Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრიწყაროში გრიპის უცნობი ვირუსის გამოჩენა არ დასტურდება


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტი და თეთრიწყაროს რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კატეგორიულად უარყოფენ

საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას თეთრიწყაროში გრიპის უცნობი ვირუსის გამოჩენის შესახებ. ქალაქ თეთრიწყაროში ამ დროისათვის, მართლაც, არსებობს საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ოფიციალური წყაროებით, ეს მდგომარეობა გრიპის სეზონური განვითარების პიკურ ფაზას უკავშირდება და არა ატიპიური ვირუსის აღმოჩენას. 29 იანვრის მონაცემებით, თეთრიწყაროში გრიპითა და მწვავე რესპირატორული სიმპტომით 240 ადამიანია დაავადებული, მათ შორის, სამოცდაშვიდი ბავშვი. გრიპის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, 2 კვირით კარანტინია გამოცხადებული ქალაქის საშუალო სკოლებში. ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ სხვა საბიუჯეტო დაწესებულებები, მათ შორის, საბავშვო ბაღები.

საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქალაქ თეთრიწყაროში გასული წლის ზამთარსაც გამოცხადდა - სკოლები გასულ წელსაც დაიხურა, მაგრამ ამას პანიკა არ გამოუწვევია. წლევანდელი კარანტინის რეზონანსი, ძირითადად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დამსახურებაა. გავრცელებული ინფორმაციით, გრიპი ტიპიური სიმპტომებით, მაღალი სიცხითა და სახსრების ტკივილით მიმდინარეობს, თუმცა არის თავისებურებაც: გრიპი და სიცხე მედიკამენტოზურ ჩარევას არ ექვემდებარება. აქედან გაკეთდა დასკვნა უცხო ვირუსის ალბათობაზე. შეგახსენებთ, რომ ეს არის მასმედიის ზოგიერთი საშუალების ვერსია, რომელსაც კატეგორიულად უპირისპირდებიან ჯანდაცვის სისტემის მუშაკები.

[ჭაბუკა იოსელიანის ხმა] "არა, არა, არავითარი. ზოგჯერ მიდის მაღალი სიცხეებით, ზოგჯერ ჩვეულებრივი სიმძიმით, საშუალოდ. ფილტვების ანთებითაც კი არის ზოგჯერ, პნევმონიას რომ ვეძახით, მარა აქ მძიმე მდგომარეობა და, არიქა, სტაციონარში დასაწვენია და ის, ასეთი რაღაცა არ არის. ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ."(სტილი დაცულია)

თეწთრიწყაროს სკოლებში ორკვირიანი კარანტინის გამოცხადების წინადადებით შესაბამისი სტრუქტურების წინაშე რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ჭაბუკა იოსელიანი წარდგა. ინიციატივას მხარდაჭერა რაიონის ადმინისტრაციამ ფინანსურადაც აღმოუჩინა: ავადმყოფთა პირველადი დახმარებისათვის გამოიყო 800 ლარი, რომელიც, სავარაუდოდ, სავსებით საკმარისი იქნება მკურნალობისათვის. ექიმთა მობილური ჯგუფები, მათ შორის, დედაქალაქიდან ჩასული ექიმები, კარდაკარ შემოვლის წესით, აკვირდებიან თავად ვირუსს და ავადმყოფებს. ჯერჯერობით 240-ვე დაავადებული ბინაზე მკურნალობს. ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა. ეს კიდევ ერთი არგუმენტია ექიმებისთვის იმის სათქმელად, რომ ცნობილი შტამის გრიპთან გვაქვს საქმე და ვირუსში ატიპიური არაფერია.

[პაატა იმნაძის ხმა] "არაფერი არ ხდება. რაც უნდა ხდებოდეს ზამთარში, ის ხდება. არის მწვავე რესპირატორული დაავადებების და გრიპის შემთხვევები, ძირითადად, სასკოლო ასაკში, რაც პორგნოზირებული იყო ჯერ კიდევ შემოდგომაზე, რომ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში საქართველოში გვექნებოდა მატება. და იმის გამო, რომ სკოლაში უკვე 30 პროცენტი თითქმის ბავშვებისა ავად იყო, შეწყდა სწავლება, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა."

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე განმარტავს, ქალაქი თეთრიწყარო ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვთა შორის ვირუსის გავრცელების ტემპების გამო სასწავლო პროცესის შეჩერება გახდა საჭირო. რაც შეეხება დედაქალაქს, ოფიციალური სტატისტიკით, გრიპითა და მწვავე რესპირატორული დიაგნოზით მხოლოდ 400 ადამიანია ავად, რაც ზამთრის სეზონის ამ მონაკვეთისთვის ზღვრულ რაოდენობად ითვლება.
XS
SM
MD
LG