Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტრო რეორგანიზაციის მოლოდინში


კულტურის სამინისტრო თითქმის ერთი თვეა პირველი პირის გარეშე ფუნქციონირებს. მინისტრის პოსტი ვაკანტურია, მაგრამ დროებითი ხელისუფლება არ ჩქარობს. უფრო მეტიც, იგი სამინისტროს

რეფორმირების პროცესში კულტურის მუშაკთა მონაწილეობას ითხოვს და მათთან კონსულტაციებს იწყებს. ამ რიგის ერთი შეხვედრა გასული კვირის ბოლოს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სასტუმრო "კოპალაში", გაიმართა. პირველად სწორედ აქ გაისმა სამინისტროს გაუქმების წინადადება, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ რიგში, სამინისტროს თანამშრომლები გაანაწყენა. არსებობს კულტურის სამინისტროს აპარატის დროებით ხელისუფლებაზე განაწყენების სხვა მიზეზიც: ხელისუფლება სამინისტროს ბედს მათი გვერდის ავლით წყვეტს. შესაბამისად, დიალოგისათვის მზაობის კონტრწინადადება 18 დეკემბერს უკვე უშუალოდ სამინისტროდან გაისმა.

როგორც კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ქავთარაძემ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან კულტურის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრაზე კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები არ მიუწვევიათ. მართალია, სატელევიზიო ანონსის შემდეგ მინისტრის მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, საკუთარი ინიციატივით, მოგვიანებით მაინც შეუერთდნენ შეკრებას, მაგრამ სამინისტროს იგნორირების პროცესი გრძელდება. ამას კი გიორგი ქავთარაძე იმით ასაბუთებს, რომ შეხვედრის შემდეგ გასული ხუთი დღის განმავლობაში დროებითი ხელისუფლება ერთხელაც არ შეხმიანებია სამინისტროს.

[გიორგი ქავთარაძის ხმა] " ჩვენ არ ვუყურებთ ამ თემას, რომ ბარიკადის იქით და აქეთ მხარეს, რაღაც რევკომებს და ასე შემდეგ - არ ვუყურებთ არანაირად. ყველას ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ, რაღაც დღე დავთქვათ და ამ თემებზე მსჯელობა გაგრძელდეს, რამეთუ არის საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც რაღაც არ აკმაყოფილებს. და ეს მხოლოდ და მხოლოდ უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით. კონკრეტულად გვითხრან, ვის რა არ მოსწონს. კონკრეტულად და არა ვარაუდის სახით." (სტილი დაცულია)

კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ "კოპალაში" შეკრებილი კულტურული საზოგადოება, გარკვეულწილად, ეგზალტირებული იყო და არამართებულად აფასებდა სამინისტროს როლს. ამ საზოგადოებაში მოიაზრება კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავაც, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოითხოვა სამინისტროს გაუქმება - უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, მოითხოვა გაუქმება სამინისტროს არსებული სტრუქტურისა, რომელიც, მისი თქმით, სოციალური უსამართლობის წაქეზებას უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე კულტურის განვითარებას.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "უნდა იყოს პრიორიტეტული მიმართულებები და უნდა იყოს ამის ხელშეწყობა და რაღაც კოორდინაციული ფუნქცია უნდა ჰქონდეს კულტურის... აი, რა იქნება, ეგ არ ვიცი - სამინისტრო იქნება თუ სხვა სახით... და არა მმართველი."(სტილი დაცულია)

მაინც, როგორი უნდა იყოს კულტურის სამინისტრო? ის, რომ დროებითი ხელისუფლება სამინისტროს გაუქმებას არ გეგმავს, კარგად გამოჩნდა სასტუმრო "კოპალაში" გამართულ შეხვედრაზე, სადაც სამინისტროს სტრუქტურული რეფორმის ერთ-ერთ ვარიანტად კულტურის, სპორტისა და ტურიზმის ერთიანი დეპარტამენტის შექმნა დასახელდა. ითქვა ისიც, რომ კულტურის სამინისტრომ ექსპერტების წინადადებით უნდა იმუშაოს და თავისუფალი იყოს როგორც საკადრო პოლიტიკის, ისე სამეურნეო ფუნქციებისგან. არაოფიციალურად ცნობილი ხდება მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატიც: იგი ბურჯანაძე-დემოკრატების გუნდის წევრია და ახალი თაობის მოაზროვნეთა შორის დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს.

კულტურის სამინისტროში კანდიდატებზე არ საუბრობენ და კულტურის მოღვაწეებსა და დროებით ხელისუფლებასთან კონსულტაციებს დაჟინებით ითხოვენ თუნდაც იმისათვის, რომ მათ საგნობრივად გააცნონ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე სამინისტროში დაწყებული რეფორმები.
XS
SM
MD
LG