Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო პრემიების ახალი ნომინანტები


ბუნებრივია, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოში საზოგადოების ყურადღება კულტურიდან პოლიტიკაზე გადაიტანა.

მაგრამ ამ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ერთნაირად უკავშირდება როგორც პოლიტიკას, ასევე კულტურას: გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის დადგენილება და იმ ნაწარმოებთა სია, რომელიც კომიტეტმა 2003 წლის სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად წარმოადგინა.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტი არ აკონკრეტებს, თუ ვინაა დღეს "საქართველოს პრეზიდენტი", რომელსაც ეს კომიტეტი ემორჩილება... არადა, კომიტეტის წევრებმა არ დაარღვიეს რეგლამენტი და სახელმწიფო პრემიების ნომინანტების სია 28 ნოემბერს, ე.ი. "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ, დაამტკიცეს.

ფაქტობრივად, დღეს გადამდგარი პრეზიდენტის მოქმედი კომიტეტი გადამდგარი პრეზიდენტის ფავორიტებს წარმოგვიდგენს. და არა იმიტომ, რომ არ ცნობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. უბრალოდ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო პრემიების ნომინანტები კომიტეტს რევოლუციამდე გაცილებით უფრო ადრე წარუდგინეს, ე.ი. იცოდნენ, რომ კომიტეტი ფინალში არ დაუშვებდა იმ ნომინანტებს, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებოდნენ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკას.

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კომიტეტი (ეს კომიტეტი დღეს ნინო ბურჯანაძეს უნდა "ემორჩილებოდეს") საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია: სახელმწიფო პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალი არ არის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. აქ ვერაფერს შეცვლი, რადგან ნომინანტები მოუთმენლად ელიან კომიტეტის გადაწყვეტილებას. კომიტეტმა კი, როგორც ჩანს, სწორედ ის ნომინანტები წარმოადგინა, რომელთა სახელები არავის გააღიზიანებს: ლიტერატურის დარგში ლადო მრელაშვილი რომანისთვის "და შექმნა ღმერთმან კაცი", თამაზ ჩხენკელი ლექსების კრებულისათვის, აგრეთვე მწერლები - თამაზ კვაჭანტირაძე, სოსო სიგუა; მუსიკის დარგში - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი; მოქანდაკეები - გენო ზაქარაია, ჯუნა მიქატაძე და მხატვარი გივი თოიძე, მსახიობები - გურანდა გაბუნია და სოფიკო ჭიაურელი; ანსამბლი "ერისიონი", აგრეთვე ნინო და ილიკო სუხიშვილები, კინორეჟისორები - დიტო ცინცაძე და ზურაბ ინაშვილი, ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია, არქიტექტორები - რევაზ ბერიძე, გიული გეგელია, კონსტანტინე მემანიშვილი, ვლადიმერ არჩაია...

ვინ დარჩება ფინალში? პროგნოზისათვის ახლა არა ედუარდ შევარდნაძის, არამედ ნინო ბურჯანაძის გემოვნება უნდა გავითვალისწინოთ... და, რა თქმა უნდა, ისიც, თუ ვის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა "ვარდების რევოლუციის" მიმართ. უნდა ვივარაუდოთ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება კომიტეტის მომავალზეც იმოქმედებს... პრეზიდენტთან არსებული კომიტეტი ან "პრეზიდენთან დარჩება", ან საერთოდ გაუქმდება... ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო პრემია აღარ იარსებებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG