Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალგაზრდობა და მშვიდობა"


"სურთ თუ არა ქართველ ახალგაზრდებს მშვიდობა?" რამდენად რიტორიკულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს კითხვა, ფაქტია, მომავალი თაობა ნაკლებადაა ჩართული სამშვიდობო პროცესებში; პოლიტიკოსები,

რომლებიც კონფლიქტების მოგვარებას ცდილობენ, ახალგაზრდების აზრს თითქმის არ ითვალისწინებენ ხოლმე. ამ დღეებში საქართველოს სასწავლო-საინფორმაციო სტუდია მოზარდებისათვის, იგივე "ეი-დი-სი" ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს - ცხადდება სამშვიდობო თემაზე გადაღებული ვიდეორგოლების სცენარებისა და საგაზეთო პუბლიკაციების კონკურსი.
გიამბობთ ამ კონკურსის პირობების შესახებ.


მაშინ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში ყველაზე აქტიურ ტელემაყურებლად დიასახლისებს მიიჩნევენ, საქართველოში ახალგაზრდობა კვლავაც მიჯაჭვულია ტელევიზორებზე. სოციოლოგების თქმით, ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობა თავისუფალ დროს "ცისფერ ეკრანებთან" ატარებს, მაგრამ, როგორც წესი, ვიდეოკლიპებით ცდილობს თავის შექცევას. პოლიტიკის მიმართ ქართველი მოზარდების გულგრილობა სულ უფრო აშკარა ხდება, მაგრამ უფროს თაობას ეს არათუ არ აღელვებს, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, აწყობს კიდეც - ახალგაზრდობა, თუნდაც "კმარას" ლოზუნგებით ქუჩაში გამოსული, ჩვენში, როგორც წესი, "დესტრუქციულ ძალად" ითვლება.

სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოს სასწავლო-საინფორმაციო სტუდიის მესვეურები. ასოციაცია "ახალგაზრდობა და მშვიდობა" მიიჩნევს, რომ ქართველ ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ ითამაშონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, კერძოდ, სამშვიდობო პროცესებში, რადგან ახალგაზრდობა არა "დესტრუქციული", არამედ პოლიტიკური სტერეოტიპებისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი ძალაა. იმისათვის, რომ ქართველი მოზარდები კონფორმისტებად არ იქცნენ, აუცილებელია მასმედიასთან მათი ურთიერთობის გაუმჯობესება, მათი დაინტერსება - თუნდაც მატერიალური დაინტერესება - ქვეყანაში და საერთოდ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებით. ამ მიზნით "ეი-დი-ესი" აცხადებს კონკურსს 12-22 წლის ასაკის მოზარდებისათვის საუკეთესო ერთწუთიანი ვიდეორგოლების სცენარებისა და საგაზეთო სტატიების გამოსავლენად სამშვიდობო თემატიკაზე. ჟიური გამარჯვებულებს 27 ოქტომბერს გამოაცხადებს. საუკეთესო ნაშრომები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდება. კონკურსის ორგანიზატორების სურვილია, გამარჯვებული სტატიები და ვიდეორგოლები რაც შეიძლება მალე, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებამდე იხილოს ფართო საზოგადოებამ და გაშუქდეს საინფორმაციო საშუალებებით. ანალოგიური პროექტის განხორციელება დაიწყო ერევანსა და ბაქოშიც. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში კონკურსი მთელ კავკასიაში გაიმართოს.

პროექტის განხორციელებისას "ეი-დი-სის" მთავარი პარტნიორია განათლების სამინისტრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ახალგაზრდობის აპოლიტიკურობით, გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებულია. არის თუ არა "ეი-დი-სის" პროექტი "კმარას" ალტერნატივა? ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG