Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო პრემიების ახალი ლაურეატები


ტრადიციულად, საახალწლოდ საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო პრემიების

ახალი ლაურეატები გამოაცხადა. კომიტეტის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე აღარ მოიცადეს და 2003 წლის პრემიები, ნინო ბურჯანაძის ბრძანებულებით, გასცეს. ვის დაუჭირა მხარი სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა და ვინ დარჩა წელს პრემიის გარეშე?

სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრები მძიმე არჩევანის წინაშე იდგნენ: შემოქმედებითმა ორგანიზაციებმა ნომინანტები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს წარადგინეს, მაგრამ ლაურეატების გამოვლენა მაშინ მოხდა, როცა ქვეყანას ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა... თუმცა ნომინანტებს შორის იმდენად განსხვავებული სტილის და, რაც ამ შემთხვევაში, ალბათ, მთავარია, იმდენად განსხვავებული მრწამსის მწერლები, მხატვრები, არტისტები იყვნენ, რომ გამარჯვებულების გამოვლენა კომიტეტის წევრებს არ უნდა გასჭირვებოდათ. ასეც მოხდა: კომიტეტის მოღვაწეობის ისტორიაში პირველად, ლიტერატურის დარგში წარდგენილ ნომინანტთა სია საგრძნობლად "გაიცხრილა"... კომიტეტმა დაიწუნა მწერლების ლადო მრელაშვილისა და თამაზ კვაჭანტირაძის კანდიდატურები და პრემია გადასცა მხოლოდ თამაზ ჩხენკელს და თამაზ წივწივაძის მწერალთა კავშირიდან "განდგომილ" სოსო სიგუას. სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა "გაწირა" სოფიკო ჭიაურელი და გურანდა გაბუნიაც და პირველად თქვა უარი ქართველი თეატრალების დაჯილდოებაზე. თუმცა "თეატრის ნომინაცია" მაინც შეივსო: ლაურეატების წოდება მიენიჭათ ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელებს, აგრეთვე ნინო და ილიკო სუხიშვილებს. არანაკლებ რადიკალური აღმოჩნდა სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილება კინემატოგრაფიის დარგში: ახალ ლაურეატებს შორის ვეღარ ვხედავთ კინემატოგრაფისტებს, მათ შორის, რეჟისორ დიტო ცინცაძეს, რომელიც სახელმწიფო პრემიის რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. კომიტეტმა კვლავ პრემიის გარეშე დატოვა არქიტექტორთა კავშირის მიერ წარდგენილი კანდიდატები, თუმცა მხარი დაუჭირა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის კანდიდატურას, მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელს ქართულ მუსიკას კრიზისი აშკარად დაეტყო. სამაგიეროდ, სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინა ქართული ფოტოგრაფიის აღმავლობა და პრემიის გარეშე არ დატოვა ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია ფოტოალბომისთვის "საქართველო". "ახალი საქართველოს" "ძველმა კომიტეტმა" ცვლილებები შეიტანა დაჯილდოების რეგლამენტში და რუსთაველის სახელობის პრემიით აღნიშნა ჯორჯ ბალანჩინის შემოქმედება. ლაურეატის დიპლომსა და ოქროს მედალს ჯორჯ ბალანჩინის ფონდს გადასცემს შეერთებულ შტატებში საიუბილეო კონცერტზე მიწვეული სუხიშვილის ანსამბლი. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს პრემია "ქართულ და ამერიკულ კულტურათა თანამშრომლობისა და მომავალი მარადიული მეგობრობის" სიმბოლოა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG