Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ჰიმნი - სახელმწიფოს ხასიათი და ისტორია


საქართველოს მოქალაქეები მოკლებულნი იყვნენ სიამაყის გრძნობას,

რომელიც სახელმწიფო ჰიმნის აჟღერებას ახლავს ხოლმე. ბოლო ათ წელიწადზე მეტია ძველი ჰიმნი საქართველოს ახლანდელი სახელმწიფოს ჰიმნია და მის მოსმენას გულმაგარი ქართველი კაცებისთვისაც აუჩუყებია გული. ქართველები ამაყობენ თავიანთი ხალხური სიმღერებით და თითოეული მათგანი, თავისებურად, ქართული ჰიმნია, მაგრამ ჰიმნი, როგორც ასეთი, მაინც აქვს ამ ქვეყანას. ახლა დროშა შეცვლის გზას დაადგა; ალბათ, ასეთივე ბედი მოელის გერბს და, ბოლოს, ალბათ, ჰიმნსაც, რომელიც ყველაზე მეტად დაიჩაგრება, რადგან დროშის აფრიალება და მისი გათავისება იოლია, გერბსაც, ალბათ, შეეგუება კაცი, მაგრამ ჰიმნს დრო სჭირდება და, ალბათ, შემდეგი თაობა თუ მოახერხებს ის საკუთარ ჰიმნად მიიჩნიოს. დღეს "უხილავი ფარდის" მიზანია, ერთი- ორი უცხო, ასევე მეზობელი სახელმწიფოს, ჰიმნი მოგასმენინოთ და მოკლედ იმაზე გიამბოთ, თუ რას უმღერიან მათში მსოფლიოს ერები. თითოეული სახელმწიფოს ჰიმნი, მეტ-ნაკლებად, მის ისტორიას, ხასიათს თუ ბუნებას აირეკლავს. ამ მხრივ, ტიპიური და, ალბათ, ყველაზე ცნობილია რევოლუციური სიმღერა "მარსელიოზა"- საფრანგეთის რესპუბლიკის ჰიმნი, რომელსაც ფრანგები თავგამოდებით მღერიან აგერ უკვე ორას წელზე მეტია და რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს დამტკიცდა სახელმწიფო ჰიმნად [საფრანგეთის ჰიმნი].
უფრო დრამატული ისტორია აქვს იტალიელების ჰიმნს. ის იტალიის განმათავისუფლებლების დაწერილია და მასში იტალიის გამოღვიძებაზე, სამშობლოსთვის სიკვდილსა და გაერთიანებაზეა ლაპარაკი. აღსანიშნავი იტალიის ჰიმნთან დაკავშირებით ის არის, რომ მასში იტალიელებისა და პოლონელების განმათავისუფლებელ - შესაბამისად, ავსტრიისა და რუსეთის წინააღმდეგ - ბრძოლაში ურთიერთდახმარების გამოძახილიც არის. ლექსში, რომელიც განზრახ არქაული და დღევანდელი იტალიელისთვის უცხო ენით არის დაწერილი, ლაპარაკია იმაზე, რომ ავსტრიელმა და კაზაკმა - ალბათ, რუსი იგულისხმება - ერთად სვეს პოლონელისა და იტალიელის სისხლი, რომელმაც მათ გული ჩაუწვა. ავსტრიის არწივს, - იგულისხმება იმპერიის გერბზე გამოსახული ორთავიანი არწივი, - იტალიის ჰიმნის ავტორის თანახმად, ბუმბული გასცვივდა. მაშ, გავერთიანდეთ, იტალია გვეძახის, - მოუწოდებს ჰიმნი იტალიელებს [იტალიის ჰიმნი].
და კიდევ ერთი რამ იტალიის ჰიმნთან დაკავშირებით: ის მთავრობას და პარლამენტს საბოლოოდ არ მიუღია, ევროპის ამ მოწინავე ქვეყანას დღესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროებითი ჰიმნი აქვს. ევროპის სახელმწიფოთა შორის განსაკუთრებულია გერმანიის ჰიმნი, რომელიც მრავალ ჭირნახულად შეიძლება შევაფასოთ. ეს პატრიოტული ლექსი, რომელსაც ჰაიდნის მუსიკა მიუსადაგეს, ნაცისტების მიერ განსაკუთრებული გრძნობით იმღერებოდა. გერმანიის გაყოფის შემდეგ დასავლეთ ნაწილში სახელმწიფოს ჰიმნად დარჩა ეს "სიმღერა გერმანიაზე". საქმე ის არის მხოლოდ, რომ მისი მესამე სტროფი დაადგინეს ოფიციალურ ჰიმნად; პირველი ორი, სადაც ავტორის გადაჭარბებული პატრიოტული გრძნობები იყო გამოვლენილი, ჰიმნს ჩამოაშორეს [გერმანიის ჰიმნი]. გერმანელებზე არანაკლებ უყვართ სამშობლო შვეიცარიელებს. მაშინ, როცა გერმანელი თავის სიმღერაში გერმანელ ქალსა და გერმანულ ღვინოს უმღერის, შვეიცარიის შეფიცულთა ამხანაგობა სამშობლოს ბუნებას, მთებს, ნისლს, განათებულ ზეცას შესტრფის. ამასთან, ამ ჰიმნში ხაზგასმულია თავისუფალი შვეიცარიელების ღვთისმოშიშობა; მისამღერში ნათქვამია, რომ ღვთისმოშიში სული გრძნობს უფალს თავის სამშობლოში, ღმერთს, უფალს - თავის დიდებულ მამულში
[შვეიცარიის ჰიმნი]. შვეიცარიის ჰიმნი, შვეიცარიულ ფსალმუნად წოდებული, ამ ქვეყნის ყველა ენაზე არსებობს და ასევე იმღერება. სანამ ერთი-ორ განსაკუთრებულ ჰიმნს გაგაცნობდეთ, მეზობელი სომეხი ერის გულში ჩაგახედებთ, მისი ჰიმნის გზით. ჯერ ამ ჰიმნის ფრაგმენტს მოუსმინეთ:
[სომხეთის ჰიმნი] "მამათა ქვეყანა, თავისუფალი და დამოუკიდებელი, მისი ვაჟებისა და ქალიშვილების მიერ გამოცხადდა თავისუფალ სომხეთად," - მღერიან ქართველთა სამხრეთელი მეზობლები. ჰიმნში დროშაზეც არის ლაპარაკი, დროშაზე, რომელიც, როგორც ავტორი ამბობს, ცრემლებშია ამოვლებული და უძილო ღამეების დროს საკუთარი ხელით მოქსოვილი. დროშის სამი ფერი კი ერთი სიმბოლოა. სომხეთი უმღერის ასევე მას, ვინც სამშობლოს თავისუფლებას სიცოცხლეს შესწირავს.
ახლა შორს, აღმოსავლეთში გადაგიყვანთ - იაპონიის ჰიმნს მოგასმენინებთ, რომელიც თავისი შინაარსით ორიგინალურია. მისი სრული ტექსტი, რომელიც უფლისადმი მიმართვას წარმოადგენს, განსაკუთრებული შინაარსისაა: "დაე, ათასწლოვანი ბედნიერი მეუფება ყოფილიყოს შენი. იბატონე, უფალო, სანამ ახლა პატარა კენჭები დიდ და მძლავრ კლდეებად არ გაერთიანდება და სანამ ამ კლდეებს ხავსი არ დაფარავს" [იაპონის ჰიმნი].
დაბოლოს, მოგასმენინებთ ისრაელის ჰიმნს, მე რომ მკითხოთ, განსაკუთრებული სილამაზისას. "სანამ ებრაელს თვალი აქვს სიონისკენ მიპყრობილი, იმედი არ მოკვდება, ორი ათასწლიანი იმედი იმისა, რომ თავისუფალი ხალხი ვიქნებით ჩვენს ქვეყანაში, სიონის მთისა და იერუსალიმის ქვეყანაში" - ასე უგალობენ თავიანთ იმედს ებრაელები [ისრაელის ჰიმნი].
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG