Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


510-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში შეგიძლიათ მოისმინოთ რადიოჟურნალი "მეათე სტუდია". მის 510-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ბაქოს მოვლენების განმეორება საქართველოში?; გიამბობთ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ექსპედიციაზე; და საქართველოში "გინესის რეკორდების წიგნით" დაინტერესების შესახებ; მოგითხრობთ ქართული ენის სწავლების ახალ ფორმაზე, რომელიც შვეციის ქალაქ მალმეს უნივერსიტეტის თანამშრომელთა თაოსნობით მკვიდრდება; დაბოლოს შემოგთავაზებთ მასალას ფრანგ კინოვარსკვლავ კატრინ დენევზე, რომელსაც 22 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდა. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

რამდენად შესაძლებელია ბაქოს მოვლენების განმეორება საქართველოში?

დავით კაკაბაძე:
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დაწყებული მოვლენები ჯერ არ დასრულებულა - გრძელდება ოპოზიციის ლიდერთა დაპატიმრება, დაიხურა რამდენიმე გაზეთი, სამთავრობო მედია განაგრძობს ბეჭდვას "მშრომელებისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა" ღია წერილებისა, რომელთა ავტორებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ლიდერების მკაცრად დასჯას მოითხოვენ. რამდენად შესაძლებელია, 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოშიც დაწყოს ოპოზიციის დევნის პროცესი? თამარ ჩიქოვანმა ამ კითხვით მიმართა პოლიტოლოგ ივლიანე ხაინდრავას.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
პოლიტოლოგ ივლიანე ხაინდრავას თამარ ჩიქოვანი ესაუბრებოდა. ჩვენ კი განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას. ეთერშია "მეათე სტუდია".

[მუსიკა]

ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ექსპედიცია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში

დავით კაკაბაძე:
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველ მეცნიერთა ექსპედიციები ხშირად სწვევიან თურქეთს, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების აღსაწერად. ეს იყო ძირითადად ხელოვნების ისტორიკოსთა ექსპედიციები. წელს კი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსებიც გაემგზავრნენ. გოჩა საითიძემ, ჯაბა სამუშიამ, ბუბა კუდავამ, ბონდო კუპატაძემ და ზურაბ პატიაშვილმა ორი კვირა დაჰყვეს იქ. მოგვიანებით, ოქტომბრის დამდეგს, ბუბა კუდავა - ამჯერად სხვა ექსპედიციის შემადგენლობაში - კიდევ ერთხელ ეწვია თურქეთს. დავით პაიჭაძე მას ისტორიკოსთა კვლევის პირველ შედეგებზე ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
წლევანდელი პირველი ექსპედიციის მიზანი სამეცნიერო დაზვერვა იყო, მითხრა ბუბა კუდავამ. მეცნიერებს უნდა ენახათ ყველა ძირითადი პროვინცია და ძეგლი. ბუბას თქმით, ტაო-კლარჯეთი, დიდწილად, პირობითი სახელწოდებაა, რადგან ტაოსა და კლარჯეთის გარდა რეგიონი მოიცავს ისტორიულ კოლას, არტაანს, ერუშეთს, სამცხე-ჯავახეთის ნაწილსა და შავშეთს.

[ბუბა კუდავას ხმა] "რაც შეეხება ჩვენს ინტერესს: ეს არის საისტორიო გეოგრაფიის საკითხების კვლევა, გარკვეული ისტორიული პუნქტების ლოკალიზება, დაკვირვება ისტორიულ გზებსა და ციხეთა სისტემებზე, ზოგიერთი ისტორიული პუნქტის მოძიება, წყაროებით რომ არის ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა დღეს ზუსტად გარკვეული არ არის. ეს ყველაფერი, კომპლექსურად, რაღაც საისტორიო სურათის რეკონსტრუქციის საშუალებას გვაძლევს".

ბუბა კუდავას ვთხოვე, ეამბნა, მეცნიერული თვალსაზრისით, რა ღირებული შედეგი მოჰყვა მათ წლევანდელ ექსპედიციებს თურქეთში. ცხადია, ჩამოთვლილი ინტერესების დაკმაყოფილებას ერთი და ორი ექსპედიცია არ ეყოფა. ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ ყოველ წელს, ზაფხულობით ერთ ექსპედიციას მაინც გამართავენ. წლევანდელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ შეთანხმდნენ სამომავლოდ რეგიონის მუზეუმთა ფონდებში მუშაობაზე, რაც ქართული ექსპონატების გამომზეურებას შეუწყობს ხელს.

[ბუბა კუდავას ხმა] "ჩენ მოვინახულეთ ისტორიული პროვინცია ბაციანი და მოვახდინეთ ბასიანის ბრძოლის ადგილის ლოკალიზება. მანამდე ქართველ სპეციალისტებს არ ჰქონდათ საშუალება, ცასულიყვნენ და ენახათ ის, ამიტომაც ცოტა შეცდომით იყო ლოკალიზებული ამ ბრძოლის ადგილი. უნდა გითხრათ, საოცრად დიდი ველია, 10 კილომეტრი 10 კილომეტრზე ალბათ, და მართლაც შესაფერისი ადგილია ამ ბრძოლისათვის. ამ ველზე დაბანაკებული იყო მაჰმადიანური კოალიციის 400 ათასი მეომარი რუმის სულთანის მეთაურობით და მას მოულოდნელად დაეცა ქართველთა 90 ათასიანი ლაშქარი".

რამდენიმე თვის წინ კავკასიურ სახლში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული პატრიოტიზმის შესახებ, რომელშიც საგანგებოდ შეეხო ეროვნული იდენტობის კულინარულ დონეს. ერთი ციტატა ამ მოხსენებიდან: "მშობელ ეთნოსთან კავშირის გაწყვეტის მხოლოდ ბოლოსწინა საფეხური არის სრული ინდიფერენტულობა ეთნიკური წარმომავლობისადმი, ხოლო სულ ბოლოს კვების პროდუქტებისადმი ერთგულება კვდება. და მართლაც, საკვირველიც კია, იმდენად გაგიჭირდებათ იმგვარი ქართველის პოვნა, რომელიც ისე მთლიანად იყოს ქართველობიდან გასული, რომ უარი ჰქონდეს ნათქვამი უკლებლივ ყველა ქართულ პროდუქტზე. ეროვნული სამზარეულოს ერთგულება ეს არის ქართველობასთან ზიარების, ჩვენი ეთნიკური ვინაობის დადასტურების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე თუნდაც ეგოისტური ინსტინქტები და საღი აზრის არგუმენტები".

ციტატა იმიტომაც მოვიხმეთ, რომ ბუბა კუდავასთან საუბრისას შევეხეთ ამ საკითხს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მცხოვრები მოსახლეობასთან მიმართებით. ბუბა ამბობს, რომ თურქული იდენტობის მქონე მოქალაქეთა ოდინდელ, სავარაუდოდ, ქართულ ეთნიკურ ვინაობას რამდენიმე კრიტერიუმით საზღვრავდნენ: ესენია ტოპონიმიკა - იმ ადგილთა სახელები, სადაც ისინი ცხოვრობენ, ზეპირი გადმოცემები, ფონეტიკური კომპლექსები და სამზარეულო.

[ბუბა კუდავას ხმა] "ეკითხები, ვთქვათ, თუ არის გავრცელებული თქვენთან ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჭინჭარი, ლობიო (ისინი ლობიას ეძახიან), ჭანჭური... მოსახლეობის დიდ ნაწილში ეს მენიუ ახლაც გავრცელებულია და ამბობენ, ახლაც ვაკეთებთო ამას. სახელები, რაც ნიშანდობლივია, არ უთარგმნიათ. მაგალითად, ჭინჭარს აქვს თურქული შესატყვისი. არა, მისგან დამზადებულ კერძს ჭინჭარს ეძახიან".

ისტორიკოსები ამ პირველი მოკვლევის შედეგებს ვრცლად ცოტა მოგვიანებით წარუდგენენ საზოგადოებას. განზრახული აქვთ სპეციალური კრებულის გამოცემა და, თუ მოახერხეს, სამეცნიერო სერიის დაარსებაც. ჩვენ სიუჟეტს კი ვასრულებთ თურქეთში ჩაწერილი ერთი ქართული სიმღერით [ისმის "ნანაი და"].

დავით კაკაბაძე:
შეგახსენებთ, რომ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ექსპედიციაზე დავით პაიჭაძე მოგითხრობდათ.

[მუსიკა]

"გინესის წიგნის" ახალი რეკორდსმენი

დავით კაკაბაძე:
ამ ერთი თვის წინათ 33 წლის თბილისელმა ინჟინერმა გიორგი ჩხაიძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ახლა გინესის რეკორდების წიგნში უნდა დაიმკვიდროს ადგილი: ახალმა რეკორდსმენმა ზეპირად გადაამრავლა ორი ცხრანიშნა რიცხვი, რასაც საათნახევარი მოანდომა. მანამდე მსოფლიო რეკორდი ეკუთვნოდა ინდოელ მათემატიკოსს, გარი პრასადს, რომელმაც 1999 წელს ზეპირად გადაამრავლა ორი რვანიშნა რიცხვი. რა მდგომარეობაა დღეისთვის საქართველოში გინესის რეკორდების წიგნით პრაქტიკული დაინტერესების მხრივ? ამ სფეროს ცნობილ პოპულარიზატორს, კლუბ "გიორგის" თავმჯდომარეს, გვანჯი მანიას, ამ თემაზე გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.


გიორგი კაკაბაძე:
პირველი ქართველი, რომელმაც გინესის რეკორდების წიგნში დაიმკვიდრა ადგილი, მსოფლიო მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა გახლავთ. 1990-92 წლებში მან ადგილიდან მკლავებზე აზიდვებში ზედიზედ 11 მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გვანჯი მანია აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში პიროვნება ავტომატურად ხვდება გინესის რეკორდების წიგნში. მაგალითად, მაია ჩიბურდანიძე წიგნში შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადარკში ქალთა შორის.

ჩემი თანამოსაუბრე ერთი საინტერესო შემთხვევას იხსენებს: ცნობილი ნორვეგიელი ქართველოლოგის ჰანს ფოგტის სამეცნიერო ნაშრომის მეშვეობით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა ქართული სიტყვა "გვფრცქვნის". ეს სიტყვა შეიცავს მიჯრით დაწერილ 8 თანხმოვანს და მსოფლიოში არსებულ 5000-ზე მეტ ენათა შორის ანალოგი არ მოეპოვება.

საქართველოში დამყარებული, ჯერ-ჯერობით, უკანასკნელი რეკორდის თაობაზე ბატონი გვანჯი ამბობს:

[მანიას ხმა]"გიორგი ჩხაიძეს იმ დღეს ორჯერ მოუწია ორი ცხრანიშნა რიცხვის გადამრავლება. საქმე ის არის, რომ დარბაზში შეკრებილი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ძირითადად კი ჟურნალისტები, ჩვენი კოლეგები, ერთობ მოუსვენრად იქცეოდნენ, ხმაურობდნენ და ხელს უშლიდნენ გამოთვლის პროცესს. არადა ამგვარ ვითარებაში იდეალური სიჩუმის დაცვა, უბრალოდ, აუცილებელია. მაგრამ რეკორდი მეორე ცდაზე მაინც შედგა. ეს არაჩვეულებრივი მაჩვენებელია და მსოფლიო მასშტაბითაც გახმაურდა".

საინტერესოა, რომ ჩხაიძის რეკორდის შემდეგ გვანჯი მანიას დაუკავშირდა ორი პიროვნება, რომელთა თქმით, მათაც გააჩნიათ მრავლნიშნა რიცხვების ზეპირად გადამრავლების უნარი. ასე რომ, გიორგი ჩხაიძის უკვე მიმდევრები თუ კონკურენტებიც გამოუჩნდნენ.

რაც შეეხება გინესის რეკორდების წიგნის უახლოეს პრეტენდენტს. მომავალ ოთხშაბათს, 29 ოქტომბერს, თბილისში, რიყეზე, 23 წლის ათლეტი, ლაშა პატარაია ორ სარეკორდო ასპარეზობას გამართავს. ჯერ-ერთი, იგი მიზნად ისახავს, რომ გააუმჯობესოს გინესის წიგნის ჩინელი რეკორდსმენის, ლი ძიან ხუას შედეგი - 50 კილოგრამი სიმძიმის ყურით აწევა და 9,3 წამით გაჩერება.
მეორე სარეკორდო ასპარეზობა კი გულისხმობს ყურებს რგოლურად მიბმული ნეილონის თოკით მიკროავტობუსის გადაადგილებასა და გინესის წიგნში რეკორდის ახალი სახეობის დამკვიდრებას.

ტრადიციულ სახეობებთან დაკავშირებით კი გვანჯი მანია აღნიშნავს, რომ მისი დიდი ხნის ოცნება, - საქართველოში მარათონული ცურვის ტრადიციის აღდგენაა. ეს კი უკავშირდება ბათუმელი მემედ ბედიას გადაცურვას ბათუმიდან ფოთამდე.

[მანიას ხმა]"ამ მარშრუტის გაცოცხლება და საქართველოში მარათონული ცურვის ტრადიციის დამკვიდრება ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1970 17 სექტემბერს, - 33 წლის წინათ - გაზეთ "კომუნისტში" გამოვაქვეყნე წერილი. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასი წლის იუბილე აღინიშნება, მოხერხდება მარათონული ცურვის ტრადიციის აღდგენა".

გინესის რეკორდების წიგნით პრაქტიკულ დაინტერესებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურთა ხელშემწყობი კავშირის გაზეთ "გიორგის", რომლის რედაქტორიც გვანჯი მანია გახლავთ. გაზეთში სრულად აისახება ყველა ის მიღწევა, რომელიც საქართველოში ნებისმიერი სახის სარეკორდო ასპარეზობას უკავშირდება.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ქართული ენის საინტერნეტო კურსები მალმეს უნივერსიტეტში

დავით კაკაბაძე:
ახლა საქართველოდან შვეციაში გადავინაცვლოთ. თუმცა, ჩვენი საუბრის თემად საქართველო, ქართული ენა, დარჩება. შვედი ქართველოლოგის, კარინა ვამლინგის სახელი, ჩვენი მსმენელების დიდი ნაწილისთვის, დარწმუნებული ვარ, ცნობილია. იგი უწინ ლუნდის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა და იქ უკითხავდა ლექციებს ქართული ენით დაინტერესებულ სტუდენტებს. არცთუ დიდი ხნის წინათ ქალბატონი კარინა მალმეს უნივერსიტეტში გადავიდა სამუშაოდ, და ჩვენთვის მეტად სასიამოვნოა, რომ ქართული ენისა და, საერთოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეს იქაც აგრძელებს. ამაში დარწმუნდებით, თუ ესტუმრებით მალმეს უნივერსიტეტის საინტერნეტო გვერდს, რომელიც ქართული ენის შესწავლის მსურველებს ექვსთვიან ონლაინ-კურსს სთავაზობს. კარინა ვამლინგთან ერთად ამ კურსს უძღვება ქართველი ენათმეცნიერი მანანა კოკ-კობაიძე, რომელიც უკვე ექვსი წელია შვეციაში ცხოვრობს და, როგორც სატელეფონო საუბარში მითხრა, შვედურ-ქართული ოჯახის ორ პატარა წევრს, თავის ხუთი წლის გოგონასა და ოთხი წლის ბიჭუნას, მხოლოდ ქართულად ესაუბრება.

[მანანა კობაიძის ხმა. იხ. აუდიოვერსია]

მანანა კობაიძეს ვკითხე, თუ რა არის საჭირო საიმისოდ, რომ ქართული ენის საინტერნეტო კურსის მსმენელი გახდე.

[მანანა კობაიძის ხმა. იხ. აუდიოვერსია]

უნდა ჰქონდეს თუ არა ქართული ენის საინტერნეტო კურსის მსმენელს ქართულის ცოდნის რაიმე საფუძველი? ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომელიც მანანა კობაიძეს დავუსვი.

[მანანა კობაიძის ხმა. იხ. აუდიოვერსია]

როგორც მანანა კობაიძემ საუბრის დასაწყისში გვითხრა, ქართული ენის საინტერნეტო კურსი მან და კარინა ვამლინგმა ლუნდის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას სამჯერ ჩაატარეს. კარინა ვამლინგთან საუბრისას დავინტერესდი, როგორ ჩატარდა ის კურსები და ვინ იყო მისი მსმენელთა შორის.

[კარინა ვამლინგის ხმა. იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]

კატრინ დენევი 60 წლისაა

დავით კაკაბაძე:
ფრანგი კინორეჟისორი ფრანსუა ტრიუფო 1969 წელს წერდა: "კატრინ დენევი იმდენად ლამაზია, რომ ნებისმიერ ფილმს, რომლის გმირიც არის იგი, შეუძლია უარი თქვას სიუჟეტზე. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი უბრალოდ მისი ყურებითაც ბედნიერი იქნებოდა, და მის საყურებლად ეღირებოდა ფულის გადახდაო." კატრინ დენევი ერთსა და იმავე დროს მაცდურიც არის და მიუკარებელიც, კდემამოსილიც და ცოდვილიც, ელეგანტურიც და ქვენა გრძნობებით მართულიც. მშვენიერი პარიზელისთვის წინააღმდეგობები ხასიათის ნაწილია. სწორედ მისმა ამ ბუნებამ აქცია იგი მსოფლიო რანგის კინოვასრკვლავად. კატრინ დენევი, რომელიც ამერიკულმა ჟურნალმა "ლუკმა" მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარა, 22 ოქტომბერს 60 წლის შესრულდა. ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
"კატრინ დენევიც კი ხდება 60 წლის" - ეს იყო პირველი აზრი, რომელმაც გამკრა თავში, როცა ეს თარიღი გავაცნობიერე (60 წლამდე საკმაოდ ბევრი მაშორებს და ამიტომ ჩვენი შედარებით ასაკოვანი რადიომსმენელები ალბათ ზედმეტ უტაქტობად არ მიიღებენ ამ ნათქვამს). მართლაც, 40 წლის კინოკარიერისა და 70 კინოფილმის შემდეგ დენევი ძველებური წარმატებით განასახიერებს "მარად ქალურის" ხელშეუხებელ, ეროტულ და მომაჯადოებელ ვარიანტს.

მაზოხისტი მეძავი ლუი ბუნუელის "დღის სილამაზეში", ფსიქიურად დაავადებული ქალი რომან პოლანსკის "ზიზღში"თუ მოღალატე ცოლი ფრანსუა ოზონის "8 ქალში" - იგი ყველა როლში სუფთა, გაუსვრელი რჩებოდა. "ერთდროულად სექსუალურად მიმზიდველი და კდემამოსილი" - ასე ახასიათებდა დენევს, რომლის ნამდვილი გვარი დორლიაკია, მისი ყოფილი პარტნიორი როჟე ვადიმი. "პროფესიონალი ქალწულის მიმზიდველობამ" - ეს სიტყვები კინორეჟისორ რომან პოლანსკის ეკუთვნის, - დენევი მითად და მასების კერპად აქცია.

კიდევ უფრო შორს მიდიოდა ფრანსუა ტრიუფო, რომლის ორ ფილმში, "ყალბი საცოლის საიდუმლოსა" და "უკანაკნელ მეტროში" თამაშობდა დენევი. ტრიუფო მსახიობი ქალის პიროვნების გაორებაზეც კი ლაპარაკობდა. "კატრინი კინოეკრანზე ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს: გაცხადებულით და გასაიდუმლოებულითო".

მაგრამ თავის ჭეშმარიტ პიროვნებას კატრინ დენევი არა მხოლოდ კინოეკრანზე მალავს. იგი მხოლოდ იმას აცხადებს, რაც მის მითოსს შეეფერება. მაგალითად, ძალზე ცოტაა ცნობილი მისი მრავალრიცხოვანი საყვარლების შესახებ. მათ შორის იყვნენ ლუის ბუნუელი, მარჩელო მასტროიანი, სერჟ გინსბურგი და როკვარსკვლავი ჯონი ჰოლიდეი. რჩეულთა წრეს თურმე საფრანგეთის ერთ-ერთი პრეზიდენტიც კი განეკუთვნებოდა, მაგრამ მისი ვინაობა დენევს არასოდეს გაუმხელია. "არ მიყვარს გულის გადაშლა. სამსახიობო ხელოვნებაში ვერ ვიტან ეკზიბიციონიზმს და არ მიყვარს შოკირებაო", თქვა ერთხელ მამაკაცების გულთამპყრობელმა.

"კატრინს ის არ აშინებს, რომ მას უყურებენ. მას აშინებს ის, რომ შეიძლება მისი გამოცანა ამოიცნონო", ამბობდა ფრანსუა ტრიუფო, რომლის სიტყვებით, "მსოფლიოში ულამაზეს ქალთან იგი მსოფლიოში უბედნიერესი მამაკაცი" იყო.

როგორც გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" წერდა ამ დღეებში, თავად "კატრინ დენევი ბედნიერი ქალის შთაბეჭდილებას კი არ ტოვებს, არამედ ადამიანისა, რომელიც მუდამ ეძებს რაღაცას, მაგრამ თავად არ იცის, რას. ერთი რამ ცხადია - კაცებს არ შეუძლიათ მას მისცენ ის, რაც მას აკლიაო."

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდიის" დღევანდელ გამოშვებას დავასრულებთ მიშელ ლეგრანის კომპოზიციით ჟაკ დემის ფილმიდან "შერბურის ქოლგები", რომელშიც კატრინ დენევი მთავარ როლს ასრულებდა. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG