Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები ქობულეთში დაპატიმრებული დამკვირვებლის უფლებების დაცვას ცდილობენ


თბილისის ცენტრში მოწყობილ თავდაპირველ საპროტესტო აქციებზე მრავლად გაისმოდა მოწოდებები 2 ნოემბერს ქობულეთში დაკავებული არჩევნების დამკვირვებლის გიორგი მშვენიერაძის დასაცავად.

მოგვიანებით მიტინგებზე მშვენიერაძის საკითხი მივიწყებას მიეცა და წინ სხვა, პოლიტიკური ხასიათის, მოთხოვნებმა წამოიწია. არადა, არჩევნების დაკვირვებისთვის დაპატიმრებული მოქალაქის უფლებების დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტიული პოლიტიკური ინტერესების რეალიზება.

რადიო "თავისუფლების" მსმენელს რამდენიმე დღის წინ უკვე ვესაუბრე 3 ნოემბერს ქობულეთში არჩევნების დამკვირვებლის გიორგი მშვენიერაძის დაკავებისა და მის მიმართ წაყენებული ბრალდებების შესახებ. ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ დაპატიმრებული დამკვირვებლის საკითხის თაობაზე აჭარის ავტონომიის ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენელთა მოსაზრებებზე.

თავდაპირველად გთავაზობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ასლან აბაშიძის განმარტებებს 21 წლის დამკვირვებლის დაპატიმრების მიზეზების შესახებ:

[ასლან აბაშიძის ხმა] "ავტონომიური რესპუბლიკის გარედან მოვლენილი იყო კომისიის შემადგენლობაში ახალგაზრდა იურისტების კავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მან უხეში შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებლების თვალწინ ამომრჩეველს და შემდეგ ფიზიკურად შეეხო პოლიციელს."

ასლან აბაშიძის პრესმდივანმა თამარ გუდავამ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ მშვენიერაძე პოლიციამ გადაარჩინა იმ ადგილობრივ ამომრჩეველთა რისხვისგან, რომელნიც დამკვირვებლის მიერ მოწყობილი შეხლა-შემოხლით იყვნენ აღშფოთებულნი. ალბათ, სწორედ ამიტომაც მიუსაჯეს მას 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა.

[თამარ გუდავას ხმა] "თქვენ რომ განახათ, რა პირობებშია გიორგი, პატიმრობას ამას არ დაარქმევთ. მე ზუსტად ამ საკითხზე ვესაუბრე ქობულეთის პროკურორს და მან განაცხადა, რომ ცალკე ოთახში, უმაღლეს დონეზე, ტელევიზორითა და წიგნებით არის უზრუნველყოფილი გიორგი."

ერთია წინასწარი დაკავების საკანში შექმნილი საკურორტო პირობები და მეორე ის, თუ რამდენადაა დაცული უფლებები ადამიანისა, რომელიც არჩევნების დაკვირვების გამო 3 თვით აღმოჩნდა ციხეში და არავინ იცის, საბოლოოდ რა განაჩენს გამოუტანენ ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელს. შეშფოთების საფუძველს ის იძლევა, რომ გიორგი მშვენიერაძის დაკავება მოკლებული არ არის პოლიტიკურ საფუძველს.

[თამარ გუდავას ხმა] "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რისთვის ჩამოყალიბდა და რა მისია აქვთ მაგათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათი აქ ჩამოსვლის მისია იყო ის, რომ არარეული სიტუაცია როგორმე აერიათ. მაგრამ ეს სიტუაცია ხომ უნდა დაფიქსირებულიყო სადღაც, რომ სადღაც მოხდა არეულობა და გიორგი მოხვდა ამ გაუგებრობაში..."(სტილი დაცულია)

ავტონომიურ რესპუბლიკაში უფრო მსხვილი მასშტაბის არეულობისა და გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, აჭარის ციხეში ახლაც დაპატიმრებულია უზენაესი სასამართლოს მიერ გამართლებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გიორგი ასანიძე. ამგვარი პრეცედენტები კი კარგს არაფერს აფიქრებინებს გიორგი მშვენიერაძის ბედით შეწუხებული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს.

15 ნოემბერს ჟურნალისტთა სახლში გამართულ შეხვედრაზე მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოამზადეს მიმართვა, რომელიც ხელმოსაწერად ყველა საინფორმაციო საშუალებასა და არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეგზავნა. მიმართვის ძირითად მოთხოვნას გაზეთ "ექოს" მთავარი რედაქტორი გენო ჯოხიძე გაგაცნობთ:

[გენო ჯოხიძის ხმა] "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს, პრეზიდენტს, საკრებულოს თვმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მივმართავთ თხოვნით, რომ, რაც შეიძლება, უმოკლეს ვადაში იქნეს თავდებით გათავისუფლებული აჭარაში დაკავებული დამკვირვებელი, და მოვითხოვთ, რომ ის შეხვდეს ჟურნალისტებს, რათა გამჭვირვალე გახდეს პროცესი."

ასეთ მოთხოვნებზე აჭარის ავტონომიის მეთაურს ასლან აბაშიძეს პასუხი უკვე გაცემული აქვს.

[ასლან აბაშიძის ხმა] "ითხოვენ, რომ, აი, გადმოგვეცით, ჩვენ ეს უნდა გავიყვანოთ ჩოლოქს გარეთ. ისმება კითხვა, რატომ უნდა ერეოდეს ვინმე და რატომ უნდა მფარველობდეს ისეთ ადამიანს ადამიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან, რომ ყველა დონეზე დემოკრატიულ პრინციპებზე ყოფილიყო აგებული ჩვენი ურთიერთობები, ქმედებები და ის დამნაშავეს აფარებს ხელს." [სტილი დაცულია]

ეს განცხადება ასლან აბაშიძემ მოსკოვში გაფრენამდე გააკეთა. იმოქმედებს თუ არა მის პოზიციაზე ჟურნალისტების მიმართვის ანალოგიური მიმართვა, რომელიც საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმაც გააკეთა, ეს აბაშიძის მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG