Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტისა და რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ


მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიწვევით განხორციელდა.

ეს ფაქტი თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ დიალოგში რუსეთისათვის ხანმოკლე პაუზაც კი მიუღებელია. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მომავალი კონტურები 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მოიხაზოს. ეს არის მთავარი პოსტულატი, რაზეც, პოლიტიკოსებთან ერთად, არც ჟურნალისტები დავობენ. თუმცა, ქართული პრესისგან განსხვავებით, რუსული პრესა საქართველოს მიმართ, ტრადიციულად, სუბიექტურია და არც დერჟავნიკულ ზრახვებს მალავს. რუსული პრესის დღევანდელ მიმოხილვას ინტერნეტგამოცემა "სტრანაში" გამოქვეყნებული ერთ-ერთი ამგვარი ინტერვიუთი დავიწყებთ.

"ბურჯანაძეს მოსკოვში თავისი რეჟიმის ლეგიტიმაცია სურს" - ამ სათაურით ინტერნეტგამოცემა "სტრანა" აქვეყნებს ინტერვიუს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის განყოფილების გამგესთან, მიხეილ ალექსანდროვთან. ინტერვიუში იგი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს და ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ნოემბრის ამბებში ჩარევით უხეში პოლიტიკური შეცდომა დაუშვა: მან, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა სახელმწიფო გადატრიალებას, რაც გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, ხელისუფლებაში რომ "ჩვენი ხალხი მოსულიყო", -ამბობს მიხაილ ალექსანდროვი, რომელიც წუხს, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებას პოლიტიკური მანევრირების საშუალება აღარ დარჩა. თუმცა იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, პირველ რიგში კი, ვლადიმირ პუტინს, გამოასწოროს ვითარება და საქართველოს დროებით და მომავალ ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებები გამონახოს. ალექსანდროვის ამ რიგის ერთ-ერთი რეცეპტი ასე ჟღერს: რუსეთის ხელისუფლებამ ბურჯანაძესთან უნდა დააფიქსიროს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, არჩევნები ფალსიფიცირებით ჩატარდება, მაგრამ რუსეთი იძულებულია არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.

სხვა მხრივ კი, რუსულ მხარეს საქართველოსთან პრეტენზიები არ ელევა, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ გაზეთ "ნეზავისიმაია გაზეტას"კორესპონდენტები ეთერ კაკაბაძე და ანატოლი გორდიენკო. საუბარი ეხება კვლავ პანკისის პრობლემას, რასთან დაკავშირებითაც , ჟურნალისტების აზრით, საქართველოს დროებითი ხელისუფლება თავს კარგად იცავს და არც ანტირუსულ რიტორიკას ერიდება. საგაზეთო პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ამ თვალსაზრისითაც კარგად მომზადებული ჩავიდა. კერძოდ, ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე მან საგანგებოდ მოინახულა პანკისის ხეობა, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნისა და ჩეჩნეთის მონაკვეთები და დარწმუნდა, რომ საზღვარი საიმედოდაა დაცული. "ქართულ-რუსული სუფთა ფურცელი "- ასე დასათაურდა სტატია, რომლის ავტორები აღიარებენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური ჩიხის პირობებში პუტინ-ბურჯანაძის შეხვედრების ფონი არაკეთილგანწყობილი იყო.

"შენელებული მოქმედების ვარდები"- ამ სახელწოდების პუბლიკაციის ავტორი, ინტერნეტგამოცემა "უტროს" კორესპონდენტი ანდრეი მილოვზოროვი ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრის თემას, შეიძლება ითქვას, ორიგინალურად გამოეხმაურა. მისი აზრით, ქართული ხავერდი, შესაძლოა, ძალზე მოდური გამოდგეს სრულიად დსთ-ს მასშტაბით. ამ ვერსიის საილუსტრაციოდ კი მოჰყავს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინსტიტუტის პროფესორის სტივენ ბლანკის გამონათქვამი:"ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის ხელშეწყობა მშვიდობიანი ხერხებით უზრუნველეყო.ეს გამოცდილება დსთ-ს ქვეყნებისთვის მაგალითად გამოდგება. დემოკრატიის ასეთი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დსთ-ს ნებისმიერი ქვეყანა - მათ შორის, რუსეთი - დემოკრატიის უკიდურეს დეფიციტს განიცდის." თავად ანდრეი მილოვზოროვი ვარდების რევოლუციის პოტენციურ კანდიდატებს შორის რუსეთს გამორიცხავს, თუმცა აღიარებს, რომ ბელორუსია და უკრაინა სახალხო მღელვარებისთვის ნამდვილად მომწიფდნენ.

საქართველოში ვარდების რევოლუციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს გამოცემა "ვრემია ნოვოსტეი". ინტერვიუში რუსეთისათვის არასასურველი პოლიტიკური ფიგურა მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პუტინ-ბურჯანაძის შეხვედრა ქვეყანათა ურთიერთობაში დათბობის მაუწყებელია. სააკაშვილი აქვე ადასტურებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს სწორედ მოსკოვში განახორციელებს. სააკაშვილი აცხადებს მზადყოფნას, რომ პუტინთან ერთად რუსეთ-საქართველოს ორთიერთობის ნორმალიზებისათვის თამამი და არაორდინარული გადაწყვეტილებები მიიღოს.

შეიძლება ითქვას, რომ 4 იანვრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს დროებითი პრეზიდენტის მოსკოვში მიწვევის ძირითადი მიზეზი სწორედ მიხეილ სააკაშვილის არაორდინარულობა, არაპროგნოზირებადობა და სიხისტე გახდა. გაზეთი "იზვესტია" საზოგადოებას შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე მოსკოვი თბილისს თავისი ქმედებებით აგრძნობინებდა, რომ ნებისმიერი სახის ოფიციალური მოლაპარაკება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართებოდა. თუმცა მოსკოვი არ დაელოდა მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური ხაზის გამოკვეთას და ინიციატივის ხელში აღებას თავად შეეცადა. ამ მცდელობების წარმატება-წარუმატებლობაზე რუსული ბეჭდური სიტყვის საშუალებები უკვე 26 დეკემბრის ნომრებში ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG