Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაციის ტრიუმფალური ტურნე ევროპაში - დასავლეთი დაუეჭვებლად უჭერს მხარს "ვარდების რევოლუციის" ავტორებს


საქართველოს ახალ ლიდერებს პრაქტიკულად არ დასჭირვებიათ ძალისხმევა იმისათვის,

რომ 23 ნოემბრის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დაერწმუნებინათ თავიანთი ნამოქმედარისა და სამომავლო ამოცანების მართებულობაში, თუნდაც - თავიანთ გულწრფელობაში. დასავლეთი სრულიად მზად აღმოჩნდა იმისათვის, რომ ყოყმანის გარეშე ჯერ მორალურად და სულ რაღაც რამდენიმე დღეში ფინანსურად ამოდგომოდა, როგორც თავად უწოდებენ "ვარდების რევოლუციის" ავტორებს.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სავარაუდო გათვლით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ორნახევარ მილიონ ევროზე მეტი, საპარლამენტო არჩევნებისთვის კი სამნახევარი მილიონი ევრო დასჭირდება. გათვლას, როგორც უკვე იცით, საქმე მოჰყვა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 1-2 დეკემბრის სხდომამ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების ჩასატარებლად 5 მილიონ ევროზე მეტი აჩუქოს. თუმცა, ამ ფინანსურ დახმარებაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს დასავლეთის ერთსულოვნება საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაში. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მაასტრიხტის სხდომაზე საქართველოს პოლიტიკურმა მხარდაჭერამ აქტიური სახე მიიღო და საუბარი შეეხო არა მხოლოდ ქვეყნის ახალი ლიდერების მხარდაჭერას პროცესების დემოკრატიულად წარმართვაში, არამედ მათთვის მხარის აბმას პროტესტშიც კონკრეტული სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის კატეგორიულ განცხადებას რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და რუსეთის ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის აუცილებლობის თაობაზე ჯერ იმავე დღეს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის - ფრანკო ფრატინის განცხადება მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეუთოს მიმართ ნდობა დამოკიდებულია ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" გადაჭრის საქმეში მის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ამას გარდა, ფრატინიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და გამოხატა სინანული იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო 1999 წლის სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულება. ამ განცხადებას ეხმიანებოდა ეუთოს კიდევ ერთი წევრი
ქვეყნის - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა:

[პაუელის ხმა]
"მე აგრეთვე მოვუწოდებ რუსეთსა და საქართველოს მაოგვარონ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებული ყველა დარჩენილი საკითხი. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საჭიროა მოლდავეთსა და საქართველოს შესახებ სტამბოლის სამიტის ვალდებულებათა უსწრაფესად განხორციელება და გამოვხატავ სინანულს იმის გამო, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მინისტრთა განცხადებების დონეზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა".

კოლინ პაუელი ამას არ დასჯერდა და კიდევ უფრო დააზუსტა დასავლეთის პოზიცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ:

[პაუელის ხმა]
"საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად როგორც საარჩევნო პროცესის დროს, ისე მის შემდეგაც. არავითარი მხარდაჭერა არ უნდა აღმოვუჩინოთ სეპარატისტულ ელემენტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ცდილობენ".

ეუთოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობისა და მაასტრიხტში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ბრიუსელს გაემგზავრა და იქ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს - ხავიერ სოლანას შეხვდა. შეხვედრის დასრულებისთანავე ბრიუსელში დავუკავშირდი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ევროკავშირსა და ბენილუქსის ქვეყნებში კონსტანტინე ზალდასტანიშვილს და ინფორმაციის გაზიარება ვთხოვე:

[ზალდასტანიშვილის ხმა]
"ბატონ სოლანასთან შეხვედრაზე შეიძლება ითქვას, რომ სრული მხარდაჭერაა როგორც პირადად მისგან, ასევე ევროკავშირისგან, ბუნებრივია, საქართველოს მიმართ. ყველა ელოდება ჩვენგან მომავალი არჩევნების ჩატარებას სამართლიანად, გამჭვირვალედ და მინდა გითხრათ, რომ ის შანსი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს, ასეთი დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ უნდა იქნას გამოყენებული. ევროკავშირმა არჩევნების ჩასატარებლად უკვე გამოყო თანხა თავის მხრივ - 2 მილიონი ევრო. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოყვეს ორმხრივ დონეზე თანხები. და მინდა გითხრათ, რომ ყველანაირ მხარდაჭერას გვპირდება ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობა. დღეს ეს ყველაფერი ნათლად გამოიკვეთა ბატონ სოლანასთან შეხვედრაზე, რომელიც დაინტერესდა რუსეთთან ჩვენი ურთიერთობით, რომელიც დაინტერესდა არჩევნებისათვის მზადებით, რომელიც დაინტერესდა დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულია და ამ ყველა მიმართულებით დახმარება აღგვითქვა. არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში მან გამონახოს დრო და საქართველოში ჩამოვიდეს".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG