Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ორი ნოემბრის საპარალმენტო არჩევნები, რასაც სერიოზული მღელდვარება მოჰყვა საქართველოში,

კვლავაც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში
მოქცეული. "არჩევნების გაყალბება საქართველოში", ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია შვეიცარიის გაზეთ "ნოიე ციურხერ ცაიტუნგში". სტატიაში ვკითხულობთ:

"ათი დღე სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, თუმცა მისი საბოლოო შედეგები ჯერაც არ გამოქვეყნებულა. პრეზიდენტ შევარდნაძის მოწინააღმდეგეები რამდენიმე დღეა, განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, რაც ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია, ედურდ შევარდნაძეს აჭარის ავტორიტარი მმართველი ამოუდგა მხარში. ასლან აბაშიძემ, საქართველოს მთავრობის მომხრეთა 15 ათასკაციანი დემონსტრაცია მოაწყო ბათუმში. აბაშიძე პრეზიდენტ შევარდნაძის გადაგომის წინააღმდეგ გამოვიდა. ორ პოლიტიკოსს შორის ერთგვარი ზავი მოქმედებს: აბაშიძე შევარდნაძეს ხელს არ უშლის თბილისში, სამაგიეროდ აბაშიძეს აჭარაში მოქმედების სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული".

"ქართველი მელა" - ასეა დასათაურებული მარკუს ვენერის სტატია გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეში". გერმანელი ჟურნალისტის აზრით ედუარდ შევარდნაძეს აღარ ძალუძს უკვე ქვეყნის მართვა აჭარის მბრძანებლის, ასლან აბაშიძის მხარდაჭერის გარეშე, ვინაიდან თუ საქართველოს პრეზიდენტი აბაშიძეს გაემიჯნება, ეს უკანასკნელი აჭარას ჩამოაშორებს საქართველოს, რაც ისედაც დასუსტებული ქვეყნისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მარკუს ვერნერი დასძენს:

"შევარდნაძეს, რომელიც რამდენიმე შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩა, "მელიად", "მანიპულაციის დიდოსტატად" მოიხსენიებენ თანამემამულენი. მაგრამ ამჯერად, როცა წელიწადნახევარი რჩება მისი პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე, რამდენად შესძლებს შევარდნაძე ამ კრიზისიდან თავის დაღწევას, ეს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა".

გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" აზრით,
შევარდნაძე ადვილად არ დათმობს პრეზიდენტის სავარძელს. "ესაა გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას, რაშიც არც თუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის, უვნებლად გადაურჩა" - დასძენს გაზეთი. ხოლო "ბოსტონ გლოუბი" ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იმ პროცედურულმა დარღვევებმა, რასაც მრავლად იქონდა ადგილი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, აგრეთვე მიცემული ხმების გაჭიანურებულმა დათვლამ აღშფოთება გამოიწვია ვაშინგტონის მმართველ წრეებში.
XS
SM
MD
LG