Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მიმავალი ქართველი ჯარისკაცების მისია


ერაყში, სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების

შემადგენლობაში, ქართული სამხედრო ასეულის მოქმედების გამო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთი ქათინაური მოისმინა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს. ნიშანდობლივია, რომ საომარი მოქმედების წლისთავზე საქართველოდან ერაყში თითქმის გაორმაგებული, 215 კაციანი, ქვედანაყოფი ჩავა, რომელიც იქ პირველ სამშვიდობო ასეულს ჩაანაცვლებს. ამერიკელების სპეციალური სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ქართული შენაერთის წასაყვანად, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში ჩამოფრინდება. ამჯერად სამშვიდობო ესტაფეტას ერაყში თავად ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის მებრძოლები მიიღებენ.

[ფიცის ტექსტი] "ყველგან და ყოველთვის, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მტიცედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მის უსაფრთხოებასა და მთლიანობას, ვიქნებით შეურიგებელნი მტრისადმი, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით მეომრის მაღალ ღირსებას."

ეს სიტყვები პროფესიონალი ჯარისკაცების, ე.წ. ქართველი "კომანდოსების", სამხედრო ფიცის ტექსტიდანაა. იგი ძალიან მარტივია შინაარსობრივად და იოლი - წარმოსათქმელად, მაგრამ საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის 450 მებრძოლს ურთულესი სამი თვის გავლა მოუხდა იმისათვის, რომ მოეპოვებინა ამ სიტყვების წარმოთქმის უფლება მთელი ქვეყნის წინაშე. 40 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი საზღვაო ქვეითი ძალებიდან 2003 წლის თებერვლიდან, მაისის ჩათვლით, ნებისმიერი ამინდის პირობებში, ინტენსიურად ავარჯიშებდა ქართველ სამხედროებს.

მაშინ ამერიკელი ინქტრუქტორების მეთაური, მაიორი სკოტ კემპბელი რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქართველ სამხედროებს დისციპლინებულ და თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანებს უწოდებდა.

[სკოტ კემპბელის ხმა] "რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, ეს თვალსაჩინო წესრიგზე მეტყველებს და ძალიან ჰგავს ჩვენი საზღვაო ქვეითების ტრადიციას. განსაცვიფრებელია ეს შემართება, განსაცვიფრებელია ეს შრომისმოყვარეობა. და მე ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული პროგრამა იქნება. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ფაქტი, რომ ქართველი სამხედროები ძალიან დისციპლინებული ჯარისკაცები არიან."

აღსანიშნავია, რომ სწორედ მაშინ, როცა ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ სამხედროებს წვრთნიდნენ, ერაყში "მდგრადი თავისუფლების" სახელით ცნობილი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. იმხანად ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ სწორედ მე-16 სამთო ბატალიონზე შეჩერდებოდა არჩევანი - კოალიციის მებრძოლებთან ერთად დაეცვა საერთაშორისო მშვიდობა ერაყში. თუმცა სერჟანტი სოფრომაძე ახლაც იმასვე ფიქრობს, რასაც ფიქრობდა ერთი წლის წინ - სამი თვის მანძილზე ექსტრემალურ პირობებში გავლილი სპეციალური მომზადების შემდეგ მას და მის მებრძოლებს უკვე არავითარი სიძნელისა აღარ ეშინიათ.

[გოგიტა სოფრომაძის ხმა] "არ ვიცი, არა მგონია. ჩვენ ისეთი სირთულეები გამოვიარეთ ამ პერიოდში, რომ ასეთი სირთულე აღარ შეგვხვდება. წინასწარ ნამეტანი გავიჭირვეთ ჩვენ, რომ მერე აღარაფერი ყოფილიყო ჩვენთვის გასაკვირი და რაღაცა უცნაური. სიცივეც, სისველეც... ახლა ამ აღჭურვილობით, არ ვიცი... ჩვენ რაც გამოვიარეთ, ოთხ იმდენს კიდევ გავივლით." [სტილი დაცულია]

გვარდიის საჩხერის ბატალიონს, რომელსაც, სამხედრო კლასიფიკაციით, ახლა მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონი ეწოდება, თავისი არსებობის განმავლობაში არაერთი რთული სამხედრო ამოცანის შესრულება მოუხდა.

14 წლის წინ სწორედ დასავლეთ საქართველოს ამ პატარა ქალაქში დაიწყო ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ქართული საჯარისო ნაწილის - ეროვნული გვარდიის - ჩამოყალიბება. ამ საქმიანობას იმხანად ეროვნული მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ბესიკ ქუთათელაძე ხელმძღავნელობდა. გვარდიის საჩხერის ბატალიონი ეხმარებოდა 1991 წლის აპრილის მიწისძვრისგან დაზარალებულ საჩხერის მოსახლეობას, იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ცხინვალსა და აფხაზეთში, იცავდა კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სამოქალაქო ომის დროს.

[ბრძოლის ხმა]

საჩხერის გვარდიული ბატალიონის პირველი მეთაური გენერალი ბესიკ ქუთათელაძე 1993 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. მას შემდეგ ქვედანაყოფს მისი ძმა, პოლკოვნიკი სოსო ქუთათელაძე მეთაურობდა, რომელიც, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ერთი კვირის წინ საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად დაინიშნა.

ერთი წლის წინ, ქართულ-ამერიკულ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილეობის გამო, 14 წლიანი ისტორიის მქონე ქვედანაყოფი მნიშვნელოვნად გადახალისდა ახალგაზრდა ქართველი ოფიცრებითა და რეზერვისტებით, რომლებმაც პირველი საბრძოლო ნათლობა სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მიიღეს. მარტის პირველ რიცხვებში კი ამავე ბატალიონის 150 სამხედრო მოსამსახურე ერაყში მიემგზავრება იმავე თვითმფრინავით, რომელიც სამშობლოში პირველ სამშვიდობო ქართულ ასეულს დააბრუნებს. მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის ოცმეთაურის ლეიტენანტ ლაშა ამყოლაძის თქმით, ერაყში მიმავალ ქართველ ჯარისკაცებს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი მისია:

[ლაშა ამყოლაძის ხმა] "ჩვენი ქვედანაყოფი პირველია, რომელიც ასეთი დიდი რაოდენობით მიემგზავრება ერაყში. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ავამაღლოთ ქართული არმიის პრესტიჟი მსოფლიოს თვალში. რაც შეეხება განწყობას,ის დამაკმაყოფილებელია, რადგან ქვედანაყოფს მიჰყვებიან გამოცდილი მებრძოლები, რომლებსაც გამოვლილი აქვთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენს გვერდით გამოცდილი მებრძოლების ყოფნა სტიმულის მომცემია და, აქედან გამომდინარე, შემართება არის კარგი."
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG