჭირდეთ - ცნობისმოყვარეობით სახელგანთქმული იაპონელებისთვის ერთი, ყველაზე სუსტი ბიძგიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ახალი ქვეყნის, უცნობი კულტურის გაცნობის სურვილი გაუჩნდეთ. ასეთი "ბიძგისთვის" კი თავად იაპონური ტურისტული ბიზნესი ზრუნავს - საქართველო-იაპონიის ასოციაციის ინიციატივით ჩვენს ქვეყანაში დასრულდა დოკუმენტური ფილმის გადაღება ქართულ კულტურულ ძეგლებზე. იაპონელ კინემატოგრაფისტთა ფილმი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კინოპროგრამაში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სურათს ნახავენ არა მარტო იაპონელი ტელემაყურებლები, არამედ ქართული კულტურით დაინტერესებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. უფრო მეტიც, იაპონელები არ დაკმაყოფილდნენ ქართული ძეგლების უბრალო აღბეჭდვით და ჩაერთნენ წმინდა სამების ტაძრის წინა ფასადის განაშენიანებაში - აქ დაგეგმილია დაახლოებით ორი ჰექტარი მიწის ათვისება და ამ ტერიტორიაზე იაპონური ბაღის მოწყობა. საინტერესოა, რომ ქართულ-იაპონურ ასოციაციასთან საქმიანი ურთიერთობა აქვს საქართველოს საპატრიარქოს. საკმარისია აღინიშნოს, რომ იაპონელმა კინემატოგრაფისტებმა ტურისტებისთვის განკუთვნილ ფილმში ჩართეს სვეტიცხოველში მამა ზენონის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიალიც. "არაქრისტიანი" კინემატოგრაფისტებისადმი ასეთი ნდობა ბუნებრივია. საქართველოში კარგად იციან, რომ იაპონელებს სიზუსტის განსაკუთრებული გრძნობა ახასიათებთ, ტრადიციულად, უცხო კულტურის აღბეჭდვისას, იაპონელი კინემატოგრაფისტები ერიდებიან მოვლენის შესაფასებას და ცდილობენ ჩაწვდნენ უცხო მოვლენის არსს. იაპონელებმა თავიათი ვიდეო და ფოტოკამერებით უკვე აღბეჭდეს მთელი მსოფლიო. ახლა, როგორც ჩანს, საქართველოს ჯერიც დადგა.
საინტერესოა, რომ იაპონელების გადამღებ ჯგუფს და ძვირადღირებულ აპარატურას საქართველოს უშიშროების თანამშრომლები იცავდნენ. ვინ დაიცავს საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმით მოხიბლულ იაპონელ ტურისტებს? ამაზე პასუხი არ არის.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG